"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა კომპანია “ჰუგო ბოსი“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “ჰუგო ბოსი“?

გერმანული კომპანია “ჰუგო ბოსის“ შემოსავალმა 2019 წელს 3 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც კომპანიისთვის რეკორდული წლიური შემოსავალია. მოგებამ კი 300 მლნ ევრომდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 2 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.2 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 15 ათასამდე ადამიანი. კომპანიის აქციების 83% თავისუფალ ბრუნვაშია, ყველაზე მსხვილი აქციონერი კი მარცოტოების ოჯახია, რომელიც 15%-ს ფლობს.

“ჰუგო ბოსი“ 1923 წელს გერმანელმა დიზაინერმა ჰუგო ბოსმა თავის მშობლიურ ქალაქ მეტცინგენში დააარსა ორ პარტნიორთან ერთად. კომპანიის სათაო ოფისი დღესაც მეტცინგენშია განთავსებული. ჰუგო ბოსის ოჯახი ვაჭრობაში იყო ჩართული და მას აქედან გამომდინარე, 38 წლის ასაკში, როდესაც კომპანიას აარსებდა, ბიზნესის საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

დღეს პრესტიჟული და ძვირადღირებული ტანსაცმლის და აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიამ, თავიდან მასიური მოხმარების ტანსაცმლის და საწვიმარი პალტოების წარმოებით დაიწყო. თუმცა, 1928 წელს გერმანიაში დაწყებულ დიდ ეკონომიკურ კრიზისს ვერც ის გადაურჩა და 1931 წელს გაკოტრდა. კრედიტორებმა მხოლოდ 6 საკერავი მანქანა დაუტოვეს. ამავე წელს ჰუგო ბოსი გერმანიის ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდა და პარტიის წევრებისთვის, მათ შორის SS-ელებისთვის (Schutzstaffel) ფორმის შეკერვა დაიწყო. ფორმაზე მაღალი მოთხოვნის გამო მის ბიზნესს საქმე კარგად მისდიოდა. 1941 წელს კომპანიის შემოსავალმა 3.3 მლნ რეიზ მარკას მიაღწია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბოსის ქარხანაში 140 პოლონელი და 40 ფრანგი ტყვე მუშაობდა.

1946 წელს, ნაცისტებისთვის მხარდაჭერისთვის ჰუგო ბოსი გაასამართლეს. ის დაბალი კატეგორიის დამნაშავედ ცნეს. დაპატიმრებას გადარჩა, მაგრამ იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური ჯარიმის – 100 ათასი მარკის გადახდა მოუწია. ასევე ჩამოართვეს ხმის მიცემის და კომპანიის მართვის უფლება. კომპანია გადარჩა, ჰუგო კი 2 წელიწადში 1948 წელს გარდაიცვალა. 2011 წელს კომპანია “ჰუგო ბოსმა“ ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ 1940-იან წლებში მონურ შრომას იყენებდა.

კომპანიის მართვა ჰუგო ბოსის ქალიშვილის მეუღლემ, ეუგენ ჰოლიმ გააგრძელა. “ბოსსმა“ ისევ გააგრძელა ფორმების შეკერვა, მაგრამ უკვე მუშებისთვის, პოლიციელებისთვის და მეხანძრეებისთვის კერავდა. კომპანია შეკვეთებს ძირითადად მამაკაცის კოსტიუმებზე იღებდა. შეკვეთები სწრაფად იზრდებოდა და კომპანიაც ფართოვდებოდა.

პირველი ბრენდირებული პიჯაკი “ჰუგო ბოსსმა“ 1970 წელს გამოუშვა – შავი კლასიკური სტილის. როგორც საერთაშორისო სავაჭრო მარკა “ჰუგო ბოსი“, 1977 წელს დარეგისტრირდა. კომპანია სპონსორი გახდა იმ დროისთვის ცნობილი ფორმულა 1-ის პილოტის ნიკი ლაუდას ჩაცმულობის, შემდეგ კი მთლიანად “მაკლარენის“ გუნდის.

1984 წელს, კომპანიამ სუნამოების გამოშვება დაიწყო, რომლისგან მიღებული შემოსავალი დაეხმარა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე შესულიყო. 1989 წლიდან კომპანიამ მზის სათვალეების წარმოებაც დაიწყო.

 1991 წელს, კომპანიის 77.5% იტალიურმა კომპანია “მარცოტო ტექსტილმა“ შეიძინა 165 მლნ დოლარად. ეს ინვესტიცია კომპანიას განვითარებაში დაეხმარა და 2 წელიწადში ფეხსაცმლის გამოშვებაც დაიწყო. მაღაზიები გახსნა აშშ-ში და ჩინეთში. 2001 წელს კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

2005-2015 წლებში “ჰუგო ბოსის“ უმეტესი წილის მფლობელი “Valentino Fashion Group“ იყო, რომელმაც კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. წლიურმა შემოსავალმა 2.8 მილიარდ ევროს მიაღწია. შემდეგ საკონტროლო პაკეტი “Permira private equity“-მა შეისყიდა, რომელმაც აქციები თანდათან გაყიდა. დღეს კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით, 500-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

“ჰუგო ბოსი“ ტანსაცმლის, პარფიუმერიის და აქსესუარების ბაზარზე, სადაც დიდი კონკურენციაა, თავის ადგილს მყარად ინარჩუნებს, რადგან მას აქვს თავის სტილი და ხელწერა – ე.წ. “Luxury“ კლასიკური, უმეტესად შავი ფერის ტანსაცმელი.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა