"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
პროტესტი ჩრდილოეთ აფრიკიდან სამხრეთ ამერიკამდე: რატომ?
16-17 ნოემბერს 1 წელი შეუსრულდა საფრანგეთში “ყვითელ ჟილეტების” მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებს. გასულ შაბათ-კვირას პარიზის ქუჩებში ისევ მოხდა შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. მე-13 კვარტალში იტალიის მოედანი ისევ ბატალიების ეპიცენტრად იქცა. რატომ?
16-17 ნოემბერს 30 წელი შეუსრულდა ყველაზე ხავერდოვან რევოლუციას მსოფლიოში. 30 წლის წინ პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო დღეზე გამოსულმა ასობით ათასმა დემონსტრანტმა 29 დეკემბერს დაასრულა კომუნისტური პარტიის მმართველობა ჩეხოსლოვაკიაში, რის შემდეგაც მალევე ჩეხეთი და სლოვაკეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. 30 წლის შემდეგ პრაღის ცენტრალურ პარკში 230 ათასი ადამიანი გამოვიდა მილიარდერი პრემიერმინისტრის ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით. რატომ?
16-17 ნოემბერს ირანში ახალი ძალით იფეთქა საპროტესტო ტალღამ. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გათიშვის თაობაზე. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად შეწყვეტილია მობილური კავშირიც. რატომ?
მეზობელ ერაყში საპროტესტო აქციები დაიწყო ოქტომბერში, რის შედეგადაც დღემდე, გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 319 და დაშავებული და ჰოსპიტალიზებულია ათასობით ადამიანი. რატომ?
რეგიონის კიდევ ერთ ქვეყანაში ლიბანში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად, რომელშიც პირველად საპროტესტო აქციების ისტორიის მანძილზე მონაწილეობდა ქვეყანაში მცხოვრები ყველა ძირითადი კონფესიის წარმომადგენელი ათეულ ათასობით მოქალაქე, გადადგა ქვეყნის პრემიერმინისტრი საად ჰარირი. რატომ?
სექტემბერ-ოქტომბერში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ჩრდილოეთ აფრიკის ტუნისსა და ეგვიპტეში. ალჟირში, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა გადადგა თანამდებობიდან მიმდინარე წლის აპრილში და დაინიშნა არჩევნები 12 დეკემბერს, საპროტესტო ტალღა მაინც არ ცხრება. რატომ?
მეშვიდე თვეა არ წყდება პროტესტი ჰონგ-კონგში. გამოსვლები უკვე ყოველდღიურად იმართება, რასაც თან ახლავს სერიოზული შეტაკებები დემონსტრანტებსა და ადგილობრივ სამართალდამცავებს შორის. გასულ შაბათ-კვირას საპროტესტო აქციების შედეგად დაზიანებული ქუჩების, მაღაზიებისა და საზ. კვების ობიექტების “დასალაგებლად” გამოვიდა არც მეტი, არც ნაკლები ჩინეთის სახალხო არმიის ნაწილები. რატომ?
სამხრეთ ამერიკა ასევე პროტესტის ტალღამ მოიცვა. ვენესუელაში წლის დასაწყისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ შუა წელში თითქოს განელდა, მაგრამ მეზობელ ბოლივიაში აქციების შედეგად ევო მორალესის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ (რაშიც გადამწყვეტი როლი ადგილობრივმა სამხედროებმა ითამაშეს) გასულ შაბათ-კვირას ახალი ძალით იფეთქა საპროტესტო ტალღამ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასსა და სხვა დიდ ქალაქებში. არ ცხრება პროტესტი კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ ჩილეში. ხალხი აქაც ათასობით გამოდის ქუჩაში. რატომ?
რატომ, რატომ და კიდევ ერთხელ რატომ გამოდის მსოფლიოს მასშტაბით ასეულ ათაოსბით ადამიანი ქუჩებში? რას აპროტესტებენ და რა კავშირია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, სრულიად განსხვავებული ეკონომიკების, კულტურის, რელიგიის, მენტალიტეტისა და ტემპერამენტის მქონე ადამიანებს შორის?
პროტესტის დაწყების მიზეზი სხვადასხვაა: საწვავზე ფასების ზრდა და კვოტების დაწესება ირანში, ისევ საწვავის ფასები და საგადასახადო სისტემის რეფორმა საფრანგეთში; მეტროთი მგზავრობის გაძვირება ჩილესა და უოთსაპით სარგებლობაზე ფასების ზრდა ლიბანში;
ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის ინიცირება ჰონგ-კონგში და პრემიერმინისტრის წარსულში თანამშრომლობა საიდუმლო პოლიციასთან ჩეხეთში; არჩევნების ხალხისთვის მოპარვა და უსასრულოდ ძალუფლების შენარჩუნების მცდელობა ვენესუელასა და ბოლივიაში;
ევო მორალესმა თავისი მმართველობის 14 წლიან პერიოდში ქვეყანაში სიღარიბის დონე 38%-დან 17%-მდე დაიყვანა, მაგრამ მისი ლტოლვა ძალაუფლების შენარჩუნებისკენ საბედისწერო გამოდგა მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის.
ნატო-სა და ევროკავშირის წევრ ჩეხეთში თითქოს შედარებით კარგად არის ყველაფერი ეკონომიკურად, მაგრამ მილიარდელი ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ აგორებული სკანდალი ჯერ ევორკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების უკანონოდ მითვისების თაობაზე, შემდეგ კი სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ანდრეი ბაბიშის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ ხავერდოვანი პრაღა ისევ აღელდა.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ არაბული გაზაფხული ერთხელ უკვე ძვირად დაუჯდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ქვეყნების ლიდერებს. თითქოს წაროუდგენელიც კი იყო, რაც ეგვიპტეში, ლიბიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი დიქტატურის დამყარების მცდელობაა მეზობელ რუსეთში, მოსკოვიდან შორეულ ვლადივოსტოკამდე ათასობით ადამიანი მაინც გამოდის და პროტესტს გამოთქვამს. მათ იჭერენ, აპატიმრებენ, ჟურნალისტებს და აქტიურ ოპოზიციონერებს კლავენ და აქრობენ, მაგრამ ხალხი მაინც გამოდის. გამოდიან დემოკრატებიც და კომუნისტებიც. კოტრდებიან პოლიტიკურად, ღელავენ და ნერვიულობენ ელიტისტები. ყველა ხვდება, რომ ცვლილებები გარდუვალია; რომ ასე ვეღარ გაგრძელდება და არსებული ვითარება დიდხანს ვერ შენარჩუნდება. ბოლობოლო, თვით მაჩო მეფეც კი ცვდება და მისი წასვლის დროც დგება.
უთანასწორობა, კორუფცია, ძალაუფლების უზურპაცია, პოლიტიკური და სამხედრო ელიტების მიერ სახელმწიფოს მიტაცება – აი ეს არის ძირითადი მიზეზები, რაც იწვევს მილიონიობით ადამიანში პროტესტის განცდას და გამოყავს ისინი ქუჩებში. ეს არის ის, რასაც ვერ გუობს ხალხი და ადრე თუ გვიან გამოდის ქუჩებში, მიუხედავად იმისა, თუ რა ეკონომიკური მდგომარეობა აქვს ინდივიდუალურად თითოეულ მათგანს. ზოგან პროტესტი მშვიდობიანად წარიმართება, ზოგან კი, მაგალითად ერაყში, უსამართლობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ასობით მშვიდობიანი მოაქალაქე ეწირება.
ალჟირში ოთხჯერ არჩეული და მეხუთე ვადაზე წამსვლელი ბუტეფლიგა ხალხმა და ჯარმა გადააყენა. ხალხის წნეხის ქვეშ რაფიკ ჰარირის შვილი საად ჰარირიც გადადგა. ევო მორალესი მექსიკაში გაიქცა.
ვინ იქნება შემდეგი? მადურო? ალ სისი? ბაბიში? ვინ იცის, იქნებ არცერთი. იქნებ სხვაგან, აქვე ახლოს, ჩვენთან “გაისვრის ავრორა”. ვინ იცის, ვინ იტყვის…
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023