“დავამთავრე New England College ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხით. ამჟამად ვარ ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი და ლექტორი. ასევე ვარ საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კონსულტანტი. ჩემი ინტერესის სფეროებია ინფორმაციული კულტურა,კერძოდ - ბრენდინგი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები და სხვა”
რა შეცდომებს უშვებენ ქართული კომპანიები სოციალური ქსელების გამოყენებისას?
დღესდღეობით სოციალური მედია ბევრი კომპანიისთვის თუ ორგანიზაციისთვის აქტუალური და საინტერესო მედია საშუალებაა. არაერთი სტატია თუ სახელმძღვანელო დაწერილა სოციალური ქსელების და ციფრული მედიის შესახებ. მიუხედავად ამისა, ქართულ სინამდვილეში სოციალური მედიის შესახებ ცოდნა მაინც შეზღუდულია. დღევანდელი ბლოგის თემატიკა მინდა სწორედ ამ პრობლემების განხილვას დავუთმო.
ყველაზე თვალსაჩინო შეცდომები:
სოციალურ მედიას სოციალური დატვირთვა უნდა გააჩნდეს – ეს ერთ-ერთი ყველაზე ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალებაა. შესაბამისად, ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც კომპანია არ აძლევს შესაძლებლობას თავის მომხმარებელს თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება/კომენტარი. სოციალური ქსელების გამოყენებით, შესაძლებელია დიალოგის წარმართვა არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ადამიანების წარმოდგენების და ინტერესების შესასწავლად. რადგანაც დიალოგის ფორმატი ორმხრივ კომუნიკაციას გულისხმობს, კომპანია მზად უნდა იყოს ნეგატიური და არც თუ ისე სასიამოვნო მოსაზრებების მოსმენისთვის. ქართულ რეალობაში, ხშირად შეხვდებით ისეთ გვერდებს, სადაც მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის გაკეთება ან მოკლებულია კითხვის დასმის შესაძლებლობას. ასევე ხშირია ქართული კომპანიების მირ უარყოფითი კომენტარების უგულველყოფა, წაშლა ან “დაჰაიდება”.
სოციალური ქსელები ელექტრონული მაღაზიის როლს ასრულებენ – კომპანიებს გათვიცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით შესაძლებელია გაყიდვების სტიმულირება და ახალი პროდუქციის წარდგენა საზოგადოებასთან. უახლესი კვლევების თანახმად, მომხმარებლების 80% კომპანიების ვებ გვერდებს მათი „ფეისბუკის“ საშუალებით სტუმრობენ. ამგვარად, აუცილებელია კომპანიის სოციალურ გვერდზე წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ბრენდის, პროდუქტების და მომსახურების შესახებ. ძალიან ხშირად ქართული კომპანიები თავიანთ სოციალურ გვერდებზე მხოლოდ ვიზუალური- ფოტო მასალით შემოიფარგლებიან. იშვიათად თუ შეხვდებით ქართულ “ფეისბუქის” გვერდს, სადაც პროდუქტის შესახებ მითითებულია დეტალური ინფორმაცია, ფასი, ანოტაცია და სხვ. მომხმარებლების კითხვაზე თუ რა ღირს კონკრეტული პროდუქტი, ქართული კომპანიები ტელეფონით დაკავშირებას სთავაზობენ. ასევე ხშირია უპასუხოდ დატოვებული მომხმარებლის კითხვები ან მოძველებული სტატუსები. შესაბამისად, ქართულმა კომპანიებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სოციალური ქსელების ურთიერთობის ფორმატი გახსნილი, მუდმივად განახლებული და ორმხრივი კომუნიკაციაა.
სოციალურ ქსელებს განსხვავებული საუბრის “ტონი” ესაჭიროებათ – ხშირად ქართულ კომპანიებს ავიწყდებათ, რომ სოციალური მედია არაფორმალური, უშუალო კომუნიკაციის ფორმაა. ამგვარად, აუციელებლია მისთვის შესაფერისი საუბრის ფორმატის შემუშავება. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ან თუნდაც საინფორმაციო ბროშურაში წარმოდგენილი მასალა, შესაძლოა უფრო აკადემიური და ვრცელი იყოს. სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია კი უფრო არაფორმალური და ხშირ შემთხვევაში რაოდენობრივადაც შეზღუდულია. ასევე გასათვალისწინებელია სოციალური ქსელების მომხმარებელის ასაკი. თითოეულ სოციალურ ქსელს, მისთვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ჯგუფი გააჩნია. მაგალითად “ფეისბუქის” მომხმარებლის საშუალო ასაკი 18-25 მდეა. თან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო მოსახლეობის 50%-ზე მეტი 30 წლისაც არ არის ჯერ. ანუ ნახევარი მსოფლიო სწორედ იმ ასაკობრივ ჯგუფშია, რომლისთვისაც სოციალური ქსელები საინტერესო ვირტუალური ურთიერთობის საშუალებაა. აქვე უნდა დავსძინო, რომ ბოლო კვლევების თანახმად Facebook-ის ერთ–ერთი ყველა მზარდი სეგმენტი 55 წელს გადაცილებული ქალბატონები არიან, ხოლო Twitter-ის ყველაზე დიდი დემოგრაფიული ჯგუფი 26-34 წლის ადამიანები არიან. რაც შეეხება პინტერესტს, მათი ძირითადი მომხმარებლები უმაღლესი განათლების მქონე, 50-წლამდე ასაკის ქალბატონები გახლავთ. ინსტაგრამი კი 18-29 ასაკის ადამიანებს იზიდავს. ხოლო ლინკედინის-პროფესიული ქსელის საშუალო მომხმარებელი 44 წლის ადამიანები არიან. შესაბამისად, სოციალური ქსელები არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობისთვის არის განკუთვნილი, არამედ იგი ასევე აქტუალურია სხვადასხვა ასაკის მომხმარებლებისათვის. ამიტომ, საჭიროა ქართულმა კომპანიებმა გააცნობიერონ თითეული სოციალური ქსელის მომხმარებლების დემოგრაფიული ინფორმაცია და შესაბამისად მოახდინონ მათთან კომუნიკაცია.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 18, 2015
- on ივლისი 23, 2014
- on ივნისი 30, 2014
- on ივნისი 16, 2014
- on ივნისი 13, 2014
- on მაისი 16, 2014
- on მარტი 26, 2014