"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
მოძრაობები უბირთვოდ
თანამედროვე მსოფლიოში, ძალიან ტურბულენტურსა და ამავე დროს სასწაულებრივად მაღალტექნოლოგიურში, ადამიანების ხელით ბევრი ცუდიც კეთდება და ძალიან ბევრი კარგიც. რეგიონული ომები, ტერორისტული აქტები, კიბერშეტევები ერთი მხრივ, და, პრინტერიდან ამოსაბეჭდად გამზადებული 3D ქალაქები, კოსმოსში გაშვებული მანქანები და რობოტი ტელეწამყვანები, უპილოტო საჰაერო ტაქსი მეორე მხრივ.
პრინციპში, ყველა თავისი დღის წესრიგით ცხოვრობს – “ზვიგენი” ფინანსისტები უოლ-სტრიტიდან, მსახიობები (შევიწროებულები თუ ასეთად შერაცხულები) ჰოლივუდიდან, ოლიგარქები და ჯაშუშები ციმბირიდან, ყაყაჩოს მკრეფავები ყანდაარიდან, რეფორმატორი დიდგვაროვანნი სპარსეთის ყურიდან, სმარტ-ბიჭები ფეისბუკიდან, შეყვარებულები ბუკინგემიდან (გასაგები მიზეზების გამო შეგნებულად ვწერ ბუკ-ინგემს) თუ ქვევრის ღვინის დამწურავები საქართველოდან. ყველას თავისი მიზანი აქვს, გეგმა და, თუ გნებავთ, ოცნებაც. ისეთი სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავიღვიძოთ, ბილეთი ავიღოთ და მარსზე გავფრინდეთ. ჩვენ თუ არა, ჩვენმა შვილებმა ნამდვილად შეიძლება გადაწყვიტონ ასეთი მოგზაურობა, ან სულაც მოუწიოთ სამსახურებრივი მივლინება.
მაგრამ ვერავინ ვერსად ვერ გაფრინდება, თუ ბირთვული ამბიციები არ დაშოშმინდება. არსებობენ საერთაშორისოდ აღიარებული ბირთვული სახელმწიფოები. ზოგი მათგანი შეიძლება სულაც არ იქცევა ისე, როგორც ბირთვული სახელმწიფოს სტატუსის მქონე ქვეყანას ეკადრება. უფრო სწორად, მაგიტომაც იქცევა უკადრისად, რომ ბირთვულ კუნთებზე იყურება, თუმცა მარტო მაგ ერთ ამრევში რომ იყოს საქმე, ალბათ კიდევ მოევლებოდა (დიდი იმედი მაქვს, რომ მოევლება კიდეც). უბრალოდ, მაგალითები გადამდებია – კარგიც და ცუდიც. ჰოდა, ამიტომაც არის, რომ 27 აპრილს მთელი მსოფლიო ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრას ადევნებდა თვალყურს და უახლოეს კვირებში აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრას ელოდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან. გამოცდილი ექსპერტები, დიპლომატები და პოლიტიკოსები გვაფრთხილებენ, გადაჭარბებულ მოლოდინებს ნუ შეიქმნითო. არც გაემტყუნებათ, მაგრამ მე უფრო ოპტიმისტი ვარ და მთვარეზე გაფრენაც, რაღა დაგიმალოთ და, მეც მინდა.
როგორც მოგახსენეთ, მთელი მსოფლიო შესცქეროდა მოძრაობებს უბირთვოდ ვაშინგტონსა და კორეაში, მაგრამ მაინც მგონია, რომ განსაკუთრებული ყურადღებით ჩვენი რეგიონიდან ადევნებდნენ თვალყურს. ირანი არც ჩრდილოეთი კორეაა და არც რომელიმე სხვა, შიმშილის ზღვარზე მყოფი ქვეყანა. პირიქით, ეს არის სახელმწიფო თავისი ისტორიით, კულტურით, მოსახლეობითა და რესურსით, მაგრამ ისიც თავისებურად ხედავს მის სახელმწიფო ინტერესებს. ხედავს, მოითხოვს და მოქმედებს.
ამ მოქმედებას კი რეაგირება სჭირდება. 2015 წელს თითქოს შეთანხმდა კიდეც 5+1 ფორმატში, თითქოს შედარებითი სიმშვიდეც უნდა დამდგარიყო და მსოფლიოსაც უნდა ამოესუნთქა, მაგრამ არ სრულდება სისხლის ღვრა სირიაში, ერაყსა და იემენში. ასეთი მძიმეა საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგი. ამიტომაც გამოცხადდა ვაშინგტონში ორიოდ დღის წინ გამართულ საფრანგეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის დროს, რომ ახალი შეთანხმება უნდა შედგეს. ამ შეთანხმებას კი უნდა მიებას სირიის, ბალისტიკური შეიარაღებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას არ უნდა ჰქონდეს “ნიუკები”. იგივენი ამბობენ, რომ არც ირანს უნდა ჰქონდეს ბირთვული ქობინები. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალ თუ არა, განჭვრეტად მომავალში მაინც მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება.
ისე, ვიდრე მთვარეზე გავფრინდებოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედამიწაზე გადასაადგილებლად თვითმფრინავი მაინც ჯერ კიდევ ერთ-ერთი საშუალებაა. თითქოს განსაკუთრებული ამაში არაფერია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მოძრაობებზე უბირთვოდ, როდესაც გულის ფანცქალით მოველით დონალდ ტრამპისა და კიმ ჯონ უნის შეხვედრას, აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. რატომ? იმიტომ, რომ კიმ ჯონ უნს ერთი მოძველებული ილ-62 ჰყავს და არც არავინ იცის, რამე რომ იყოს, ის აფრინდება თუ არა. ცოტა ხნის წინ ჩინეთში საიდუმლო ვიზიტით მყოფმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ჯავშანმატარებლით იმგზავრა. სხვათა შორის, როგორც ექსპერტები ამბობენ, ზეცისქვეშეთის კანცელარიაშიც ნერვიულობენ, თვალსა და ხელს შუა, ბერლინის კედლის რიმეიქი არ მიიღონ და, როგორც გაერთიანებული გერმანია აღმოჩნდა ნატოში, ისე არ შევიდეს გაერთიანებული კორეა ამერიკული ქოლგის ქვეშ. მოკლედ, ექსპერტებმა რომ დაიანგარიშეს მანძილები, გაითვალისწინეს ტრამპის გემოვნება და ამბიციები და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს, ისტორიული შეხვედრის ერთ-ერთ შესაძლო ადგილად, არც მეტი არც ნაკლები, მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი დაასახელეს. ასე რომ, სულ ცოტა ხანში ახალ ჟენევად შეიძლება ერთ დროს მშვიდობისმყოფელობით არცთუ მაინცდამაინც განთქმული ხალხის დედაქალაქი მოგვევლინოს. ნათქვამია, დრონი მეფობენ.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023