"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"
როგორ გამდიდრდა მაიკლ ბლუმბერგი?
მაიკლ ბლუმბერგი 60 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და სიმდიდრით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა.
2002-2013 წლებში ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერი იყო და თუნდაც აქედან გამომდინარე პოპულარობა არ აკლდა. გასულ წელს კი 77 წლის ბლუმბერგი ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტობა მოისურვა. თებერვლიდან ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერისში მიიღებს მონაწილეობას და თუ გაიმარჯვებს, დონალდ ტრამპის პირისპირ მოუწევს კენჭისყრა. საინტერესოა, რომ ბლუმბერგი ტრამპზე 19-ჯერ მდიდარია, თუმცა მისი 60 მილიარდი დოლარი არც დემოკრატების პრაიმერისის მოგების გარანტიაა და მით უმეტეს, არც საპრეზიდენტო არჩევნების. მას წინ დიდი ბრძოლა ელის.
მაიკლ ბლუმბერგი 1942 წლის 14 თებერვალს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, პატარა ქალაქ ბრაიტონში დაიბადა. მამამისი ჰენრი ბლუმბერგი და დედა შარლოტა რუბენსი ბუღალტრები იყვნენ, სიმდიდრით არ გამოირჩეოდნენ. ბლუმბერგების ოჯახი ებრაული წარმოშობისაა. მაიკლის დაბადებიდან 2 წელიწადში ბოსტონში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1964 წელს ბლუმბერგმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაამთავრა ელექტროინჟინერიის სპეციალობით. 1966 წელს კი ჰარვარდის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო.
1966 წელს მაიკლ ბლუმბერგმა მუშაობა დაიწყო საინვესტიციო ბანკში “სოლომონ ბრაზერსში“, სადაც ჯერ აქციებით ვაჭრობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი სისტემურ განვითარებას. ბანკში 1981 წლამდე იმუშავა, რადგან ამ წელს სამსახურიდან დაითხოვეს. ეს გამოიწვია “სოლომონ ბრაზერსის“ კომპანია “ფიბროსთან“ შერწყმამ და ახალი მენეჯმენტის მოსვლამ. თუმცა, ამ დროისთვის ბლუმბერგს უკვე ჰქონდა კომპანიის წილი და მისი გაყიდვით 10 მლნ დოლარი მიიღო.
10 მლნ დოლარის გამოყენებით, მან დაარსა ფინანსური სისტემების ანალიზის კომპანია “ინოვაციური საბაზრო სისტემები“ (Innovative Market Systems). ის ქმნიდა და ყიდდა ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციას: საბაზრო მონაცემებს, ფინანსურ გათვლებს და უოლ სთრითის კომპანიების ფინანსურ ანალიზებს. ეს კეთდებოდა კომპიუტერიზებული სისტემით, რომელსაც თავიდან “Market Master Terminals” ერქვა, მოგვიანებით კი გახდა ბევრისთვის კარგად ნაცნობი “Bloomberg Terminals“. მაიკლის კომპანიის პირველი დიდი კლიენტი იყო ბანკი “მერილ ლინჩი“, რომელმაც “ინოვაციური საბაზრო სისტემებში“ 30 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო.
კომპანიას “Bloomberg L.P.“ 1987 წლიდან დაერქვა და უკვე 1990 წელს ამ კომპანიის 8 ათასი ციფრული ტერმინალი მუშაობდა. 2015 წელს კი ტერმინალების რაოდენობა 325 ათასი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც 20 ათასი ადამიანი მუშაობდა. 2019 წელს კომპანიის შემოსავალმა 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. “Bloomberg L.P.“-ის 88%-ს დღემდე მაიკლ ბლუმბერგი ფლობს.
დღეს ბლუმბერგის ბიზნესი მოიცავს საკუთარ ბეჭდურ და ინტერნეტ გამომცემლობებს, რადიოს, ტელევიზიას და საინფორმაციო სააგენტოს. ის მედიაში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენია.
2001 წელს ბლუმბერგმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, რადგან ნიუ-იორკის მერის არჩევნებში ჩაერთო, რომელიც მოიგო და 3 ვადით გახდა ქალაქის მერი. 2014 წელს კი ისევ კომპანიის მართვას დაუბრუნდა.
დღეს მაიკლ ბლუმბერგის მთავარი მიზანი ტრამპის დამარცხებაა. ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის მზადაა, ტრამპის დასამარცხებლად ერთი მილიარდი დოლარი დახარჯოს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024
- on თებერვალი 29, 2024