"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

რა ვისწავლეთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში - მარტივი სტატისტიკა

რა ვისწავლეთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში - მარტივი სტატისტიკა

2006 წელი. რუსეთის ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. 51%-ით  შემცირებული საექსპორტო მაჩვენებელი  მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთან ყველაზე მძაფრად ღვინის ბიზნესზე აისახა. ამ წელს, წინა წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი ორჯერ შემცირდა და 41 მილიონი  აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად იკლო მისმა წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში. კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა 2007 წელი მოცემული სექტორისთვის. ტრადიციული საგარეო ბაზრის შოკურმა მდგომარეობამ, დროის სიმცირის გამო ახალი ბაზრების აუთვისებლობამ, გამოიწვია ქართული ღვინის საექსპორტო მაჩვენებლის კიდევ 30%-ით შემცირება. 2007 წელს მთლიან ექსპორტში ღვინის წილი 2.4% იყო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე.

არსებული მდგომარეობა ფაქტიურად არ შეცვლილა 2012 წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით ღვინის ექსპორტი ხასიათდებოდა პოზიტიური დინამიკით, მისი ხვედრითი წილი მოცემულ ინტერვალში, მთლიან ექსპორტში საშუალოდ 2.6% იყო.  ღვინის ექსპორტი ზრდის ტემპმა 2010 წელს წინა წელთან შედარებით 28% შეადგინა, 2011 წელს  კი -31%, თუმცა მიუხედავად საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებისა, მოცემულ მცირე მონაკვეთში ვერ მოხერხდა დაკარგული რუსეთის ბაზრის წილის დაბალანსირება. მიუხედავად იმისა, რომ ემბარგოს დაწესების შემდგომ მეტნაკლები წარმატებით დაიწყო ქართულმა ღვინის ბიზნესმა საექსპორტო ქვეყნების სწრაფი დივერსიფიკაცია, არც ისე მარტივი აღმოჩნდა  ახალი ბაზრების ათვისება. არადა საქართველოსთვის ღვინის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მიმართულებაა და შეიძლება ითქვას, კლასტერსაც კი წარმოადგენს.

შვიდწლიანი პაუზის შემდგომ, 2013 წელს რუსული ბაზარი კვლავ ხელმისაწვდომი გახდა ქართული ღვინისთვის. მოცემულმა მოვლენამ ფაქტიურად მომენტალურად გამოიწვია ქართული ღვინის ექსპორტის თითქმის 100% ზრდა და 127 850 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წლისთვის ქართული ღვინის ექსპორტის 68% რუსეთის ფედერაციაზე მოდის, მას მოჰყვება უკრაინა, ღვინის ექსპორტის ნეგატიური დინამიკით, მესამე პოზიცია უკავია ყაზახეთს,  რომელსაც მოჰყვება ბელორუსია და პოლონეთი. სამწუხაროდ, ღვინის მწარმოებელების უმრავლესობამ რუსეთი არა როგორც ალტერნატივა, არამედ სხვა საექსპორტო ქვეყნების ჩანაცვლების შესაძლებლობა ისე გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უახლესი გამოცდილება გვკარნახობს, არ ვენდოთ რუსეთს როგორც სავაჭრო პარტნიორს, დღესდღეობით ქართული ღვინის საექსპორტო ბიზნესი მაინც მასზე ჩამოკიდებული გახდა. ღვინის ექსპორტის უდიდესი ნაწილის ერთ ბაზარზე კონცენტრირება ძალიან ზრდის რისკის ფაქტორს და კვლავ აყენებს ქვეყანას 2006 წლის მოვლენების განმეორების საფრთხის წინაშე.

ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის ღვინის ბაზარი საკმაოდ დაბალი ხარისხობრივი სტანდარტებით ხასიათდება.  ეს ფაქტი მწარმოებელს ადუნებს და ხარისხზე ნაკლებადორიენტირებულს ხდის. რაც, საბოლოო ჯამში, არაკონკურენტუნარიანად გვაქცევს ევრო ზონის ქვეყნებში და გვიმცირებს საექსპორტო პოტენციალს. იმის მაგივრად, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, კონცენტრაციას არასტაბილურ, რისკიან და მიმზიდველობადაკარგულ ბაზარზე ვახდენთ.

ის დროა, სწორი არჩევანი გავაკეთოთ. პოლიტიკა – არა პოლიტიკისთვის, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, რომელიც თავის თავში ბიზნესს, კულტურას, სპორტს და სხვა დანარჩენსაც მოიცავს.

შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკის და ასევე ღვინის მწარმოებლების მთავარი პრიორიტეტი ევროპული ბაზრის ათვისება და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა უნდა იყოს.

ქართული ღვინის, ისევე როგორც საქართველოს მომავალი სწორედ რომ ევროზონაზე გადის. 

გააზიარე