"ვარ კომპანია LABTECH GEORGIA-ს დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი. პროფესიით ბიოლოგი. მიყვარს იარაღი, სპორტული მანქანები და აქტიური დასვენება".

ლეგენდარული SHELBY AC. COBRA–ს ისტორია

ლეგენდარული SHELBY AC. COBRA–ს ისტორია

მის გამოჩენას ყველგან განსაკუთრებული არომატი და ჟღერადობა სდევს. მრბოლელის ბენზინის სუნში არეული ადრენალინი, ტესტესტერონი, აღგზნებული გოგონების ეგსტროგენები მისი საქშენებიდან აფეთქებულ ტემბრში ირევა და ირგვლივ გარემოს ემოციებითა და მძაფრი შეგრძნებებით ავსებს. მისი დაკუნთული და ამავე დროს ინგლისური სიკოხტავით დახვეწილი ძარის ფორმები გულგრილს არავის ტოვებს. მისი კოკპიტი არ არის 100 წლოვანი კაკლის ფესვის გრეხილი ფაქტურით მორთული, არც მისი ღილაკები და ბერკეტებია ვერცხლში ჩასმული სპილოს ძვლისაგან დამზადებული. პირიქით ის მაქსმიმალურად ასკეტური და მშრალია. მისი სილამაზე მისი ფორმები და სიმძლავრეა. ის ხომ ლეგენდარული SHELBY AC. COBRA-ა და ეს წარმატებისათვის საკმარისზე მეტია.

COBRA-ს ისტორია ნისლიან ალბიონზე 1961 წელს AC CARS-ის სტუდიაში დაიწყო. იმ დროისათვის AC CARS მცირესერიულად მსუბუქ სპორტულ ავტომიბილებს უშვებდა BRISTOL-ის მწკრივრიგიანი 6 ცილინდრიანი ძრავებით. BRISTOL-ის ეს ძრავები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე BMW-ს მიერ იყო შემუშავებული და 60-იანი წლების დასაწყისისათვის მოძველებულად ითვლებოდა. BRISTOL-მა შეაჩერა ამ ძრავების წარმოება და მათ ნაცვლად თავის მანქანებში 2.6 ლიტრიანი Ford Zephyr-ის ძრავების ჩადგმა დაიწყო. ამ ფაქტმა ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენა AC CARS, რის გამოც მათ ახალ ძრავზე დაიწყეს ფიქრი. კომპანიისათვის ამ რთულ პერიოდს ემთხვევა ცნობილი ამერიკელი მრბოლელის, ქეროლ შელბის 1961 წლის სექტემბერში გამოგზავნილი წერილი წინადადებით AC CARS-თან ერთად შეექმნათ ახალი სპორტქარი მძლავრი V8 ტიპის ძრავით. შეთანხმება შედგა და უკვე იანვარში AC CARS-ა შექმნა პროტოტიპი შასის ნომრით CSX0001. პროტოტიპის გამოსაცდელად დააყენეს Ford Windsor 221 V8 ძრავა. პირველი გამოცდების შემდეგ პროტოტიპს ძრავა მოხსნეს და უკვე 1962 წლის 2 თბერვალს საჰაერო გზით გაუგზავნეს შელბის ლოს ანჟელესში. პროტოტიპის მიღებიდან 8 საათში შელბიმ და მისმა გუნდმა მანქანა ააწყვეს ახალი ძრავითა და ტრანსმისიით შემდგომი სავალი გამოცდებისათვის.

პრიველი თაობის 75 Cobra Mark I-ზე პროტოტიპის ჩათვლით დაყენდა Ford Windsor V8 260 HiPo» (4,2 ლ) ძრავი, დანარჩენ 51-ზე Ford Windsor V8 289 HiPo» (4,7 ლ)

1962 წლის დასასრულს AC Cars-ის მთავარმა ინჟინერმა ალან ტერნერმა კობრას დიზაინში მცირედი ცვლილები შეიტანა რის შემდეგაც AC Cobra Mark II სახელით 1963 წლიდან დადგა სერიაზე და 1965 წლის ზაფხულამდე 528 კობრა იქნა გამოშვებული.

დღიდან სერიაში ჩაშვებისა პირველი და მეორე თაობის კობრები არა ერთ რბოლაში გახდნენ გამარჯვებული ან საპრიზო ადგილის მფლობელები. 1963 წლის დასასრულს კობრა თმობდა ლიდერობას რბოლებში რამაც ახალი მოდელის შექმნის აუცილებლობა წარმოშვა.

ახალი მოდელი პროექტირება უკვე დეტროიტში დაიწყო გრიფით AC Cobra Mark III. მას უფრო ენერგიული ფორმები, გაფართოებული უკანა ფრთები და სახეშეცვლი რადიოტორის ჰაერმიმღები გაუკეთდა. მესამე სერიის კობრა ბევრად დინამიური და მტაცებლური ფორმებით გამოირჩევა. გამორჩეულია მისი ძრავების არჩევანიც Ford FE 427 (7,0 ლ) 425 ც.ძ სიმძლავრით რომელიც 262კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლეოდა, ასევე ამავე ძრავის ფორსირებული ვარიანტი 485 ც/ძ. 290კმ/სთ განვითარების შესაძლებლობით. Cobra Mark III -ის წარმოება 1965 წლის 1 იანვარს დაიწყო და 1966 წლამდე ბრიტანეთიდან აშშ-ში შელბისთან 300 კობრა გაიგზავნა. სამწუხაროდ 1965 წლის სეზონისათვის კობრამ ვერ მოასწრო ომოლოგაციის გავლა და რბოლებში ძველი მოდელებით მონაწილეობდა. შემდგომ წლებში Cobra Mark III 70-იანების დასაწყისამდე იგებდა რბოლებს.

მიუხედავად რბოლებში კობრას წარმატებებისა, ფორდმა და შელბიმ, ფინანსური პრობლემების გამო, 1967 წელს შეწყვიტეს ბრიტანეთიდან კობრების იმპორტი.

AC Cars–მა გააგრძელა საკუთარი ვერსიის როდსტერის AC289-ის გამოშვება ვიწრო ფრთებითა და ნაკლებად აგრესიული ფორმებით ბევრად სუსტი Ford 289 V8 ძრავით . ეს მოდელი ევროპაში 1969 წლამდე წარმატებით იყიდებოდა. კომპანიამ ასევე პიოტრო ფრუას დააპროექტებინა AC FRUA რაც ფაქტიურად დაგრძლებულ Cobra 427 MK III-ს წარმოადგენდა. FRUA-ს შემდეგ კომპანია გადაერთო მომცრო მოდელების შექმნაზე და საბოლოოდ გაკოტრდა. კომპანიის სახელის გამოყენების უფლება და მისი საამწყობო სიმძლავრეები გადაეცა Autocraft-ს.

Autocraft–ი მოკლე პერიოდი უშვებდა AC289-ს MARK-IV სახელით. სულ მალე ქეროლ შელბიმ ლოს ანჟელესის სასამრთლოში სარჩელი შეიტანა, რის შედეგადაც მალევე იქნა მიღწეული შეთანხმება და Autocraft-ის დამფუძნებლებმა აღიარეს, რომ კეროლ შელბი არის ერთადერთი ვისაც აქვს უფლება მანქანებს დაარქვას სახელი Cobra. 80-იანი წლების ბოლოდან ქეროლ შელბი და Shelby Automobiles, Inc აგრძელებენ კობრას 2 მოდიფიკაციის Shelby Cobra FIA 289» და «Shelby Cobra 427 S/Cგამოშვებას. ამ მანქანებმა შეინარჩუნეს 60-ანი წლების ორიგინალური კობრას სტილი და გარეგნობა.

კოლექციონერებში ყველაზე პოპულარული მესამე თაობის კობრებია, Cobra 427 MK III და მისი მოდიფიკაცები. საშუალოდ ფასი 1 მილიონი დოლარიდან იწყება 2,5 მილიონ დოლარს აღწევს.

კობრას დამყარებული აქვს გინესის რეკორდიც, 1961 წლეს ჯეკ სეარსმა და პიტერ ბოლტონმა ავტომაგისტრალზე 298კმ/სთ განავიტარეს და დააფიქსირეს რეკორდი როგორც ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი.

  • კობრას სარბოლო წარმატებების ცხრილი:
  • 1964 (12 Hours of Sebring) (გამარჯვება GT)
  • 1964 24 Hours of Le Mans (გამარჯვება GT)
  • 1964 RAC Tourist Trophy
  • 1965 (24 Hours of Daytona)
  • 1965 (12 Hours of Sebring)
  • 1965 World Manufacturers Championship
  • 1965 გრან პრი იტალია, მონცი (გამარჯვება GT)
  • 1965 გრან პრი გერმანია Nürburgring (გამარჯვება GT)
  • 1965 გრან პრი საფრანგეთ, რეიმსი (გამარჯვება GT)
  • 1965 Enna-Pergusa (გამარჯვება GT)

კობრა დღესაც აღელვებს და აღაფრთოვანებს ავტომაყვარულებს, მისი აგრესიული ხაზები, დინამიური იერი და მტაცებლის გამოხედვა ისევე ნუსხავს როგორც აზიური კობრას შხამი.მისი მძლავრი ძრავის ტემბრი ისევ უყინავს სისხლს მეტოქეებს. ის მასავით მომაკვდინებელია და შეცდომებს არ პატიობს მძღოლს. კობრა იყო არის და დარჩება ძალიან ბევრი ადამიანის აღფრთოვანების საგანი. კიდევ დიდ ხანს აუდუღებს სისხლს ადრენალინდამოკიდებულ მრბოლელებს, კიდევ ბევრ გოგოს დაკარგვინებს თავს, იმიტომ რომ ის ლეგენდარული, მომნუსხველი, შხამიანი SHELBY AC. COBRA-ა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა