"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “იკეა“?

როგორ გამდიდრდა “იკეა“?

“იკეა“ ავეჯის და საოჯახო ნივთების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს 41 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.

“იკეას“ პოპულარობა ყველაზე მეტად მისმა უცნაურმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ განაპირობა, ის ძირითადად ყიდის ასაწყობ ავეჯს. ინსტრუქციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავად ააწყოს ავეჯი. ეს, ერთი მხრივ, აიფებს ავეჯის წარმოებას და, მეორე მხრივ, საინტერესოს და გამორჩეულს ხდის. ბოლო პერიოდში “იკეას“ მიმბაძველი კომპანიები გამოუჩნდა, რომლებმაც ასევე დაიწყეს მარტივად ასაწყობი ავეჯის გაყიდვა.

1943 წელს 17 წლის შვედმა ინგვარ კამპრადმა “იკეა“ დააარსა, რომლის მმართველი 2013 წლამდე თავად იყო. 17 წლის ასაკში კამპრადს უკვე ჰქონდა ვაჭრობის 12-წლიანი გამოცდილება. გარკვეული თანხა მამისგანაც მიიღო სკოლაში კარგად სწავლის სანაცვლოდ. თავიდან “იკეა“ მხოლოდ სამზარეულოს მაგიდებს ყიდდა, 1948 წლიდან კი სხვა ავეჯის გაყიდვაც დაიწყო. კომპანია ავეჯს ფოსტის მეშვეობით ყიდდა. 1945 წელს კი გაზეთებში უკვე “იკეას“ რეკლამა იბეჭდებოდა.

1951 წელს “იკეას“ პირველი კატალოგი გამოვიდა, საიდანაც მომხმარებელს ავეჯის არჩევა და გამოწერა შეეძლო. ეს იმ პერიოდისთვის უნიკალური შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი სიახლე იყო. 1953 წელს კი კომპანიამ ავეჯის პირველი გამოფენა მოაწყო. მისი ავეჯი იმდენად იაფი ღირდა, რომ ზოგჯერ მომხმარებელს ეჭვი შეჰქონდა ხარისხში, თუმცა “იკეას“ დაბალი ფასების სტრატეგიისთვის არ გადაუხვევია.

კომპანია ავეჯის დამზადებას ადგილობრივ მწარმოებლებს უკვეთავდა, მაგრამ 1955 წელს, დაბალი ფასების გამო, მწარმოებლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. კამპარდმა ავეჯის დიზაინის შექმნა სახლში დაიწყო. ამასთან, 50-იან წლებში რევოლუციური სიახლე შემოიტანა – ავეჯი შეიფუთა ბრტყელ ყუთებში, ანუ დაშლილად, რომელიც პირდაპირ საწყობიდან იყიდებოდა. ასე შეიქმნა “იკეას“ მთავარი კონცეფცია: მარტივი, პატარა ყუთებში შეფუთული, გამორჩეული დიზაინის ავეჯი, რომელსაც სახლში მოგიტანენ ან მარტივად შეგიძლია თავად წაიღო.

“იკეას“ ავეჯი საშუალო შემოსავლების მოსახლეობისთვის იყო და არის განკუთვნილი. შესაბამისად, დიდი პოპულარობა მოიპოვა. პირველი მაღაზია 1958 წელს გაიხსნა, რადგან მანამდე ავეჯი პირდაპირ საწყობიდან იყიდებოდა.

საზღვარგარეთ “იკეას“ პირველი მაღაზია ნორვეგიაში გაიხსნა 1963 წელს, შემდეგ კი დანიაში 1969 წელს. სკანდინავიის გარეთ პირველი მაღაზია შვეიცარიაში გაიხსნა, 1973 წელს. ევროპის გარეთ კი პირველი ქვეყანა იაპონია იყო, სადაც “იკეა“ გამოჩნდა. აშშ-ში კომპანია 1990-იან წლებში შევიდა.

მცირე ზომის, ეკონომიურად დამზადებული, დიზაინით მრავალფეროვანი, ასაწყობად მარტივი, იაფი ავეჯი – ეს არის “იკეას“ გამდიდრების ფორმულა, რომელმაც დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახების ცხოვრება უკეთესი გახადა. ცალკე პოპულარობა მოიპოვა “იკეას“ საბავშვო ავეჯმა, რომელიც ბავშვების ოთახისთვის არის გათვლილი.

1980-იანი წლებიდან “იკეამ“ საოჯახო ნივთების წარმოებაც დაიწყო, როგორიცაა სარკეები, სათავსოები, ჭურჭელი და ა.შ.

2001 წელს “იკეას“ წლიური შემოსავალი 10.4 მილიარდი ევრო იყო. მას შემდეგ არ ყოფილა წელი, რომ კომპანიის წლიური შემოსავალი არ გაზრდილიყოს. 2007 წელს 20 მილიარდს მიაღწია, 2014-ში 30 მილიარდს, ხოლო 2019 წელს 40 მილიარდს გადასცდა.

დღეს მსოფლიოს 40 ქვეყანაში “იკეას“ 300 მაღაზიაზე მეტია გახსნილი, კომპანიის სათაო ოფისი ჰოლანდიაშია, მფლობელი კი ფონდი INGKA Foundation არის. “იკეაში“ დღეს 211 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მისი დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი კი Forbes-ის რეიტინგით 2010 წელს მსოფლიოში მე-11 ადგილზე იყო 28 მილიარდი დოლარის სიმდიდრით. ინგვარი 2018 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა