ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მეორე კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა

მეორე კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი რეალური ზრდის ტემპი ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია. მშპ-ის რეალური ზრდის გრძელვადიანი ტენდენცია წარმოადგენს ინვესტორების, ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი სტრუქტურების, ანალიტიკოსების და ეკონომისტებისთვის ძირითად განსახილველ მაკროეკონომიკურ პარამეტრს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 772,2 მლნ. ლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით მისი რეალური ზრდის ტემპი 2.5%-ით განისაზღვრა.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურას, აქ ყველაზე დიდი წილი მრეწველობას (16.3%) და ვაჭრობას (16.1%) უჭირავს. შემდეგ პოზიციებს კი იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11.1%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9.4%), სახელმწიფო მმართველობა (8.8%), მშენებლობა (8%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6.4%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.1%).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

2015 წლის მეორე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-იანი რეალური ზრდა  განპირობებულია შემდეგი სექტორების ზდრით: მშენებლობა (14.5%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (12.7%),  საფინანსო საქმიანობა (10.6%), სასტუმროები და რესტორნები (7.3%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (6.5%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5.9%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება (5.6%), ტრანსპორტი (5.3%),  ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (3.8%) და კავშირგაბმულობა (3.5%).

მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა ძირითადად განპირობებულია ინფრასტრუქტურული პროექტებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ 3.2%-იანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდით. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს სასაქონლო ჯგუფზე ფასების 13.1%-იანი, ხოლო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო გჯუფზე ფასების 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულ პროცესს ამ მიმართულებით მოთხოვნის შემცირება და შესაბამისად წარმოების მოცულობის კლება მოჰყვა. უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებამ დამამუშავებელი მრეწველობის სფეროს დამატებული ღირებულების კლება გამოიწვია.

საერთაშრისო სავალუტო ფონდმა 2015 წლის საქართველოს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა. მაისის თვის „რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის“ დოკუმენტში მოცემულია საერთაშრისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის მომავალი შესუსტება, რაც განპირობებული იქნება მომხმარებლების დაბალი მსყიდველობითუნარიანობით, რუსეთიდან უარყოფითი გადადინების ეფექტებით და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. ეს უკანასკნელი უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოზე, როგორც საერთაშორისო ფინანსური ბაზრის მსესხებელზე. დამატებით, რეგიონში ეროვნული ვალუტების კურსების გაუფასურების ფონზე უფრო გაიზრდება ინფლაციური წნეხი.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეანელებს ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას, მაგრამ წაადგება ინფლაციური პროცესების მოთოკვას. ასეთ ვითარებაში, საშუალოვადიან პერიოდში, დივერსიფიცირებული და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის გაძლიერება. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებით  ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია.

გააზიარე