"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

კრემლის კულინარიული აკვარიუმი

კრემლის კულინარიული აკვარიუმი

კარგად მახსოვს, პერესტროიკის გარიჟრაჟზე (1985 წ.) გამოსულმა წიგნმა “აკვარიუმი” დიდი ფურორი მოახდინა მსოფლიოში.

ეს იყო ავტობიოგრაფიული შპიონური ჟანრის ნაწარმოები, რომელსაც მოგვითხრობდა ვინმე ვიქტორ სუვოროვი, ერთ დროს ტანკისტი, მერე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამართველოს, იგივე გრუ-ს ოფიცერი, რომელიც ბოლობოლო გარბის დიდ ბრიტანეთში (ეტყობა ამ გრუშნიკების და რუსი ოლიგარქებისთვის ყველა გზა რომში კი არა, ნისლიან ალბიონზე მიდის. სკრიპალების მოწამვლამდე ნაღდად მიდიოდა ყოველ შემთხვევაში). კაგებე ხო იყო საშიში საიდუმლო (საბჭოთა ესეს-ი) ორგანიზაცია, მაგრამ ეს გრუ კიდევ უფრო სასტიკ და საშინელ მონსტრად გაგვაცნო მაშინ გადარჩენილმა გაქცეულმა გრუშნიკმა სუვოროვმა.

გავიდა ათწლეულები. შეიცვალა მსოფლიო. შეიცვალა ბრძოლის წესებიც. სპეც.სამსახურებს ჰქონდათ გამარჯვებებიც და დამარცხებებიც. არც გრუ იყო გამონაკლისი. არა, შტაბ-ბინაც და აკვარიუმიც იგივე მისამართზე დარჩა (მახსოვს, გითხარით, ერთ-ერთ ჩავარდნილ გრუშნიკს ტაქსის ქვითარი რომ ამოუღეს, აეროპორტში წასასვლელად ტაქსი გრუ-ს ჰედქუოთერის მისამართზე ჰყავდა გამოძახებული); უბრალოდ, ჩავარდნებმა ძალიან იმატა. სოლსბერის საკათედრო ტაძრის დასათვარიელებლად წასული “შეყვარებული” გაშიფრული გრუშნიკები ხო გახსოვთ. აგერ, მონტენეგროს გადატრიალების მცდელობაში მონაწილე მეორე გრუშნიკის იდენტიფიცირებაც მოახდინა დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა საგამოძიებო ორგანიზაცია “ბელინგქეთმა”. ჟურნალისტის საფარქვეშ მომუშავე ვლადიმერ პოპოვი სინამდვილეში გრუს ოფიცერი ვლადიმერ მოისეევი აღმოჩნდა. არ გაინტერესებთ, როგორ დადგინდა? ავტოსაგზაო დარღვევებისთვის ჯარიმები ჰქონდა ტიპს. მანქანა ორი იყო, გვარიც ორი იყო, აი მობილურის ნომერი კი ერთი და ისიც გრუ-ს ოფიცრის, ვლადიმერ მოისეევის გვარზე რეგისტრირებული. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. იაღლიში იაღლიშს მიჰყვა, სიბრიყვეს სიბრიყვე და…. გრუს უმფროსობა ერთი მეორეს მოუსავლეთში. ჯერ იყო და 2016 წელს იპოვეს გენერალი სერგუნი კაბინეტში “დაძინებული”. ახლა ვიცე-ადმირალი კორობოვი, “ხანგრძლივი ავადმყოფობის” შემდეგ გაუყვა უკანასკნელ გზას.

მოკლედ, ძალიან სახიფათო შეიქნა ამ გრუ-ში აკალანჩიკობაც და ბოდიში და “ნაჩალნიკობაც”. დაილოცოს შეფ-პოვრობა. აგერ ძმაო ევგენი, მოფერებით ალბათ ჟენია პრიგოჟინი. გაჩნდა კაცი ლენინგრადში, დაუმეგობრდა საჭირო ხალხს, ჩაება ვლაძიმირ ვლაძიმიროვიჩს და ა ბატონო, კიდეც დაარსა პურმარილებით გამასპინძლების კანტორა  “კონკორდ ქეთერინგ” და კიდეც შეუბერა. ისე წესით, გემრიელობების შექმნის ბიზნესში ვინც არის, ის კანტორას კი არა კულინარიუმებს უნდა ქმნიდეს (მაგალითად, ჩვენი არაჩვეულებრივი თეკუნა გაჩეჩილაძე, ანდა კიდევ თავად უგემრიელესი ქეთი ბაქრაძე, სასწაულებს სჩადიან. გადარიეს მსოფლიო), მაგრამ ჯეიმს ბონდების ავან-ჩავანი ვინც იცის, დამეთანხმება, სიტყვა “კანტორა” მაინც უფრო  მიესადაგება იმ ტიპის საქმიანობას, რასაც პოვარი ჟენია ეწევა. მოკლედ, შეუბერა, მარა რა შეუბერა კრემლის მთავარმა პოვარმა. კანტორა გააფართოვა და გაამრავალფეროვნა, უფრო სწორად კი გაამრავალპროფილურა. ჯერ იყო და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” შექმნა. სად აღარ “გამოიჩინეს” მაგისმა ბიჭებმა თავი – ჯერ უკრაინაში იყვნენ (მაგათი სისხლი გაშრა. დიდება უკრაინის გმირებს!), მერე სირიაში ამოყვეს თავი. ამოყვეს და კიდეც მოხვდათ ამერიკელებისგან. 400 კაცი მარტო ერთ ბრძოლაში დატოვეს. ახლაც კარგავენ ხალხს პანტაპუნტით სირიაში, მაგრამ ამ მიმართულებით საქმეები ეტყობა მაინც კარგად მისდის შეფ პოვარ ჟენიას. არც ჩერდება და გეოგრაფიასაც მაგრად იფართოვებს. ახლო აღმოსავლეთიდან მისი კვალი უკვე  აფრიკის 10 ქვეყანაში მაინც იკვეთება. კვალი კი არა, აგერ სულ ცოტა ხნის წინ ლიბიის მმართველი, მარშალი ხალიფა ჰაფტარი სტუმრობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს. ვინ აღმოჩნდა ამ შეხვედრაზე? დიახ, ჩემო მკითხველო, შეფ პოვარი ჟენია პრიგოჟინი. მოკლედ, სადაც სისხლისღვრაა, სადაც ნავთია, სადაც პლატინაა, სადაც ალმასები და ბრილიანტებია, ის კი არა და, სადაც ვანილია უხვად, იქაც ყველგან ჟენიაა. ლიბია, კონგო, ზიმბაბვე, მადაგასკარი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ყველგან “ვაგნერის” ბიჭები მუშაობენ კონსულტანტებად. 2019 წელს რუსეთ-აფრიკის სამიტი უნდა გაიმართოს და ნიადაგს ამზადებენ ბიჭები. სულ მინდოდა აფრიკაში მუშაობაც და მოგზაურობაც. ამათმა რო არ მოთხვარონ ყველგან ყველაფერი, ისე ხო არ იქნება. 

არც თანამედროვე ტექნოლოგიებთან და კომუნიკაციის საშუალებებთან უნდა იყოს ჟენია პოვარი მწყრალად. ისეთი “ტროლების ფაბრიკა” გამართა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი ჩაერიენ და აურიეს ხალხს ტვინი და გონება. აბაა, მასშტაბიც ეგეთი უნდა. ბოლობოლო კი გამოამჟღავნეს, ეჭვმიტანილი დასაკითხების  და სანქცირებულთა სიაშიც კი შეიყვანა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა თავად ჟენია პოვარიც და მისი “კონკორდ ქეთერინგიც”, მაგრამ ჩარევა ხო მოახერხეს. უქმად და გულხელდაკრეფილი არც ახლა სხედან ალბათ. დაძრწიან ევროპებში და ამღვრევენ იქაც წყალს.

“ტროლების ფაბრიკა” ტერაბაიტებში და ტექნოლოგიებში შეფუთულ/შემალული კანტორაა. ღიად სამუშაოდ კი ჟენია პოვარს ახალი ამბების ფედერალური სააგენტო (ФАН) აქვს ამოქოქილი და არის დაკავებული ტყუილების, ფეიკების და დეზინფორმაციის ფაბრიკაცია-დისტრიბუციით.  

ისე რა სახიფათო შეკმაზვაა – შეფ-მზარეული, კრემლი, იარაღით ვაჭრობა, კიბერ ომები, დეზინფორმაცია – ნაღდი ჯოჯოხეთური მიქსია. აკი გითხარით, სამზარეულო საქმეებში დახელოვნებული კაცი კულინარიუმებს უნდა ჰქმნიდესთქო. წესით, მიშლინის ვარსკვლავის მოპოვებაზე უნდა ოცნებობდეს, მაგრამ კრემლის კულინარიულ აკვარიუმს თავისი სამზარეულოს წესები აქვს. სისხლი ნახა? ჟენია პოვარი მიუშვი, შეჭამს. მაგათ დიდი ფული აქვთ, მაგრამ პენსია არ აქვთ – ვერ აღწევენ ასაკამდე. მაგათ საოცნებო ვარსკვლავიც განსხვავებული აქვთ. წითელი ვარსკვლავის ორდენი – აი უმაღლესი მწვერვალი. თუნდაც სიკვდილის მერე, მაგრამ მაინც უძვირფასესი. ასეთია კრემლის კულინარიული აკვარიუმი – სასტიკი და დაუნდობელი, ბოლოს არც გენერალი იცის, არც პოვარი და არც თავად კრემლის საჭეთმპყრობელი.          

გააზიარე