საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

მშიერის დაპურება

მშიერის დაპურება

ქვეყნის ერთ-ერთ პოპულარულ კურორტზე დასასვენებლად რომ მიდიხარ, სახლის ნაცვლად გარეთ უნდა იკვებებოდე და ხარჯავდე ფულს. თუმცა, ეს ბათუმია.

როდესაც მეკითხებიან, თუ სად ვიკვებები ბათუმში, პასუხია – სახლში.

არადა ქვეყნის ერთ-ერთ პოპულარულ კურორტზე დასასვენებლად რომ მიდიხარ, სახლის ნაცვლად გარეთ უნდა იკვებებოდე და ხარჯავდე ფულს. თუმცა, ეს ბათუმია. ლამაზი სანაპირო ზოლი, შედარებით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და უამრავი დამსვენებელი – კურორტული ქალაქი გასტროკონცეფციის გარეშე.

ზოგადად, ყველა ქვეყანაში ტურისტულ ზონაში საკვებ ობიექტებზე ხარისხი შედარებით დაბალია, მაგრამ ის, რაც მასიურად ბათუმში ხდება სტანდარტებს მიღმაა. მართალია, მშიერი ადამიანი ვერ იფიქრებს სტანდარტზე და დაპურდება, მაგრამ მას არ დაამახსოვრდება გემო, რომელმაც ის უნდა მოაბრუნოს ქალაქში. წარმოდგინიეთ უცხოელი ტურისტი, რომელიც მოიხიბლა აჭარის მდიდარი ბუნებითა და ბათუმის სილამაზით, მაგრამ მას ქართულ სამზარეულოზე ზოგადი წარმოდგენის გარეშე მოუწევს ქალაქიდან წასვლა.

მოდი ვიმსჯელოთ, რამ გამოიწვია გასტრონომიულ სფეროში ბათუმის ჩამორჩენა. დიახ, სხვა ქართული კურორტული ზონებისაგნ განსხვებით ბათუმს გასტრო სფეროში დიდი პრობლემები აქვს. ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხი მეც არ მაქვს. მაგალითად, სად არის დასამახსოვრებელი ყავა ბათუმში, რომელსაც წლების ისტორია აქვს. რატომ არ არის მოწესრიგებული თევზის ბაზრობა, ან რატომ ჭირს ცოცხალი პროდუქტები, როგორია აჭარის კვებითი კულტურა და ა.შ.

ბუნებრივია, რეგიონის განვითარებაზე დიდი გავლენას ახდენს სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები. აჭარა, რომელიც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო აბაშიძის მმართველობის დროს, ბოლო წლებია განვითარების ახალ გზას დაადგა. ლამაზი შენობების მიღმა, ქალაქს უნდა ჰქონდეს განვითარების კონცეფცია. მაგალითად ზონებად დაყოფილი კვების ობიექტები, სადაც იქნება  ქართული და სხვა ქვეყნების სამზარეულო.

პრობლემურია ადგილწარმოების პროდუქტები და შესაბმისად ფაქტიურად არ არის წარმოდგენილი ადგილობრივი სამზარეულო. სამზარეულო, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. ვინმე ფიქრობს, რომ თუნდაც კუთხური აჭარული კერძებიდან მხოლოდ “აჭარული ხაჭაპურით” შეგვიძლია სტუმრის მოხიბვლა, ან საერთოდ, სად არის ქართული სამზარეულო, რა უნდა დაამახსოვრდეს ტურისტს? ვთანხმდებით იმაზე, რომ გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნაწილია. მაშინ რატომ არ ვზრუნავთ მასზე?

პრობლემურია ღვინის კულტურა, ქართული ღვინო ბათუმის ტურისტულ ზონაში შესაფერისად არაა წარმოდგენილი. არადა ღვინის ქვეყნიდან მიმავალ ტურისტს “იზაბელას” ჯიშისგან დამზადებული ღვინო არ უნდა ეგონოს ქართული. სხვათა შორის “იზაბელას” ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება არ შეიძლება. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რატომ არაა რეგიონში ცნობილი ღვინის ერთი ქარხანა მაინც. ამ პოტენციალის განვითარება მნიშვნელოვანია.

მხოლოდ ბიზნესის დადანაშაულება უსამართლო იქნება. არატურისტულ პერიოდში სახელმწიფომ გადასახადები უნდა შეუმციროს კვების ობიექტებს, რათა მათ შეძლონ სივრცისა და ხარისხის შენარჩუნება და ყოველ ზაფხულს ორი კვირით ადრე არ დაიწყონ მობილიზება ტურისტების მისაღებად. საჭიროა გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვეს გასტრო სფეროში და მთლიანად შეცვლის კვების კულტურას ამ მნიშვნელოვან ტურისტულ ზონაში. უნდა გაიზარდოს კონკურენცია, რაც ხარისხზე მოთხოვნას გაზრდის. თავის მხრივ სოცილური პასუხიმგებლობა უნდა იგრძნონ ბიზნესის მეპატრონეებმა და თავად დაინტერესდნენ სტანდარტის ამაღლებით.

საბედნიეროდ, ბათუმში არის თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე კვების ობიექტი, რომელიც ნაწილობრივ აკმაყოფილებს სტანდარტებს, მაგრამ ეს არ ცვლის საერთო სურათს. ეს არჩევანს გავს უარესსა და ცუდს შორს.

არა მხოლოდ ბათუმში, არამედ სრულიად საქართველოში ტურისტის მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გასტრონომიაა. ჩვენი ქვეყნის მდიდარი სამზარეულოთი ხარისხიანად თუ გავუმასპინძლდებით ტურისტებს, მერწმუნეთ მას დაუვიწყარი გემო აუცილებლად მოაბრუნებს კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანაში.

დაბოლოს, შენ სად ჭამ ბათუმში?

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა