ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

კრიზისების გადადინების ეფექტები და საქართველო

კრიზისების გადადინების ეფექტები და საქართველო

(ავტორი: რევაზ გერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა).

საქართველოს მსგავსი მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. რეგიონში მსიყდველობითი უნარის დაცემას, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის ეკონომიკის შესუსტებასა და დოლარის კურსის გლობალურ გამყარებას მნიშვნელოვანი უარყოფითი გადადინების ეფექტი ჰქონდა საქართველოს ეკონომიკაზე. აღნიშნული ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ექსპორტის მკვეთრ ვარდნაში,  ფულადი გადმორიცხვების მოცულობის შემცირებასა და ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებაში გამოიხატა. 

ფულადი გზავნილების მოცულობის კლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა, რაც ეკონომიკური აქტივობის შენელების პროცესს აძლიერებს.  საქართველოში განხორციელებული გადმორიცხვების მოცულობამ 2014 წლიდან კლება დაიწყო, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა 2015 წელს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 438 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 23%-ით (132 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა.

2015 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით ფულადი გზავნილების შემცირების მაჩვენებლიდან 91% რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული ფულადი ნაკადების შემცირებაზე მოდის. 2015 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 120 მლნ აშშ დოლარით (42%-ით) ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. რუსეთის ხვედრითი წილი 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაში 37%-ს შეადგენს, რაც 12.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იგივე პერიოდში საბერძნეთიდან გადმორიცხვების მოცულობა 15 მლნ აშშ დოლარით (18%), უკრაინიდან 6 მლნ აშშ დოლარით (41%), ხოლო იტალიიდან 6 მლნ აშშ დოლარით (12%) არის შემცირებული.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2015 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ 25%-იანი კლება განიცადა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ოთხ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა ექსპორტის მოცულობის შემცირებით.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან კრიზისების უარყოფითი გადადინების ეფექტები მნიშვნელოვნად აზარალებს ქართულ ექსპორტს და ფულადი გზავნილების მოცულობას. მოგეხსენებათ, საბერძნეთმა ვერ მოახერხა საერთაშრისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის გეგმიური დავალიანების გასტუმრება, რასაც მოჰყვა ქვეყანაში სავალო კრიზისის გაღრმავება. საბერძნეთში არსებული კრიზისული მდგომარეობა საქართველოში ამ ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვების მომავალ კლებას გამოიწვევს. გზავნილების მოცულობის შემცირება მნიშვნელოვნად აზარალებს ქართულ ეკონომიკას. ეს განსაკუთრებით საგრძნობია უარყოფითი საგადასახდელო ბალანსისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე.

განხილულმა ორმა ფაქტორმა, ინვესტიციების მოცულობის შემცირებასთან ერთად მნიშვნელოვნად წაახალისა საქართველოში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დაცემა, რომელიც არსებული მდგომარეობით გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 28%-ით არის გაუფასურებული.

მაისის თვის „რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის“ დოკუმენტში მოცემულია საერთაშრისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის მომავალი შესუსტება, რაც განპირობებული იქნება მომხმარებლების დაბალი მსყიდველობითუნარიანობით, რუსეთიდან უარყოფითი გადადინების ეფექტებით და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. ეს უკანასკნელი უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოზე, როგორც საერთაშორისო ფინანსური ბაზრის მსესხებელზე. დამატებით, რეგიონში ეროვნული ვალუტების კურსების გაუფასურების ფონზე გაიზრდება ინფლაციური წნეხი.

საქართველოსთვის, ასეთ ვითარებაში, მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის გამყარება და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მაქსიმალურად გამოყენება, რაც ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას და ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას. 

გააზიარე