"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა კომპანია “სონი“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “სონი“?

კომპანია Sony Corporation-მა (“სონი“) 2019 წელს 77 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 8 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 215 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 66 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 114 ათასზე მეტი ადამიანი.

1946 წელს, მეორე მსოფლიო ომში ახლად დამარცხებულ და საკმაოდ რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფ იაპონიაში ორმა ინჟინერმა, აკიო მორიტამ და მასარო იბუკამ კომპანია “ტოკიოს ტელეკომუნიკაციების საინჟინრო კორპორაცია“ დაარსეს, რომელსაც 1958 წლიდან ახალი სახელი “სონი“ დაარქვეს. სახელი “სონი“ ლათინური სიტყვიდან “sonus“ მომდინარეობს, რაც ხმას ნიშნავს. ომის დროს, მორიტა და იბუკა ერთად მუშაობდნენ მეცნიერთა ჯგუფში, რომლებსაც საბრძოლო ტექნოლოგიების განვითარება ევალებოდათ. სწორედ აქ გაიცნეს ერთმანეთი.

          

კომპანიაში თავიდან 20 ადამიანი მუშაობდა, საწყისი კაპიტალი კი 190,000 იენს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის 500 აშშ დოლარი იყო. თავდაპირველად კომპანია ვოლტმეტრებს, ბრინჯის შესაწვავ ღუმელებსა და სხვა მცირე ელექტროხელსაწყოებს აწარმოებდა.

1949 წლიდან, “სონის“ მთავარი სულისკვეთება ხდება “დაამზადე ის, რაც ჯერ არავის დაუმზადებია“. სწორედ ამ წელს გამოუშვეს პირველი მაგნიტოფონი (Type-G), რომელსაც ხმის ჩაწერის ფუნქციაც ჰქონდა, რაც იმ დროისთვის სიახლე იყო.

          

კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო 1955 წელი, როდესაც ამერიკული კომპანიისგან ტრანზისტორების წარმოების ლიცენზია იყიდეს და პირველი რადიომიმღების წარმოება დაიწყეს. რადმდენიმე წლიწადში, წლიურად უკვე 100 ათასზე მეტს აწარმოებდნენ. 1958 წელს, კომპანიამ ტოკიოს საფონდო ბირჟაზე განათავსა აქციები.

1960 წელს, “სონიმ“ აშშ-ში გახსნა ფილიალი. მომავალ წელს “სონი“ გახდა პირველი იაპონური კომპანია, რომელიც ნიუ იორკის საფონდი ბირჟაზე შევიდა. სახელი გაუთქვა მთლიანად იაპონურ წარმოებას და “Made in Japan“ გაყიდვების წარმატების საწინდრად აქცია.

ტელევიზორების წარმოებას კომპანია 1962 წლიდან იწყებს და ამავე წელს, ჰონგ კონგში ხსნის საწარმოს. 1965 წელს, კი 19-ინჩიანი ფერადი ტელევიზორების წარმოებას იწყებს.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო 1979 წელი, როდესაც პირველი პორტატული მაგნიტოფონი ე.წ. “ვოქმენი“ გამოუშვა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1981 წელს, მაგნიტური ვიდეოკამერა, ხოლო 1982 წელს კი კომპანია “ფილიპსთან“ ერთად ახალი ტექნოლოგია – კომპაქტდისკი შექმნა.

          

1988 წელს, “სონიმ“ CBS Rerords Inc შეიძინა და Sony Music Entertainment დაარქვა. ერთი წლის შემდეგ კი კინოინდუსტრიაშიც ჩაერთო და ყველასთვის ცნობილი Columbia Pictures შეიძინა 3.4 მილიარდ დოლარად.

1990-იან წლებში ბაზარზე “სონის“ ბევრი ახალი პროდუქტი გამოჩნდა: DVD, Blue Ray, ტელევიზორი Bravia, Sony PlayStation, ნოუტბუკი Vaio და სხვა. 2001 წლიდან კი “ერიქსონთან“ ერთად სონი-ერიქსონის მობილური ტელეფონების გამოშვებას იწყებს. 2011 წელს ცალკე არსებული კომპანია “სონი-ერიქსონი“ “სონიმ“ 1.5 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა.

2002 წელს, გამოშვებული Sony PlayStation 2 ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაშების კონსოლი გახდა – 157 მლნ ერთეული გაიყიდა.

2008 წლიდან, სონის შემოსავლები 10%-ით შემცირდა. მსოფლიო ფინანსურ კრიზისს თან დაერთო “ეფლის“, “სამსუნგის“ და მოგვიანებით ჩინური კომპანიების მოძლიერება. თუმცა, “სონი“ დღესაც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ციფრული და ელექტრო ტექნიკის სექტორში და აქვს თავისი ძლიერი მხარეები, რაც დღეს ძირითადად ხმის ტექნოლოგიებში და სათამაშო მოწყობილობებში გამოიხატება.

“სონის“ წარმატება ძირითადად მის დამფუძნებელთან, აკიო მორიტასთან არის დაკავშირებული, რომელმაც კომპანიას 48 წელი უხელმძღვანელა. გარდა იმისა, რომ “სონის“ მუდმივი ინოვაციები ახასიათებდა, მან ბიზნესის მართვის იაპონური ტარადიციაც დაარღვია, სამსახურში კადრებს ყოველთვის იყვანდა კონკურსებით, გასაუბრებებით და არა ნაცნობობით. მორიტა, თავის მთავარ მიღწევად არამარტო “სონის“, ზოგადად იაპონური პროდუქტისთვის მსოფლიოში ადგილის დამკვიდრებას თვლიდა. სწორედ ამიტომ თავის წიგნს, რომელიც 1986 წელს გამოსცა “დამზადებულია იაპონიაში“ დაარქვა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა