"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

მუშე ბრაზობ, საიქვარულოვიჩ?

მუშე ბრაზობ

რა კავშირი აქვს სამეგრელოს, ნატო-ს, ფეხბურთს, კროაციას და “ცისფერ მთებს”? პირდაპირიც და გადატანითიც. დავიწყოთ გადატანითით, ანუ იმით, რომ მუშე კი ნიშნავს მეგრულად რატომ-ს, მაგრამ აშკარად ფრანგულად ჟღერს. აბა, დააკვირდით: მუშე, კლიშე, ბომაღშე და ასე შე. კროაცია და ფაცაცია ხომ საერთოდ ერთი გენეალოგიური ხის ორი განშტოებაა. აი, ეს საიქვარულოვიჩ რაღაა ან, უფრო სწორედ, ვინაა? ვიჩ დაბოლოებით გასაგებია, რომ ხორვატებს მივაგებთ პატივს. შესაბამისად, სათაურში გამოტანილია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები და ამავე დროს ერთი და იმავე ალიანსის წევრები, რომლებიც, ფეხბურთს თუ არ ჩავთვლით, სამიტზე ნამდვილად ერთ აზრზე იყვნენ ყველა ძირითად საკითხზე. ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ვინაა ეს საიქვარულოვიჩ? ჩემი ბავშვობის ძმაკაც მთაწმინდელ კოკას, სხვათა შორის ფეხბურთის თავგადაკლულ ქომაგს, ამოჩემებული ჰქონდა ეს მიმართვა: სიყვარულოვიჩ, როგორ ხარ? ახალ წელს გილოცავ, სიყვარულოვიჩ. ლუდი ხომ არ დაგველია, სიყვარულოვიჩ. მოკლედ, კლასიკურ-ხორვატიული შოთაევიჩ-ითაც კი აღარ მომმართავდა. ჰოდა, ეს ატლანტიკოსი კაცი, ცალყბად ვაპროტესტებდი (ადრეც მითქვამს, ჩემს ვენებშიც ჩქეფს დიდებული მეგრული სისხლი-მეთქი), რა არის ეს საბჭოთა მავნე ჩვევებიდან შემორჩენილი იჩობანა და საერთოდაც, სიყვარულოვიჩის მაგივრად, თუ მაინცდამაინც, ბრიტანული აქცენტით საიქვარულოვიჩ-ით მომმართე-მეთქი. კარგიო, დამთანხმდა, მაგრამ ძალიან წვალობდა და როდესაც კონდიციამდე მივდიოდით, მაინც ტრადიციულ სიყვარულოვიჩ-ს უბრუნდებოდა. და ნამდვილად არ მგონია, რომ ბროზ ტიტოს ხორვატიული ძირების პატივისცემასთან გვქონოდა მაშინ საქმე.

ასე იყო ჩვენს ჯეელობაში და სოლოლაკსა თუ მთაწმინდაზე, თორემ ნატო-ში არსებული ორი ოფიციალური ენის – ინგლისურისა და ფრანგულის წესი ნატო-შიც მკაცრად არის დაცული და, შესაბამისად, ჩვენს სათაურშიც. როგორც ლიდერები ამბობენ, გასული სამიტის მერე თვითონ ნატო-ც უფრო უკეთესი და უფრო კარგად დაცულია. აბა, თუ ყველაფერი კარგადაა, თუ ყველა ენაზე ნატო-ც დაცულია, მისი შენახვის ფასებიც და წესებიც, მაშინ  ვინღა ბრაზობს? ვინ და, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.  

იმთავითვე იძახდა ეს კაცი: მოუმატეთ ყველამ გადახდას. არ გამოვა ეგრე, ჩვენი ფულით რუსეთისგან დაგიცვათო. ბრიუსელში რომ ჩავიდა, დილიდან ნატო-ს გენერალურ მდივანთან საუზმეზე (სხვათა შორის, ამერიკელების გადახდილი იყო, თავად იენს სტოლტენბერგმა გვამცნო) კიდევ უფრო აკრიფა, რამდენს იხდის გერმანია გაზში, რატო აშენებს გაზსადენსო? ეგრე სადაა, ჩვენ ფული ვიხადოთ რუსეთისგან დაცვაში და თქვენ ფული უხადოთ რუსებს გაზშიო. დედას გეფიცებით, გამიხარდა. აი გერჰარდაც რო ჰყავს წითელ ვლადიმირს თავის სამსახურში და იმასაც რო გადასწვდა, ეგეც გამიხარდა. მოკლედ, კაი ცხარ-ცხარე  (მეგრული აჯიკასავით) საჯარო სთეითმენთების მერე დახურულ კარს მიღმა ჩაიკეტნენ. წყაროზე ასე ამბობენ, მოგუდულში, კამერების გარეშე, ძია ტრამპი ინგრეთი იყო, აი პირდაპირ ტკბილი და მურაბა კაციო, გარეთ კიდევ, კამერებთან – ბრაზიანი და ავიო. მოკლედ, ამ კაცმა თავისი ერთ-ერთი ძველი ხელობაც გაიხსენა, ლაივ შოუსავით წაიყვანა სამიტი და კლინტ ისტვუდის გმირიც თვითონ იყო და დანარჩენი ორისაც გენიალური “The Good, The Bad and The Ugly”-დანო. ასე იყო თუ ისე, სამიტის დასასრულს კი იძახდა ყველა, რა კარგია, ასე პირდაპირ რომ სვამს ღიად საკითხებს ჩვენი მეგობარი ტრამპი, ყველა შევთანხმდით, რომ უფრო სწრაფად და უფრო მეტი უნდა გადავიხადოთო. რას ერჩი, ძმაო, კაცს? ჩავიდა, მოითხოვა, შეასრულა. აქვე ვულოცავ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ნატო-ში გაწევრიანებისთვის მიწვევის გადაწყვეტილებას.  

მე მგონია, რომ გაზის თემა საჯაროდ ტყუილად არ ახსენა. საერთოდაც, ოპტიმისტი ხალხი ამბობს, ეს ძალის დემონსტრირება უფრო ჰელსინკისთვის იყო, ვიდრე ბრიუსელისთვისო. ღმერთმა ქნას. ეს ორშაბათიც გაივლის. ჰელსინკის შეხვედრაც ჩაივლის, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

აი, აქ კი ისევ მივადექით სამარგალოს. ამ დალოცვილი კუთხის ერთმა შვილმა, სხვათა შორის ნატო-შიც, ბრიუსელშიც და შიგ მოსკოვებშიც სახელგანთქმულმა, ზოგან კარგად, ზოგან არცთუ,  ერთხელ იკითხა, სხვათა შორის სამეგრელოდან, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენო?  განა შექსპირივით დადგა და ყოფნა, არყოფნაო, თავის თანამებრძოლს ჰკითხა, მაგრამ არა არს დაფარულ სპეც.ყურებისთვინაო. ჰოდა, გახდა ეს ფრაზა შექსპირისეული. ნახეთ, სად ჩავახუჭუჭე? ბრიტანელები, მეგრელები, უელსის სამიტის წარმატებები. ჰოდა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

ჩვენს მიწა-წყალზე, რომელზეც მეგრულიც წყალივით იცის ყველამ და რომელსაც ფრანგულ რივიერას ამსგავსებენ, დღეს რუსული “ჩექმა” დგას, ისტორიულ სამაჩაბლოშიც ჩვენს გულებზე მავთულხლართებს ჭიმავენ. ჩვენ მაინც ვიზრდებით, ვვითარდებით, ვძლიერდებით და ვემზადებით. მაპით ბოლო წამს თუ მაპის გარეშე, ნატო-ში ყველა ვარიანტში შევალთ. აფხაზეთსა და სამაჩაბლოსაც მხოლოდ ამ გზით დავიბრუნებთ. ხანდახან მეც ვბრაზდები ბევრი თქვენგანივით და ეს ის სიბრაზე არაა, გენიალური თემიკო ჩირგაძე უსაყვარლეს რამაზ გიორგობიანს რომ ეკითხება “ცისფერ მთებში”. თუმცა რაღაცით კი ჰგავს, სოსოს სიბრაზესავით ჩუმია, იმ მომენტში გულში ჩაკლული. მეც მინდა ხანდახან გამოვიდე აი ასე, საიქვარულოვიჩივით და ვთქვა ხმამაღლა, რა დროს გაზებია, როცა ჩემს მიწაზე ტანკებია. მოთმინებითა შენითაო. მუნდიალეს (მეგრულ თარგმანს არა ვართ) ფინალში ხო გავიდა “Made in Georgia”-ს ეტიკეტებით, ბობოყვათში შეკერილი ფორმებით მეომარი კროაცია, ტოჩინოშინმა ხომ მოხნა იაპონ-ია ში ყველა ოვაც-ია. ჰოდა, გარდაუვალია საქართველოს ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაც-ია, მთავარია გაჯანსაღდეს, განვითარდეს და გაერთიანდეს მთელი ნაცია.  

Vive La France!

P.S. დაწერილია საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე, ანუ 14 ივლისს, შესაბამისად, არ ვიცი ფინალის შედეგი და მიკერძოებაში ან წინასწარმეტყველებაში არ ჩამეთვლება.

გააზიარე