"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “კოლგეიტ-პალმოლივი“?

როგორ გამდიდრდა “კოლგეიტ-პალმოლივი“?

კბილის პასტის და სხვა ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელმა პოპულარულმა კომპანია “კოლგეიტ-პალმოლივმა“ 2019 წელს 16 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 13 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 68 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 35 ათასამდე ადამიანი.

1806 წელს ინგლისელმა ემიგრანტმა უილიამ კოლგეიტმა, ნიუ იორკში საპნის, სანთლების და სახამებლის საწარმო დააარსა, რომელსაც “William Colgate & Company“ დაარქვა. 1817 წელს კოლგეიტს პარტნიორად ფრესის სმიტი შეუერთდა და ნიუ იორკში საკუთარი პატარა მაღაზია გახსნეს. ამავე წელს ამერიკის გაზეთებში “კოლგეითის“ ნაწარმის პირველი რეკლამა გამოჩნდა. 1820 წელს ნიუ ჯერსიში სახამებლის მწარმოებელი ახალი ქარხანა გახსნეს.

“William Colgate & Company“-ის ნაწარმი წარამტებით იყიდებოდა, მაგრამ 1857 წელს, უილიამ კოლგეიტი გარდაიცვალა და მისი საქმე შვილმა, სამუელ კოლგეიტმა გააგრძელა. კომპანიას სახელი შეუცვალა და “Colgate & Company“ დაარქვა.

1873 წელს “Colgate & Company“-მ მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტის – კბილის პასტის გამოშვება დაიწყო. თუმცა, თავიდან ფხვნილის სახით გამოდიოდა პატარა შუშებში. მომავალ წლებში სხვადასხვა არომატის მქონე კბილის პასტები შექმნა და ასევე, სუნამოების გამოშვებაც დაიწყო. კომპანია პირველი იყო ვინც კრემის მაგვარი პასტა დაამზადა, რომელიც კბილის ემალს არ აზიანებდა. 1896 წლიდან “კოგლეიტმა“ კბილის პასტის რბილ ტუბებში გაყიდვა დაიწყო, რაც დღემდე გავრცელებულია.

1906 წელს, როდესაც “Colgate & Company“-მ 100 წლის იუბილე იზეიმა, უკვე 800 განსხვავებულ პროდუქტს აწარმოებდა. 1914 წელს კომპანიამ პირველი ფილიალი გახსნა აშშ-ის გარეთ – კანადაში. 1920 წელს კი “კოლგეიტის“ პროდუქცია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში იყიდებოდა.

“კოლგეიტის“ ისტორიის პარალელურად, 1864 წელს ბ. ჯ. ჯონსონმა ამერიკის ქალაქ მილოუკში საპნის მწარმოებელი ქარხანა გახსნა. ჯონსონი საკუთარი ფორმულით, პალმის და ზეთის ხილის ზეთისგან (palm oil and olive oil) აწარმოებდა საპონს, რომელსაც შემდეგ “პალმოლივი“ დაარქვა. “პალმოლივი“ ისეთი მოწონებით სარგებლობდა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საპონი იყო.

1872 წელს, ძმებმა პიტებმა კანზასში კიდევ ერთი საპნის კომპანია დაარსეს. 1926 წელს “პალმოლივი“ და პიტების კომპანია გაერთიანდა და “პალმოლივ – პიტ“ ეწოდა. 1928 წელს “Colgate & Company“ შეისყიდა და კომპანიას დაერქვა “Colgate-Palmolive-Peet Company“. 1930 წელს კომპანიამ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაყიდა აქციები.

1939 წელს კომპანიამ ცხოველების საკვების წარმოება დაიწყო, რომელიც დღემდე გამოდის “Hill’s“-ის ბრენდით.

1953 წლიდან კომპანიის სახელწოდებიდან “Peet“ ამოიღეს და დღემდე “Colgate-Palmolive Company“ ჰქვია.

“კოლგეიტ-პალმოლივმა“ 1962 წელს კვლევითი ლაბიორატორია გახსნა, რამაც ხელი შეუწყო კოსმეტიკური და სამკურნალო დანიშნულების კბილის პასტების და სხვა ჰიგიენური საშუალებების წარმოებას. 1966 წელს, ჭურჭლის სარეცხი თხევადი საშუალებები გამოუშვა. 1967 წლიდან კი მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტა, რაც სიახლე იყო. 1972 წელს კომპანია “Hoyt Laboratories“ შეისყიდა, რომელიც დღეს “Colgate Oral Pharmaceuticals“-ის სახელით ფუნქციონირებს.

1983 წლიდან “კოლგეიტ-პალმოლივმა“ კბილის ჯაგრისების წარმოება დაიწყო. ბოლო წლებში წლიურად 1.6 მილიარდ ცალს ჰყიდის. 1989 წელს კომპანიის გაყიდვებმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

1990-2000-იან წლებში, “კოლგეიტ-პალმოლივმა“ ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი რამოდენიმე კომპანია შეისყიდა, რისი მეშვეობითაც სწრაფად ზრდიდა პროდუქციის გავრცელების არეალს. მათ შორის, იყო ცნობილი ბრენდი “Sanex“.

2020 წელს “კოლგეიტ-პალმოლივმა“ კომპანია “Hello Products LLC“ შეისყიდა და COVID-19 -ის პანდემიის წინააღმდეგ აღნიშნული კომპანიის 25 მლნ ცალი საპონი დაარიგა უფასოდ.

დღეს “კოლგეიტის“  და “პალმოლივის“ ბრენდების ქვეშ მსოფლიოს თითქმის  ყველა ქვეყანაში იყიდება პროდუქცია.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა