"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
როგორ გამდიდრდა კომპანია “მარსი“?
კომპანია “მარსის“ პროდუქციის ნახვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი, რადგან ის აწარმოებს: “სნიკერსს“, “მარსს“, “ტვიქს“, “ბაუნტის“, “M&M’s,“-ს, “მილქი ვეის“, “ორბიტს“, ჯუისი ფრუთს“, “ვრიგლის“, “პედიგრის“, “ვისკასს“, “როიალ კენინს“ და სხვა მრავალ პროდუქტს.
“მარსი“ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანია. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 42 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 35 მილიარდი დოლარია, დასაქმებული ჰყავს 123 ათასი ადამიანი.
კომპანია “მარსის“ დამფუძნებელი ფრენკ მარსი, 1883 წელს აშშ-ის შტატ მინესოტაში დაიბადა. მცირე ასაკში ის პოლიომიელიტით დაავადდა რის გამოც სკოლაში სიარული არ შეეძლო. მას, სახლის სამზარეულოში დედა ამეცადინებდა და თან შოკოლადის მომზადებასაც ასწავლიდა.
19 წლიდან ფრენკ მარსი კანფეტებს და ჩიპსებს ყიდდა. 1902 წელს იქორწინა და 2 წელიწადში პირველი შვილი, ფორესტ ედვარდ მარსი შეეძინა. 1911 წელს, მეუღლესთან ერთად “მარსის კანფეტების“ საწარმო დაარსა ვაშინგტონის შტატ ქალაქ ტაკომაში. თუმცა, კონკურენტებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, საწარმო დახურა და 1920 წელს მშობლიურ მინესოტაში დაბრუნდა. მინესოტაში ახალი კომპანია “Mar-O-Bar Co“ დააფუძნა, რომელიც დღეს კორპორაცია “მარსის“ სახელით არის ცნობილი.
1923 წლიდან, ოჯახურ ბიზნესში მისი შვილი, ფორესტ მარსიც ჩაერთო. მას ჰქონდა იდეა რძის შიგთავსის შოკოლადის ფილები გაეყიდათ. ასე შეიქმნა “მილქი ვეი“, რომელიც მარსების პირველი ყველაზე წარმატებული პროდუქტი გახდა. იმდენად კარგად იყიდებოდა, რომ შეძლეს გაყიდვების სპეციალისტები დაექირავებინათ.
1929 წელს, მარსები ჩიკაგოში გადავიდნენ, სადაც შოკოლადის დიდი ქარხანა გახსნეს. 1930 წელს გამოუშვეს შოკოლადი “სნიკერსი“, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა ამერიკის ბაზარზე. 1932 წელს ბაზარს შოკოლადი “მარსი“ შეემატა.
1934 წელს ფრენკ მარსი გარდაიცვალა. ფორესტ მარსმა გადაიბარა სრულად საქმიანობა და 1935 წელს ინგლისში შოკოლადების მწარმოებელი კომპანია “Chappell Brothers“ შეიძინა და ინგლისშიც დაიწყო თავისი პროდუქციის წარმოება.
1939 წელს კომპანია “მარსმა“ ცხოველების საჭმელის პირველი ბრენდი გამოუშვა, ეს არის კატების საჭმელი “ KIT-E-KAT“. 1930-იანი წლები იმითაც გამოირჩევა, რომ “მარსი“ საკმაოდ მასშტაბურ და მრავალფეროვან სარეკლამო კამპანიაზე გადადის. მაგალითად, 1939 წელს გამოსული “დაბლიმენტის“ სარეკლამო კამპანია ითვალება, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივი იყო იმ დროისთვის.
1940 წელს ფორესტ ფრანკი ევროპიდან ისევ ამერიკის ბაზარს აქტიურად უბრუნდება და ქმნის ახალ ბრენდს – “M&M’S“, რომელიც თავიდან ფილების სახით გამოდიოდა და 1941 წლიდან, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ომის დასრულების შემდეგ “M&M’S“ იმდენად წარმატებულად იყიდება, რომ კომპანიას ახალი ქარხნების გახსნის საშუალებას აძლევს. 1942 წელს “მარსს“ შეემატა ბრენდი “Uncle Ben’s“-ს. 1958 წელს მარსების ოჯახის იმპერიას კი ცხოველების საკვების კიდევ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი “ვისკასი“ ემატება.
1960-იან წლებში “მარსი“ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში ხსნის ქარხნებს. 1964 წელს თხილის და თაფლის გადამამუშავებელ ქარხანას ხსნის, რაც მისი შოკოლადების ხარისხს აუმჯობესებს. 1965 წელს ინგლისში კვლევით ცენტრს ხსნის, რომელიც სიახლეებზე მუშაობს, განსაკუთრებით ცხოველების საკვების ხარისხის ამაღლების კუთხის. 1967 წელს ავსტრალიაშიც იხსნება ქარხანა.
1970-1990-იანი წლები ძალიან წარმატებულია კომპანიისთვის, ემატება ახალი ბრენდები და კომპანიის შემოსავლები იზრდება. “მარსის“ პროდუქცია მთელ მსოფლიოში ცნობადი ხდება და მაღაზიის თაროებს იპყრობს. 1999 წელს 96 წლის ასაკში მარსების იმპერიის მთავარი სულისჩამდგმელი ფორესტ მარსი გარდაიცვალა.
2000-იანების დასაწყისი “მარსის“ კიდევ ერთი ბრენდის “ორბიტის“ დიდი წარმატებით (ყველაზე გაყიდვადი საღეჭი რეზინი გახდა) დაიწყო. 2002 წელს კი “მარსმა“ ფრანგული კომპანია “როიალ ქენინი“ შეიძინა. 2007 წელს ამერიკული ვეტერინარული კლინიკების ქსელი “ბენფილდი“ შეისყიდა.
კორპორაცია “მარსს“ დღეს ისევ მარსების ოჯახი ფლობს. მათგან ყველაზე მდიდარი ფორესტ მარსის შვილები ჯონ და ჟაკლინ მარსები არიან 29-29 მილიარდი დოლარის ქონებით. ამავე დროს, ჟაკლინ მარსი სიმდიდრით მე-5 ქალია მსოფლიოში. 7.3-7.3 მილიარდი დოლარი აქვთ ფორესტ მარსის კიდევ ერთი შვილის ფორესტ უმცროსის 4 შვილს. ჯამში, მასრსების ოჯახის სიმდიდრე 80 მილიარდი აშშ დოლარია და მსოფლიოში სიმდიდრით მხოლოდ ორი ოჯახი უსწრებს, უოლტონების და კოხების.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024