ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.
რას ამბობს ჩვენზე ექვთიმე
როგორც ერთი ცნობილი წნორელი თამადა იტყოდა მწუხრის სუფრებზე, სიკვდილის მერეც გრძელდება ცხოვრება. ოღონდ ამ ფრაზაში არანაირი იდუმალი აზრი, არავითარი რელიგიურ-ფილოსოფიური კონოტაცია არ იდო – ოდენ პროზაული მინიშნება, რომ წასულების სადღეგრძელოები ამოიწურა და ცოცხლებზე გადასვლის დროა.
სინამდვილეში, მართლაც საინტერესოა სიცოცხლის გზა სიკვდილის შემდეგ: ზოგს, ვინც ამქვეყნიურ “გლამურში“ ქუხდა და კონიუქტურის პიკზე გავიდა ამა სოფლიდან, ოფიციალური ცერემონიებითა და პატივით კრძალავენ პანთეონებში, მოგვიანებით კი თხრიან და იზიზღებენ (ან უბრალოდ უკვირთ, ეს აქ რამ მოიყვანაო). ზოგს პირიქით – ლამის ანონიმურად მიაბარებენ ხოლმე მიწას და მხოლოდ წლების ან თაობების შემდეგ ხვდებიან მათ ჭეშმარიტ ფასს…
ქართველებს ორივეს მაგალითი უხვად გვაქვს. ნიკოლოზ ბარათაშვილი და ზვიად გამსახურდია ათწლეულები იკვლევდნენ გზას მთაწმინდისაკენ. ფილიპე მახარაძის ჩამოსვენებას და სერგო ორჯონიკიძის ძეგლის დამხობასაც დეკადები დაჭირდა (და ეს პროცესი არ დასრულებულა).
ერთგვარ ლეგენდად ქცეული ექვთიმე თაყაიშვილი მადლიერმა ქართველმა ხალხმა ჯერ უკიდურესი სიღარიბისთვის გაწირა, მერე თავისივე დაარსებული უნივერსიტეტიდან გააგდო (“საკმარისი აკადემიური დატვირთვის არქონის გამო“), შემდეგ მეჩხერი ამალით მიაცილა ვაკის – იმხანად, ალბათ, ყველაზე “არაპრესტიჟულ“ – სასაფლაომდე, 10 წლის თავზე გადაასვენა დიდუბის პანთეონში და მხოლოდ 2000 წელს, გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ მიიჩნია მთაწმინდის ღირსად.
ექვთიმე თაყაიშვილი მას შემდეგ გახდა ხელახლა აქტუალური, რაც ვიღაცამ, ქართული მერკანტილური ქველმოქმედების ერთ-ერთ ფუძემდებელს, ბიძინა ივანიშვილს “თანამედროვე ექვთიმე“ უწოდა. ამ შედარების სევდის მომგვრელ უტიფრობაზე ახლა ნუ შევჩერდებით – ისეთზე, მეხოტბის ნაცვლად, მსმენელს რომ აგრძნობინებს თავს უხერხულად და გვერდზე გახედვას მოანდომებს. ამჯერად სულ სხვა რამ მინდა ვთქვა:
ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, სიძველეების მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან (მნიშვნელოვანი ნიუანსია ეპოქაში, როცა “კარგებიცა“ და “ცუდებიც“, ძირითადად, სხვადასხვა შეფერილობის სოციალისტები იყვნენ), დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი, ლორესა და ტაო-კლარჯეთში ფასდაუდებელი ექსპედიციების ორგანიზატორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამაარსებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (მაშინ, როცა აკადემიკოსობა რაღაცას ნიშნავდა), ბერძნულის, ლათინურის, ისტორიის, გეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის მასწავლებელი… წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიას. ექვთიმემ აღმოაჩინა, შეისწავლა და უნივერსიტეტის ბაზაზე გამოსცა ქართული სახელმწიფოსა და სამართლის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – “ხელმწიფის კარის გარიგება“. 1892 წელს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, მონაწილეობდა განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში, ხოლო მალე, მისივე რედაქტორობით გამოიცა ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
ლორესთან და ტაო-კლარჯეთთან ექვთიმე თაყაიშვილის კავშირი მხოლოდ მეცნიერული არ ყოფილა. ის ჩართული იყო სომხეთის მიერ სადავოდ გამხდარი ტერიტორიების თაობაზე მოლაპარაკებებში, მანამდე კი ტაო-კლარჯეთში ქართველი სასულიერო პირები გაგზავნა საკუთარი ხარჯით, მიტოვებული ეკლესია-მონასტრების საპატრონოდ.
თითქმის 25 წლის მანძილზე, ექვთიმე თაყაიშვილი იყო რუსული ოკუპაციის შედეგად ქვეყნიდან გაქცეული მთავრობის მიერ საფრანგეთში წაღებული ეროვნული საგანძურის მცველი, რის გამოც, კონსტანტინე გამსახურდიამ მას “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ შეარქვა. 2002 წელს კი, ქართულმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
მიხაკო წერეთელი წერდა, რომ ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი და არც ფილოლოგიის სწავლული. მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეცა და მეოთხეც. ივანიშვილთან ექვთიმეს მსგავსებაც ალბათ ამით შემოიფარგლება: ყოველგანმყოფი ოლიგარქი ხომ არც პოლიტიკოსია, არც მეცნიერი, არც “ქონთემფორარი არტის“ სპეციალისტი, არც, პრინციპში, წერა-კითხვის მცოდნე, მაგრამ ამასთანავე ყველაფერია, ანუ მისი ამალის ენაზე, უბრალოდ “პელე“.
მიუხედავად, ასეთი შთამბეჭდავი ბიოგრაფიისა, დღეს რომ რიგით ქართველს ჰკითხოთ, ექვთიმე თაყაიშვილის მთავარ – და, ალბათ, მისთვის ცნობილ ერთადერთ – დამსახურებად მეოთხედსაუკუნოვანი ემიგრაციისას ეროვნული საგანძურის შენარჩუნებას დაგისახელებთ.
ძნელია იმ ისტორიული მისიის სრულად გასიგრძეგანება, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს ხვდა წილად. მისიისა, რომელიც მან პირნათლად ატარა, შიმშილისა და დავიწყების ფონზე, განსაკუთრებით, დევნილობის ბოლო წლებში, როცა ერთა ლიგის მიერ საბჭოთა კავშირის ცნობამ საქართველოს საკითხი ფორმალურადაც მოხსნა დღის წესრიგიდან.
მაგრამ ქართველებს გვჩვევია უკიდურესობებში გადავარდნა – შეძულებაც და გაფეტიშებაც. უფრო ხშირად, “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“ სადღეგრძელოსი გვჯერა. ხანაც, თვითგვემის ტალღაზე, გვეჩვენება, რომ ჩვენნაირი უგვანო მსოფლიოში არავინაა.
მძულს ფრაზა “სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია“ – რადგან, როგორც წესი, ასე არაა – თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა სიმართლე მართლაც სადღაც ამ ორ უკიდურესობას მიღმაა. გარდა ამისა, სჯობს, თავი ზადიანი გეგონოს და მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდე, ვიდრე თვითტკბობამ მოგადუნოს და გარდუვალი იმედგაცრუების მსხვერპლი შეიქნა. ამდენად უფრო მნიშვნელოვანია, ხანდახან სარკეში ჩავიხედოთ და დავინახოთ ჩვენი, პათეტიკისა და სენტიმენტალობისგან დაცლილი, უმაკიაჟო სახის ანარეკლი.
ქართველთა ბუნებაზე, ჩვენს ქველ თუ მანკიერ მხარეებზე, სიამაყესა და სხვა თანდაყოლილ სისუსტეებზე, რომლითაც ჭკვიანი მტერი ყოველთვის სარგებლობდა, ბევრი დაწერილა. ათასწლეულთა მანძილზე უცხოელი მოგზაურებიც ისე აღწერდნენ სხვადასხვა ეპოქისა თუ ცივილიზაციური სამყაროს ზეგავლენის ქვეშ მცხოვრებ ქართველებს, კაცი იფიქრებს, რომ არასდროს შევცვლილვართ და არც მომავალში შევიცვლებით… მაგრამ მარადიული არაფერია, ჩვენს გონებაში ჩაჭირხნული მავნე სტერეოტიპებიც კი. ყველა ტრადიცია ცოცხალია – ჩვენს ხელშია მათი შენარჩუნება, გარდაქმნა ან დავიწყება. შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ “საქართველო პატარა სოფელია“, რომელმაც “თავისი ადგილი უნდა იცოდეს“ ან შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ წარმატებაში მხოლოდ საკუთარი თავი და ეს ცრურწმენა გვიშლის ხელს.
მოკლედ, იცვლებიან ადამიანები, იცვლებიან ერებიც. ოდესღაც, ისტორიული გადმოსახედიდან არც ისე დიდი ხნის წინ, ჩინელები ზარმაც და უქნარა ხალხად ითვლებოდნენ, ფრანგები – სახელმწიფოსა და საბრძოლო ხელოვნების უბადლო მცოდნეებად, გერმანელები კი მეოცნებე რომანტიკოსებად, რომლებსაც შეგიძლია ესაუბრო მუსიკაზე, ფილოსოფიაზე და ლიტერატურაზე, მაგრამ რომელთაც ბევრი არაფერი გაეგებათ სახელმწიფო და სამხედრო საქმის. დღეს სამივე ეს სტერეოტიპი ღიმილის მომგვრელია. თუ რამ შეცვალა ეს ერები, ცალკე საუბრის თემაა. მთავარი სხვაა:
განა ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ? განა ჩვენ არ შეგვიძლია გავხდეთ რაციონალურები, შორსმხედველნი, მოქალაქეობრივად მოაზროვნენი და ღირებულებების მიმართ უკომპრომისონი, ჩვენივე მომავლის ხათრით?
ამ კონტექსტში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კითხვები, რომლებიც გაბატონებულ უმსჯელობებს თავდაყირა დააყენებს და კომფორტის ზონიდან გამოგვიყვანს…
ხოდა, იმას მოგახსენებდით, რომ ექვთიმე მისი უნიკალური მოქალაქეობრივი ბიოგრაფიის გამო არ გვიკურთხებია წმინდანად. არა. ექვთიმე წმინდანად შევრაცხეთ იმიტომ, რომ მან არ გაყიდა ეროვნული განძი, რომლის ნაწილი თავადვე ჰქონდა აღმოჩენილი და რუდუნებით შესწავლილი.
რაოდენ დაბალ სტანდარტს ვუწესებთ საკუთარ თავს, როცა ელემენტარულ წესიერებასა და კეთილსინდისიერებას გმირობად ვნათლავთ? როცა ის, რაც ყველა ნორმალური ადამიანისთვის ერთადერთი და ბუნებრივი საქციელი უნდა იყოს, წმინდანობას უდრის?
ჩვენ რომ ასეთი დრეკადი მორალის ხალხი არ ვიყოთ, რომელიც ყველანაირ მორალურ კომპრომისს “ვიგებთ“ და ვიღებთ (რადგან “ურთიერთობა“ ჩვენი ცხოვრების წესია), ექვთიმეს საქციელი წმინდანის მარტვილობა კი არა, ყველა თავმოყვარე ადამიანისთვის თავისთავადი, უალტერნატივო არჩევანი იქნებოდა. სტანდარტი და არა გამონაკლისი.
ის, რომ ექვთიმე წმინდანია, ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა რაღაც გამორჩეული, რაღაც ზებუნებრივი. რაღაც, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებდით.
წესიერება გმირობა მხოლოდ იქაა, სადაც უწესობა ნორმაა.
ხოდა, რას გვეუბნება ეს? რას ამბობს ჩვენზე ექვთიმე?
რომ ჩვენ გავყიდიდით ოქროს?
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ოქტომბერი 18, 2021
- on სექტემბერი 9, 2021
- on ივნისი 13, 2021
- on აპრილი 22, 2021
- on აპრილი 15, 2021
- on აპრილი 9, 2021
- on მარტი 24, 2021
- on მარტი 24, 2021