"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."
ლარის იდენტობა: რუსეთის ეკონომიკის გავლენა და ეროვნული ვალუტა, რომელიც სტაბილურად უფასურდება
საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2005 წლამდე რუსეთი წარმოადგენდა საქართველოს მთავარ პარტნიორს სავაჭრო სფეროში და საქართველოს ექსპორტის დაახლოებით 18% სწორედ რუსეთის ბაზარზე მოდიოდა, რაც ქვეყანას უკიდურესად დამოკიდებულს და მგრძნობიარეს ხდიდა, როგორც რუსეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ისე უშუალოდ რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზეც. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა სიტუაცია შეცვალა, 2014 წლის მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი. ამავე წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ექსპორტის 19%-ი აზერბაიჯანზე მოდის, 10% სომხეთზე და დაახლოებით 9.5% რუსეთზე. PMSG-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე დაყრდნობით, 2014 წელს, 2005-თან შედარებით ქვეყნების რიცხვი, სადაც ხორციელდება ქართული პროდუქციის ექსპორტი 94-დან გაიზარდა 120-მდე. საგრძნობლად შემცირდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების და ასევე სხვა სახის პროდუქციის საექსპორტო წილი რუსეთში 2005 წელთან შედარებით. ანუ სახეზე გვაქვს დივერსიფიკაციის და რისკების გადანაწილების ნათელი მაგალითი. მოცემულ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ბოლო პერიოდში საქართველო ისეთი დამოკიდებული აღარაა რუსეთზე, როგორც იყო 2005 წელს, თუმცა როგორც ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, მოცემული დამოკიდებულების შემცირება არასაკმარისია, ატარებს ფორმალურ ხასიათს და საბოლოო ჯამში ვერ ცვლის მთლიან სურათს. მოცემული დამოკიდებულებას შესაძლოა ადვილად გავადევნოთ თვალი ლარის კურსის მერყეობის მაგალითზე.
რუსული ინტერნეტ გამოცემა „Новые известия“ Bloomberg-ის ანგარიშზე დაყრდნობით ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში წერდა, რომ 2015 წელი ყველაზე ცუდად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეროვნულმა ვალუტებმა დაიწყეს, რომლებშიც იგულისხმებოდა უკრაინული გრივნა, ბელორუსული რუბლი, ქართული ლარი, მოლდოვური ლე და ასევე აზერბაიჯანული მანათი. მოცემული ინტერნეტ გამოცემა განაგრძობს აღნიშნულ თემას და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვალუტების ვარდნის მიზეზები მოცემულ ქვეყნებში შესაძლებელია განსხვავდებოდეს, მათ მაინც აერთიანებთ ერთი საერთო ფაქტორი – ეკონომიკური კრიზისი რუსეთში და რუსულ რუბლზე მოცემული ვალუტების კრიტიკული დამოკიდებულება.
არსებობს მოსაზრება, რომელიც საქართველოში ვალუტის კურსის მკვეთრ ვარდნას უკრაინაში არსებულ კრიზისს და უკრაინაში ექსპორტის ორჯერ შემცირებით ხსნის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არ შედის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ტოპ სამეულში და შესაბამისად უკრაინული ექსპორტის ვარდნა არ უნდა იყოს ქართული ლარის მსგავსი ვარდნის განმაპირობებელი. რეალობასთან უფრო ახლოსაა იმის დაშვება, რომ ქართული ეკონომიკა, ისევე როგორც უკრაინის, ბელორუსიის, სომხეთის, ყაზახეთის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკები ჯერ კიდევ ძლიერ არიან დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე და ადვილად ხდება მიმდინარე უარყოფითი მოვლენების ექსპორტი მოცემული ქვეყნების ეკონომიკებში.
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ნათლად ასახავს მიმდინარე პროცესების იდენტობას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში. ანალიზისთვის აღებულია 2015 წლის აგვისტოს თვის დღიური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გვიჩვენებს ბარელი ნავთობის ღირებულებას აშშ დოლარში, ერთი აშშ დოლარის მიმართებას რუსული რუბლისა და ქართული ლარისადმი. როგორც დიაგრამიდან ჩანს ბარელი ნავთობის ფასის ვარდნამ 24-26 აგვისტოში გამოიწვია რუსული რუბლის მკვეთრი ნახტომი გაუფასურებისკენ, რომელმაც პიკს მიაღწია 26 აგვისტოს და შეადგინა 69.95 რუბლი ერთ დოლარზე. იდენტური სცენარით წარიმართა ლარის დინამიკაც მოცემული პერიოდისთვის, აგვისტოს თვეში ლარის უკიდურესი ვარდნაც ზუსტად 26 აგვისტოს ემთხვევა და უტოლდება 2.42 ლარს ერთ დოლარზე. გამოდის, რომ ლარიც და რუსული რუბლიც იდენტურად რეაგირებდნენ მოცემული პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასის ცვლილებებზე.
შეგვიძლია დავუშვათ, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ გამოიწვია დოლარის მკვეთრი გამყარება და შესაბამისად ლარის და რუსული რუბლის ვარდნა, თუმცა თუ განვიხილავთ ზემოთნახსენებ სცენარს ევროსთან მიმართებაში, დინამიკა აღმოჩნდება იდენტური.
გამოდის, რომ საქართველოს ეკონომიკა “ჩამოკიდებულია” რუსეთის ეკონომიკაზე და ყველა ის ნეგატიური პროცესი, რომელიც ვითარდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში პირდაპირპროპორციულ ასახვას ჰპოვებს ჩვენთანაც. შესაბამისად, ის ბენეფიტების ნაცვლად, რომლებიც უნდა მიეღო საქართველოს მსოფლიო ბაზარზე საწვავის მკვეთრი შემცირების ფონზე და გამოეყენებინა ეკონომიკური ზრდისთვის, რუსეთის ეკონომიკაზე ძლიერი დამოკიდებულების გამო მოხდა ამ სარგებლის არა მარტო განეიტრალება, არამედ ინფლაციური და კრიზისული პროცესების გადმოღებაც რუსული ეკონომიკიდან.
განხილული ქეისი, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ რატომ უნდა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის მაქსიმალური დივერსიფიკაცია, სასწრაფო ჩამოშორება რუსეთის ეკონომიკისგან და მისი ინტეგრაცია ევროზონაში.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 23, 2018
- on აგვისტო 17, 2017
- on დეკემბერი 7, 2016
- on ნოემბერი 2, 2016
- on ოქტომბერი 11, 2016
- on სექტემბერი 22, 2016
- on სექტემბერი 20, 2016
- on სექტემბერი 13, 2016