ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.
მაგული
მთელი ცხოვრება დიდი კაცი იყო კაკო. საბჭოთა დროს – წარმატებული ზუგდიდელი ცეხავიკი. “საიუზის“ დანგრევის შემდეგ, ფხიანი და მოხერხებული ბიზნესმენი, ოჯახის ბურჯი, სანათესავოს იმედი და სამეგობროს უცვლელი პატრონი.
შვილებსა და შვილიშვილებს ბევრი არაფერი მიუმატებიათ კაკოს მიერ ათწლეულობით დაგროვილი ქონებისთვის. ხარჯვა, იცოცხლე! – ბაჩის ძმაკაცები მთელი სტუდენტობა კაკოს ფულებით ყელყელაობდნენ. ბაჩი კაკოს შვილიშვილი იყო. სუფრის დიდოსტატი, სიტყვის ჯადოქარი, თამადებს შორის – ციცერონი. ჯერ სრულიად ნორჩი იყო (ასაკით, თორემ ტანითა და ბანჯგვლით მესამე კლასში უკვე ვიღაცის მშობელი ეგონათ მშობელთა კრებაზე მისულ სხვა ბავშვების მშობლებს), როცა ქუთაისიდან მის სანახავად მცირე ამალით ჩამოვიდა იმერეთისა და სრულიად დასავლეთ საქართველოს კოლორიტი – ხიჩო. ჩამოვიდა, ჩაეხუტა, ღვინო ჯამ-ჭურჭლით ასვა, დაათრო კიდეც, მაგრამ ვერ წააქცია და… აღიარა. აღიარა თბილისისა და სრულიად აღმოსავლეთ საქართველოს კოლორიტად.
ხანდახან დღეში ორ პურმარილსაც უძღვებოდა ბაჩი. აი, კაკოს კი მაინცდამაინც არ უყვარდა ქეიფი, უფრო – გემრიელად ჭამა და ზომიერი დროსტარება. თხელი, საშუალო სიმაღლის, გურმანი მეგრელი კაცი იყო ანზორიჩი, იგივე აკაკი ანზორის ძე ბაძაღუა. ყველა ტონსა და სუნელს ცნობდა საჭმელში და, საჭიროებისამებრ, ისაკლისებდა კიდეც. სუფრასთან ჯდომისთვის იშვიათად ეცალა, მაგრამ როცა იჯდა, მისი სტიქია სახალისო ამბებისა და ძველი ანეკდოტების მოყოლა იყო. სიამოვნებდა იმის ყურება, როგორ იხეოდნენ სიცილით მის ხუმრობებზე მაშინაც კი, როცა უხეიროდ ჰყვებოდა სრულიად არასასაცილო ამბავს.
დიდი გულის კაცი იყო კაკო. ცოტა ეჭვიანიც. რა ხანია, აინტერესებდა, ნეტა, ვუყვარვართ თუ ვჭირდებითო, მაგრამ იმდენად სულ კარგად იყო, რომ ამის გადამოწმების შანსი არასდროს მიეცა.
იდეალური ცოლი ჰყავდა – მაგული სოფრომაძე. მეურნე, დედა, დიასახლისი. ჩემი კერის ანგელოზიაო, ამბობდა კაკო სიამაყით. მაგული შინიდან იშვიათად გადიოდა – ძირითადად, სარიტუალო ღონისძიებებზე და ნათესავების მოსანახულებლად. ბაზარში და წვრილ საქმეებზე მძღოლს უშვებდა. ისედაც მორიდებული ადამიანი იყო, არ უყვარდა ხალხში ზედმეტად გამოჩენა და ყურადღების ცენტრში მოქცევა.
კაკოს ხშირად უწევდა საქმეებზე მოგზაურობა – ძირითადად რუსეთში – მაგრამ როცა თბილისში იყო, მასთან შეკრებას ალტერნატივა არ გააჩნდა. ყოველთვის უმაღლესი სუფრა იშლებოდა ბაძაღუებში, რაც უნდა გაჭირვება ყოფილიყო ქვეყანაზე. და ამ სუფრების შემოქმედი, ცხადია, მაგული იყო. მაგული, ვისთვისაც ეს პროცესი ერთდროულად რუტინაც იყო და რიტუალიც.
მისი სადღეგრძელოს დრო რომ მოვიდოდა, სამზარეულოდან გამოდიოდა – როგორც წესი, მეორე ან მესამე დაძახებაზე – და უხერხულად უღიმოდა სუფრის ხანდახან სრულიად უცხო წევრებს, რიგრიგობით რომ წევდნენ მის ტოსტს კაკოსადმი პატივისცემის ნიშნად. ცდილობდა, არ შეემჩნია, თავის სამფლობელოში შებრუნებას რომ ჩქარობდა – მაშინაც კი, როცა კაკო თავის ჭიქას მიაჩეჩებდა, სამადლობელი თქვი, მარტო გაზქურასთან ტრიალი კი ნუ გგონია მასპინძლობაო.
სამზარეულოში მაგულის კამპანიას ჯუნა და ლამარა უწევდნენ, კაკოს მიერ კორპუსის აშენების დღიდან ბაძაღუების მეზობლები და ჭირისა თუ ლხინის მოზიარენი.
გვიან, სამზარეულოში საქმიანობას რომ მოათავებდა – დაახლოებით მაშინ, როცა მეინახეთა აღმავალი სიმთვრალე სტაბილურ სიმძიმეში იწყებდა გადასვლას – მაგული მეზობლებს გააცილებდა, ზალაში შევიდოდა და კუთხეში, სამზარეულოსა და გაშლილ მაგიდას შორის ნახევარ გზაზე მდგარ მოჩუქურთმებულ სკამზე ჩამოჯდებოდა. ასე აკონტროლებდა ერთდროულად ორ სივრცეს და უსმენდა სუფრასთან გალაღებული კაკოს მონოლოგებს.
ისე გაიარეს 90-იანებმა, კაკომ თითქმის ყველაფრისგან დაიცვა ოჯახი. წამალი და კრიმინალი მას და მისიანს არ შეხებია. შიმშილი მათ არ უგრძნიათ და გაჭირვება არ გამოუვლიათ, ზუგდიდში მხედრიონისგან დარბეულ ნათესავებს თუ არ ჩავთვლით.
მაგრამ ასაკმა ავტორიტეტი არ იცის. ხოდა, ერთხელაც, აქტიური ცხოვრების დაისზე, კაკოს ინსულტმა ხია. ხია და ბადრიჯნად აქცია. ეს ენგურივით კაცი ლოგინს მიეჯაჭვა და უმწეო ავადმყოფი გახდა… ვერ დგებოდა, ვერ ლაპარაკობდა. მარცხენა მხარე კი სრულიად წაერთვა.
თუმცა ყველაფერს აქვს დადებითი მხარე – ბოლოს და ბოლოს, კაკოს მიეცა შანსი გაეგო, უყვარდათ თუ სჭირდებოდათ. ეგეც მისი ეჭვიანი ბუნების გადმოსახედიდან, თორემ რა გაგება მაგას უნდოდა? თავს ევლებოდა ყველა, მაგული – განსაკუთრებით. ზედ აკვდებოდა: აჭმევდა, უცვლიდა, სასთუმალთან ეჯდა, შესციცინებდა, თავზე ეფერებოდა… კაკო კი პასუხად მხოლოდ თვალების ოდნავ გამოძრავებას ახერხებდა. ბაჩის და მის ძმაკაცებს მაგრად უკვირდათ, რამ შეაყვარა ამ ქალს ასეთი თავდავიწყებითო.
ასე გრძელდებოდა თითქმის სამი თვე. უკვე ყველა შეგუებულიყო კაკოს გარდაუვალ წასვლას წუთისოფლიდან, როცა – ჰოი, საოცრებავ! – ერთ მშვენიერ დღეს სამზარეულოში წნევის გასაზომად და ჩაის დასალევად შესულ მაგულის საწოლი ოთახიდან მისი რიხიანი ხმა მოესმა.
მაგული! – ეძახდა კაკო ძველი ომახითა და შემართებით, გეგონება, სრულიად ჯანმრთელი ყოფილიყოს და წყლის მოსატანად ეხმოს ცოლისთვის.
მაგულის წნევა გადაავიწყდა, ჩაის ჭიქა ხელიდან გააგდო, გზადაგზა ხალათი შემოიჭირა და კაკოსთან ოთახში შევარდა – ხო, კაკო, ხო შენ შემოგევლე, ხო, ჩემო კარგო, აბა, როგორ ხარ, რა მოგართვაო.
კაკომ მაგულის შეხედა, ძალები მოიკრიბა, თავი ოდნავ წამოწია, თვალი თვალში გაუყარა, გამშრალ პირში ენა გამოივლო, თფუ, შენი დედა მოვტყანო, შესძახა თანხმოვნების მკვეთრი გამოთქმით და… მოკვდა.
გასვენებაში ზღვა ხალხი მოვიდა. ზუგდიდიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამობრძანდა ავტობუსებით. სახლთან და სასაფლაოსთან ქუჩები გადაიკეტა. ქელეხიც, რასაკვირველია, საუცხოო გაიშალა – გულიკოსთან, შანხაიზე. უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ კაკოს ეს დარბაზი განსაკუთრებით უყვარდა, გულიკოს ხათრით… შილა უკვე შემოტანილი იყო და ხალხი აშლას იწყებდა, როცა სუფრის ბოლოდან ბაჩის ძმაკაცებმა „ბინდისფერია სოფელი“ დააბუბუნეს. რა თქმა უნდა, მოგუდულად. სხვანაირი კაცი იყო, თავად ასე გაუხარდებოდაო. მაგული დარბაზის კუთხეში, გასასვლელთან ახლოს იჯდა, სტუმრებს აცილებდა და ცრემლებს იწმენდდა. აქეთ-იქიდან ჯუნა და ლამარა შემოსდგომოდნენ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ოქტომბერი 18, 2021
- on სექტემბერი 9, 2021
- on ივნისი 13, 2021
- on აპრილი 22, 2021
- on აპრილი 15, 2021
- on აპრილი 9, 2021
- on მარტი 24, 2021
- on მარტი 24, 2021