ნაპოვნი დრო
თუ არ არსებობს ბნელი, არ არსებობს შუქიც. ეს კაცობრიობის ეგზისტენციალური გამოცდილებაა და როგორც მარსელ პრუსტის ცნობილ გამონათქვამშია: “რაც უფრო დიდი წრე მოხაზა ჩრდილმა, მით მეტი შანსია, რომ შუქი გამობრწყინდეს.“
ჩვენ მხოლოდ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ჩრდილი ხელში ავიღოთ, ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად, ვაქციოთ ეპიდემიის ეს ბნელი წრე, ჩვენს ქვეყანაში დიდი სინათლის მოსვლის პერსპექტივად.ახლა როდესაც კორონავირუსი გლობალიზაციას აჩერებს, სამყარო სწრაფი ტემპით იცვლება და ის ამ დიდი პაუზის შემდეგ სულ სხვაგვარი იქნება, გვაქვს უნიკალური შანსი სრულიად შევცვალოთ ჩვენი ქვეყანაც, კარგად გავიაზროთ ჩვენი ადგილი. ჩვენი როგორც ერის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ჩვენი ახალი და მნიშვნელოვანი ადგილი ახალი სამყაროს რუკაზე.
ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვკარგავდით ჩვენს იდენტობას, ტერიტორიებს, წეს- ჩვეულებებს, ენას, ადამიანებს ემიგრაციის გამო, ქვეყანა გახდა მომხმარებელი და იმპორტზე დამოკიდებული, ვერ შევქმენით არა თუ რამე მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექოლოგიებისა და ინოვაციის სახით, არამედ ის ქარხანა ფაბრიკებიც კი, რომელთაც მოდერნიზაცია სჭირდებოდა, ჯართში ჩავაბარეთ და უცხო ქვეყნებში გავყიდეთ, საზოგადოება უაღრესად პოლარიზებული აღმოჩნდა, დაიყო წვრილ პარტიულ თუ იდეოლოგიურ კონფლიქტურ ფენებად. დღეს ჩვენ ვართ ჩრდილში. ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, მაგრამ არ ვართ თავისუფლები. ჩვენ ვართ ქვეყანა, მაგრამ არ ვართ სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ ვართ ღარიბები. ჩვენ გვყავს პროფესიონალები, მაგრამ არარეალიზებულები, ჩვენ შევქმენით ბიზნესი, მაგრამ ვერ შევქმენით საშუალო ფენა, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი, ჩვენ ვართ ნიჭიერები, მაგრამ არა განათლებულები.
მაშ რა უნდა გავაკეთოთ? რა მიზანი გვაქვს? როგორი ქვეყანა და სახელმწიფო გვინდა რომ გვქონდეს?
იქნებ სწორედ დღევანდელი კორონაპრობლემაა ის წამი და ის “ნაპოვნი დრო“, რომ ამ კითხვებს პასუხი გავცეთ? იქნებ ახლა, საერთო გასაჭირის დროს შემდგარი ერთობა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ყველა შევთანხმდეთ, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, რა ფუნქცია გვეკისრება მსოფლიოს ახალ გლობალურ რუკაზე? იქნებ ახლა ვთქვათ, რომ ჩვენი თავის გამოკვება ჩვენ თავად შეგვიძლია, იქნებ ახლა შევთანხმდეთ რომ ისეთი ქვეყანა გვინდა გვქონდეს, საიდანაც ჩვენი მოქალაქეები კი არ გარბიან, არამედ ბრუნდებიან და ღირსეულად საქმდებიან.
ფაქტია, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო უკვე სხვა იქნება, თითოეული სახელმწიფო საკუთარი პრობლემებით იქნება დაკავებული, შეიცვლება ეკონომიკა, მიწოდება – მოთხოვნის ბალანსი, მოთხოვნა იქნება ინოვაციებზე, ჯანსაღ და ბიო პროდუქტებზე, აქაც ჩვენი სიტყვის თქმა შეგვიძლია, თუ ახლავე დავიწყებთ ამისთვის ფიქრსა და მზადებას.
ჩვენი ემიგრაცია ახლა იძულებით დაბრუნდა სამშობლოში, ჩვენ ახლა დავუბრუნდით სოფლებს და ახლა შეგვიძლია შევქმნათ ფერმერული მეურნეობები, ავითვისოთ ჩვენი მიწები, დავამუშავოთ ისინი, მოვიყვანოთ საკუთარი ჯანსაღი პროდუქტი. ჩვენ ახლა შეგვიძლია გაერთიანება და ერთად დგომა. ჩვენ ახლა გვაქვს დრო კითხვის, შემეცნების და განათლებისთვის. ჩვენ ახლა შეგვიძლია დავეხმაროთ აფხაზებსა და ოსებს, რომელთაც უმძიმესი პერიოდი დაუდგებათ და რომელთაც მხოლოდ ჩვენთან ჰყავთ მშველელი. დამხმარე, მეგობარი.
ეპიდემია დღეს არის პრობლემა, ხვალ კი შესაძლებლობაა, რომ გავარღვიოთ ჩაკეტილი ჩრდილის წრე. ჩვენ ახლა გვაქვს ამის შანსი, ჩვენ ეს შეგვიძლია თუ ამ იდეის, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გარშემო გავერთიანდებით. შეგვიძლია 2020 წლიდან დავიწყოთ ახალი ათწლეული, სახელმწიფოს შექმნის ახალი ეტაპი.
სწორედ ესაა დღეს ჩვენი მთავარი ეროვნული იდეა.
გავერთიანდეთ, რათა გავიმარჯვოთ!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მარტი 30, 2020