"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

მეწარმეობა, როგორც შემოქმედება

მეწარმეობა

“ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ამიტომ ვერასოდეს შევძლებთ იმის გაგებას, ჩვენი რომელი გადაწყვეტილება იყო სწორი და რომელი არა. მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება შეგვიძლია და არ გვაქვს მეორე, მესამე და  მეოთხე ცხოვრება, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილება ერთმანეთს შევადაროთ”, – ყოფიერების აუტანელი სიმსიბუქე, მილან კუნდერა.

შემთხვევით არ დავიწყე ეს ბლოგი ჩეხი მწერლის ციტირებით. ჩვენი ბედი ჩვენივე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დამდგარი რეალობაა. როცა დილით იღვიძებ და ახალი წლის სუნი ჯერ ისევ თავს დაგტრიალებს, ყველაზე იმედიან და სიახლეებით სავსე მომავალს პირდები თავს – საუკეთესო დროა,  იფიქრო იმაზე, რისი კეთება გაგაბედნიერებს. ამ ფიქრით იწყება გადაწყვეტილების მიღება შენს მომავალ საქმიანობაზე, პროფესიაზე. აქ უნდა აღმოაჩინო ისეთი რამ, რომლის ერთგულებაც არასდროს მოგბეზრდება. ვინაიდან დარჩენილი ცხოვრების უმეტესობა სწორედ ამ საქმის კეთებით იქნები დაკავებული.  

არის ბაზისური კრიტერიუმები რის მიხედვითაც შეიძლება აარჩიო შენი პროფესია. აი მაგალითად, თუ შემოქმედებითი ადამინი ხარ, ვიღაცამ შეიძლება გირჩიოს, რომ ხელოვნებაში ცადო ბედი: იწყებ წერას, მუსიკის შექმნას, ხატვას… მერე კი ასაკის მატებასთან ერთად ეს საქმიანობები ჰობად იქცევა და რომელიმე ბანკის ფრანტ დესკზე, როდესაც კლიენტს ემსახურები, წამიერად გაგიელვებს თავში ფიქრი იმაზე, თუ სად დაუშვი შეცდომა და სად გააკეთე „სხვა არჩევანი“ , რომელმაც ასე დაგაშორა შენ შემოქმედ ბუნებას. ისიც იცი, რომ არ დადგებოდა შენგან დიდი მხატვარი ან მწერალი და ყველა ადამიანი მიმბაძველობით ავლენს თავის შემოქედ ბუნებას სწორად ამ მიმართულებით როცა ახალგაზრდაა. რადგან ჩვენ არასწორად გვასწავლიან, რომ ხელოვნება ერთადერთი ადგილია, სადაც შემოქედი ადამინი რეალიზდება. ამ გადმოსახედიდან კარგად აცნობიერებ, რომ ცოტა მეტი დრო რომ დაგეთმო საკუთარი სურვილების და მისწრაფებების ამოცნობისთვის, მობილიზებული და მეტად თავდაჯერებული ყოფილიყავი, ახლა შენი საკონდიტრო გექნებოდა და ყოველი შექმნილი ტორიტი – ხელოვნების ნიმუში, შენი შემოქმედების ნაყოფი, ისევე გეყვარებოდა და შთაგაგონებდა, როგორც დალის საკუთარი ნახატი, ან გალაკტიონს თავისი ლექსი. არაფერია იმაზე კარგი, როდესაც შენი საქმე შენი მუზაა.

დიახ, დიდი გამბედაობა უნდა, თქვა უარი ბანალურ სამსახურზე და თამამი განაცხადით შემოაბიჯო მეწარმეების რიგში. რამდენჯერ წაიტეხ ცხვირს, გადაყვლეფილი ფეხის ტკივილს გაგონებს ყველა შეცდომა და წარუმატებლობა, მაგრამ თუ ერთხელ მაინც იგემე რას ნიშნავს გახდე ბიზნესშემოქმედი, ვერასდროს შეეშვები სტარტაპზე – საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრს. არცერთი შემოქედებით წვას და მიღებულ შედეგს – არც მოლბერტთან დგომას, არც წიგნის წერით მიღებულ სიამოვნებას, არ ჩამოუავრდება განცდა – რომელიც ბიზნესის კეთებას მოაქვს.  როცა შენ გჯერა საქმის, რომელსაც შეეჭიდე, როცა ხდები მეწარმეობით შეპყრობილი – ყველაზე დიდი შემოქმედი ხარ,  შენი ცხოვრების შემოქმედი და არასდროს გტოვებს აზრი, რომ შენი არჩეული გზა ერთადერთია, რომელსაც სხვა ცხოვრებების არსებობის შემთხვევაშიც კი არ იტყოდი უარს.

გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ გეპოვნოთ გზა, რომელიც თქვენი საქმიანობის შემოქმედად გაქცევთ.  გააღვიძეთ თქვენში მიძინებული მეწარმეები!

გააზიარე