"ვარ თავისუფალ უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი. მაინტერესებს პოლიტიკა, პოპ-კულტურა და მუსიკალური ჟურნალიზმი".
მარტინ შკრელი: ყველაზე საძულველი ადამიანი ამერიკაში
სიტყვა “ბოროტმოქმედის” გაგონებისას ადამიანს შეიძლება ბევრი ასოციაცია გაუჩნდეს. სურათი, რომელიც მას გონებაში წარმოუდგება, უმეტესად პოპკულტურის (ყველაზე მეტად ალბათ ჯეიმს ბონდის ფილმების) გავლენით არის შთაგონებული: “მდიდარი, თავდაჯერებული, ექსცენტრული მამაკაცი, რომლისთვისაც ბოროტების ჩადენა თვითმიზანს წარმოადგენს და რომელსაც ადამიანური ემპათიის არანაირი კვალი არ ამჩნევია”.
კომიკურია, თუ რამდენად კარიკატურულად ემთხვევა “ბოროტმოქმედის” სახე ახლა უკვე ცნობილ ახალგაზრდა ამერიკელ ბიზნესმენ მარტინ შკრელის. მისი სახელი მსოფლიოსთვის 2015 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მისმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შიდსის სამკურნალო პრეპარატის, დარაპრიმის ფასი 5500 პროცენტით გაზარდა. წამლის ერთი აბი, რომელსაც ბევრი ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და რომლის პატენტის სრული მფლობელი მარტინ შკრელის კომპანია Turing Pharmaceuticals-ი იყო, 13.5 დოლარის ნაცვლად 750 დოლარად შეაფასა. ამბავი მედიაში აფეთქდა და ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია – ყველას აინტერესებდა, თუ როგორ მიეცა კომპანიას ამის გაკეთების უფლება. საყოველთაო რისხვის ადრესატად კომპანიის ხელმძღვანელი მარტინ შკრელი იქცა, რომელიც სრულიად უდანაშაულო სახით საკუთარ გადაწყვეტილებას ამართლებდა. ამის შემდეგ მედიამ იგი “ამერიკის ყველაზე საძულველ ადამიანად” მონათლა.
მარტინ შკრელის, ან თუ უფრო ზუსტად ვიტყვით, მარტინ შერეკილის, ექსცენტრიულობები ამით არ ამოწურულა: იმავე წელს აღმოჩნდა, რომ მან 2 მილიონ დოლარად შეიძინა ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ-ჯგუფის,, Wu-Tang Clan-ის ახალი ალბომის ერთადერთი ეგზემპლარი. მან უარი განაცხადა შეძენილი მუსიკის გაზიარებაზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი განადგურებითაც იმუქრებოდა. ტვიტერზე შკრელიმ დადო პირობა, რომ ალბომს იმ შემთხვევაში ატვირთავდა, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებდა, თუმცა პირობა არ შეასრულა და მხოლოდ ერთი სიმღერა გააზიარა. არ არის რთული გამოსაცნობი, თუ რა რეაქცია გამოიწვია ამ ყველაფერმა Wu-Tang Clan-ის მილიონობით ერთგულ მსმენელს შორის.
მარტინ შკრელი თავისი საქციელისთვის გამართლებას ყოველთვის პოულობს. მისი თქმით, წამლების მაღალი ფასებისგან შემოსული თანხებით ფარმაცევტულ კომპანიებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, ფული ახალი, უფრო ეფექტიანი წამლების შექმნაში ჩადონ, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებრივ კეთილდღეობას გაზრდის. ასეთ მიდგომას ხელს უწყობს ამერიკის ჯანდაცვის სისტემაც, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს ნაკლებ რეგულაციებს უწესებს, განსხვავებით ევროპული სისტემისაგან, სადაც სახელმწიფო უფრო მეტად არის ჩართული მსგავს მგრძნობიარე სფეროებში. სწორედ ამერიკის დერეგულაციის ამ პოლიტიკამ მისცა შესაძლებლობა მოგებაზე ორიენტირებულ ფარმაცევტულ კომპანიებს ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ამ პოლიტიკის კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ფარმაცევტული კომპანიები ისედაც საკმარის მოგებაზე გადიან, რათა სამეცნიერო გამოკვლევები ჩაატარონ, შესაბამისად, ფასების რადიკალურად გაზრდისა და ადამიანების ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების უფლება მათ არ უნდა ჰქონდეთ.
კომენტატორები მარტინ შკრელის ხედავენ როგორც სიმპტომს უფრო ფართო პრობლემისა. მედიასა და პოპკულტურაში დიდი ხანია ტრიალებს ტერმინი “გვიანდელი კაპიტალიზმი”. მას ხშირად იყენებენ ისეთი მოვლენების აღსაწერად, სადაც თავისუფალი ბაზრის პირობებში აბსურდული და კომიკური რეალობები იქმნება. მარტინ შკრელის შემთხვევა ძალიან კარგად ჯდება ასეთ აღწერილობაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის ფასის ერთ დღეში 5500 პროცენტით გაზრდა შეიძლება ბევრს დისტოპიური სამყაროს ამბად მოეჩვენოს. ალბომის ერთადერთი ეგზემპლარის გამოშვება და მასზე უზარმაზარი ფასის დადება გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელოვნების აღქმა ისეთ სამყაროში, სადაც ცხოვრების მთავარ მიზანს მატერიალური კეთილდღეობა წარმოადგენს. კულტურის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მარტინ შკრელის სკანდალის მსგავსი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება თანამედროვე სამყაროში და ამის მიზეზი ” “ბორკილებაწყვეტილი კაპიტალიზმია”.
სკანდალის შემდეგ მალევე მარტინ შკრელის კომპანიის საქმიანობის გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ მას ბრალი წაუყენა სხვადასხვა სახის ფინანსურ მანიპულაციაში, თუმცა ის მალევე გირაოთი გაათავისუფლეს. 2017 წლის 13 სექტემბერს “მარტინ შერეკილმა” ტვიტერში დაწერა, რომ მისცემდა 5.000-დოლარიან პრემიას იმ ადამიანს, ვინც მას ჰილარი კლინტონის თმის ღერს მიუტანდა. პროკურატურამ მას ბრალად “ადამიანზე თავდასხმისკენ მოწოდება” წაუყენა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ მარტინ შკრელი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, და იგი საბოლოოდ ციხეში ჩასვეს. მისი ფინანსური მდგომარეობა ასევე არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ციხეში წასვლის წინ მარტინ შკრელიმ eBay-ზე თავისი Wu-Tang Clan-ის ალბომი ატვირთა და მას ფასად თვითღირებულების ნახევარი – ერთი მილიონი დოლარი დაადო.
შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში შკრელიმ თავისი მიიღო და დაისაჯა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ის არაფერს სჩადიოდა ისეთს, რასაც დანარჩენი უოლსტრიტელები არ აკეთებდნენ. საზოგადოებას იგი თვალში მისი ექსცენტრიულობის გამო მოხვდა, მისი თქმით, მსგავს ფინანსურ მანიპულაციებს სხვა დიდი კორპორაციები ყოველდღიურად ასრულებენ, თუმცა მათ საქმიანობებს მედიის ყურადღება არ ეთმობა. ამის მიუხედავად, ცოტა თუ თანაუგრძნობს შკრელის. ერთხელ მან მოაწყო აუქციონი, რომლის გამარჯვებულსაც მიეცემოდა უფლება, მისთვის სილა გაეწნა. აუქციონის ყველაზე დიდმა ფსონმა 75 000 დოლარს მიაღწია. სხვა თუ არაფერი, ეს მაინც ადასტურებს მის “ამერიკის ყველაზე საძულველი ადამიანის” ტიტულს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on იანვარი 22, 2018
- on დეკემბერი 22, 2017