"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

რა ხანგრძლივობის უნდა იყოს სამუშაო დღე?

რა ხანგრძლივობის უნდა იყოს სამუშაო დღე?

ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს შვედური კომპანიების გადაწყვეტილება 6-საათიან სამუშაო დღის განრიგზე გადასვლასთან დაკავშირებით. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი და რა შედეგს ელოდებიან კონპანიები აღნიშნული პოლიტიკიდან? დღეს, მსოფლიოში კომპანიები მუშაობენ უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დებენ დიდ ენერგიას, რათა მიიღონ უკეთესი შედეგი. თუმცა, ისინი ასევე აწყდებიან კადრების უკმაყოფილებას და მეტ გაცდენილ საათებს ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, გრძელი სამუშაო დღე პრაქტიკულად ამცირებს სამუშაოს ეფექტიანობას. ამიტომ, დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ 6 საათიან სამუშაო განრიგზე გადასვლის შემთხვევაში, დასაქმებულები უფრო ეფექტიანად შეასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს და იქნებიან უფრო ბედნიერნი, რადგან მეტი დრო ექნებათ პირადი ცხოვრებისათვის. შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქის, გროტენბურგის, ტოიოტა ცენტრი უკვე 13 წელია, რაც აღნიშნულ პოლიტიკას იყენებს და მისი თანამშრომლები უფრო ბედნიერნი არიან, შემცირებულია კადრების დენადობა და გაზრდილია კომპანიის მოგება.

თუმცა, 6 საათიანი სამუშაო დღე ზოგიერთი თანამშრომლისათვიის დიდი გამოწვევაა. იმუშაო ნაკლები და მიზნად დაისახო იგივე პროდუქტიულობა, საქმეზე გამუდმებულ ფოკუსირებას გულისხმობს, რაც თავისმხრივ ნიშნავს ნაკლებად ყურადღების გადატანას გარე ფაქტორებზე, ნაკლებ შესვენებას და მეტ კონცენტრაციას, რაც ყველას არ შეუძლია. გარდა ამისა, შესვენებებზე ადამიანების გონებაც ისვენებს, რაც ხშირად იდეების მოზღვავებას უწყობს ხელს. მაგრამ, აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო დროის შემცირება ცუდი იდეაა. კვლევების თანახმად, უფრო პროდუქტიულნი არიან ადამიანები, ვინც ნაკლები დროის განმავლობაში მუშაობენ.

მაშ, არის თუ არა მაღალი პროდუქტიულობის მიღწევის პასუხი ხანმოკლე სამუშაო დღე? აღნიშნული დამოკიდებულია ქვეყნის ცხოვრების კულტურაზე. მაგალითად, 1999 წელს საფრანგეთში სამუშაო დროის ოფიციალური ხანგრძლივობა კვირაში 39 საათიდან, კვირაში 35 საათამდე შემცირდა. თუმცა, ფრანგი მუშების ნაწილი აცხადებდა, რომ აღნიშნულ დროში სამუშაოს მოსწრება შეუძლებელია.

ქვეყნის ცხოვრების კულტურაზეა დამოკიდებული ისიც, თუ რამდენაც პასუხსმგებლობის გრძნობით ეკიდება მოსახლეობა დაკისრებულ მოვალეობას და კანონმორჩილია. რადგან, სამუშაო დროის ხანგრძლივობის შემოკლება გულისხმობს, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისათვის ნდობის გამოცხადებას, ვინაიდან მოკლე სამუშაო დრო გარკვეულწილად ზრდის არაკეთილსინდისიერად მუშაობის რისკს. თუ ადამიანები იგივე პროდუქტიულობით განაგრძობენ მუშაობას, როგორც იქამდე, მაშინ კომპანიის გამოშვებაც შემცირდება და სამუშაო დროის ხანგრძლივობის შემცირება კომპანიას მხოლოდ ზიანს მოუტანს. გარკვეულწილად გამოსავლად შეიძლება მოგვევლინოს დასაქმენულთათვის ყოველდღიური საქმიანობების გაწერა, თუმცა ეს მენეჯერის დიდ დროსა და ძალისხმევას გულისხმობს და დროის ეფექტიანად გამოყენების ნაცვლად, მენეჯერის დროის ფლანგვასთან შეიძლება მიგვიყვანოს.

მეორეს მხრივ, მიუხედავად ოფიციალური ხანგრძლივი სამუშაო დროისა (დღეში 8 საათი), დასაქმებულები დროის ნაწილს შესვენებისთვის, პირადი მიმოწერისთვის, ონლაინ საყიდლებისთვის და სხვა აქტივობებისთვის იყენებენ, რასაც კვლავაც არაფორმალურ მოკლე სამუშაო დღემდე მივყავართ (დღეში 6 საათი). ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მიუხედავად სამუშაოს შესრულება/არშესრულებისა, დასაქმებულებს მაინც უწევთ დღის აღნიშნული მონაკვეთის სამსახურში გატარება, რის გამოც მათ დრო აღარ რჩებათ პირადი ცხოვრების ისეთი ნაწილისთვის, როგორიცაა ექიმთან ვიზიტი, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა, მეგობრების მონახულება და სხვა.           

სად ვეძებოთ გამოსავალი? მიუხედავად იმისა, რომ რთულია დასაქმებულს გაუწერო ყოველდღიური საქმიანობები, ის თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობდა იგი, თვის ბოლოს მაინც ასახვას პოვებს საერთო საქმეზე. მაშასადამე, შეიძლება, ექსპერიმენტის ჩატარება და დასაქმებულებისათვის მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზება. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულს ენიჭება თავისუფალი ნება სამუშაო ადგილის ადრე ან გვიან დატოვებისა, თუმცა დასახული მიზანი თვის ბოლოს მიღწეული უნდა იყოს. დასაქმებულები კი თვითონ მოახდენენ საკუთარი უნარების შესაბამისად ქმედებას. ისინი, ვისაც შეუძლია ყურადღების კონცენტრირება და მაღალ პროდუქტიული მუშაობა, იმუშავებს მოკლე სამუშაო დროის განმავლობაში, ხოლო ვისთვისაც კონცენტრაცია დისკომფორტთან არის დაკავშირებული, გრძელი სამუშაო დღის განმავლობაში. აღნიშნულ პრაქტიკას ნდობაზე დამყარებული სამუშაო დრო ეწოდება და აქტიურად გამოიყენება გერმანიაში. ნდობაზე დამყარებული სამუშაო დროის გამოყენება საინტერესო იქნებოდა საქართველოსთვისაც, თუნდაც დასაწყისისთვის ექსპერიმენტის სახით.

გააზიარე