"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
რა უნდა რუსეთს აფრიკაში?!
რიტორიკული შეკითხვაა? სულაც არა. ძალიან კონკრეტული, ციფრებში გამოსახული პასუხი აქვს ამ კითხვას; ძალიან კონკრეტული მიზნები ამოძრავებს რუსეთს აფრიკაში და ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს ამ მიმართულებით.
სოჭში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისი ყურადღებაც დაეთმო და შესაბამისი შეფასებებიც გაკეთდა. საერთაშორისო უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ახლო აღმოსავლეთი ნამდვილად ყველაზე ცხელი რეგიონია დღეს მსოფლიოში. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან სწორედ ამ რეგიონში მიმდინარეობს ბოლო წლების ყველაზე სისხლისმღვრელი საომარი მოქმედებები და სწორედ აქ ხდება ურთიერთობების გარკვევა ჩვენი რეგიონის ქვეყნებსა და ჯერ კიდევ ზესახელმწიფოს სატატუსის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის მიხედვით აშშ კვლავაც რჩება ზესახელმწიფოდ, თუმცა ჩინეთი ძალიან სერიოზულ კონკურენტად იკვეთება სი ძინ პინის გეგმაზომიერი და მიზანმიმართული მმართველობის შედეგად). მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და აღასრულა კიდეც ამერიკული ქვედანაყოფების გაყვანა ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიებიდან, ამერიკელმა სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს ძებნილი ტერორისტების სიაში პირველ ადგილზე მყოფი “დაეშის”, იგივე ისლამური სახელმწიფოს ლიდერის ალ ბაღდადის ლიკვიდაცია. ეს სერიოზული წარმატებაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციისთვის, რასაც იგი აუცილებლად (თანაც დარწმუნებული ვარ ეფექტურად) გამოიყენებს როგორ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაში, ისე ოპონენტების მხრიდან მის წინააღმდეგ აზვირთებული კრიტიკის ქარ-ცეცხლის განეიტრალებაში.
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკური აქტივობით თავისი ქულები ჩაიწერა და მსხვილ ეკონომიკურ და ფინანსურ დივიდენდებს ელოდება რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ის მიღწეულზე არ ჩერდება და მისი ამბიციები ახლო აღმოსავლეთით არ იფარგლება. თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან “სირიის ბედის განმსაზღვრელი” 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ 2 დღეში ისევ სოჭში პრაქტიკულად მთელს აფრიკას უმასპინძლა (სოჭი რომ საქართველოს ნაწილი იყო, ეგ კი არ შეეშლება რუსეთის პრეზიდენტს. იცის როგორ და რატომ უნდა გადაწეროს ისტორია). რუსეთ-აფრიკის სამიტის იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერესტროიკის დროს დაბადებულა, თუმცა მის განხორციელებას 3 ათწლეული დაჭირდა. ტყუილად არ უვლია რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ პირად მზარეულს ევგენი პრიგოჟინს აფრიკის კონტინენტზე. როდესაც რუსეთი-აფრიკის სამიტის იდეა იბადებოდა, ეს კაცი სასჯელს იხდიდა ქურდობისთვის. ციხიდან რომ გამოვიდა, ჯერ ჰოთ-დოგების გაყიდვა დაიწყო, მერე მდინარე ნევაზე მცურავ რესტორანში რუსეთის პრეზიდენტს და იაპონიის პრემიერ მინისტრს უმასპინძლა, საიდანც დაიწყო მისი აღმასვლა ჯერ კრემლის ბანკეტების, შემდეგ კი პუტინის პირად შეფ-მზარეულის სტატუსამდე. ალბათ გასცდა ერთს, გასცდა მეორე… მილიარდს და დღეს ის უკვე აფრიკაში პუტინის მთავარ კაცად გვევლინება. რას ერჩით? შედეგიც დადო. 40 ქვეყნის ლიდერი სტუმრობდა ვლადიმერ პუტინს და კიდევ 14 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი.
ანგოლაში ალმასების მოპოვებაში უკვე ჩართულია უმსხვილესი რუსული კომპანია “ალროსა”, სერიოზული კონტრაქტები აქვს ეგვიპტეში ნავთობის მოპოვებაზე “ლუკოილს”, გიგანტური ჰესების, ისევე როგორც ეგვიპტეში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას ახორციელებენ რუსები. მოზამბიკში, გაბონსა და სამხრეთ აფრიკაში მანგანუმისა და ფეროშენადნობების მოპოვებას, ოქროსა და ურანის საბადოების დაზვერვასა და მოძიებას ახორციელებს რუსული კომპანიების ჯგუფი “რენოვა”. შეიარაღების მიწოდებაზე მრავალ მილიარდიანი კონტრაქტები ხომ საერთოდ რუსეთის სამარკო ნიშანია, ისევე როგორც სამხედრო ინსტრუქტორების მივლინება კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”-ს ხაზით, რომელსაც ისევ და ისევ ყოფილი შეფ-მზარეული პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.
აფრიკა საჰარის უდაბნოს სამხრეთით – ამ სახელწოდებით არსებული აფრიკული რეგიონი მეორე ადგილზეა მსოფლიოში რეგიონების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, ხოლო გვინეა და რუანდა პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ კონტინენტზე ეკონომიკური ზრდის 2018 წლის მონაცემებით, შესაბამისად 8,7 და 8%-ით. ეს მაჩვენებლები კი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩნდება კარგი შესაძლებლობები ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდისათვის, დაწყებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით, დამთავრებული კოსმოსური ტექნოლოგიებით. მითუმეტეს ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს. მაგალითად, ანგოლას 327 მილიონი დოლარი დაუჯდა კოსმოსში პირველი ანგოლური სამაუწყებლო სატელიტის გატანა, რაც რუსულმა კომპანია განახორციელა და თანხაც კრედიტის სახით რუსულმა ბანკებმა გამოუყვეს ანგოლას.
მართალია, ჩინეთის მასშტაბებს ვერ გაეჯიბრება და ჯერ-ჯერობით ვერც აშშ-ს და ევროკავშირის დონემდე მივა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში გლობალური მოთამაშის სტატუსის დამკვიდრების კუთხით აფრიკის კონტინენტზე საკუთარი დროშის ჩარჭობაში რუსეთს სერიოზული შედეგები ექნება. აშკარაა, რომ ამ ამოცანის რეალიზებას რუსეთის ხელისუფლებაც და პრეზიდენტის ძვირფასი შეფ-მზარეული ძალიან სერიოზულად უდგებიან. იმდენად სერიოზულად, რომ მისი კომპანიების საქმიანობის გამოსაძიებლად ჩასული რუსი ჟურნალისტების მკვლელობასაც კი არ ერიდება. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იმ ფონზე, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს მისი განვითარებისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე აგრესიული (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) დიპლომატიის გზით რუსეთი რეალურ წარმატებებს აღწევს.
რუსეთ-აფრიკის ურთიერთობებში ახალი ფურცელი უწოდა ვლადიმერ პუტინმა აფრიკული სახელმწიფოების ლიდერებთან სამიტს და აქვე შესთავაზა, რომ სამიტმა მუდმივი სტატუსი შეიძინოს და 3 წელიწადში ერთხელ გაიმართოს. მან უხვად მიიღო კომპლიმენტები და მიწვევები, თუმცა მყისიერი თანხმობა მხოლოდ ეგვიპტის პრეზიდენტს მისცა, რომელმაც 11-12 დეკემბერს ეგვიპტის ქალაქ ასუანში მშვიდობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე დაგემგილ აფრიკულ სამიტზე მიიწვია. რამდენად გრძელვადიანი იქნება რუსეთის ახალი აფრიკული სტრატეგია, ამჟამად რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ახლო მომავალში მსოფლიო ეკონომიკების პირველ სამეულს – აშშ-ს, ჩინეთსა და ევროკავშირს ნამდვილად მოუწევთ დამატებით ძალისხმევის მობილიზება რუსეთის პრეზიდენტის და მისი ყოფილი შეფ-მზარეულის აპეტიტების დასაოკებლად.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023