"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “ნისანი“?

როგორ გამდიდრდა “ნისანი“?

ავტომობილების წარმოების მიხედვით “ნისანი“ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, 2019 წელს 6 მლნ-მდე ავტომობილი გამოუშვა. გასულ წელს, კომპანიის შემოსავალმა 116 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ 7 მილიარდი დოლარი. “ნისანის“ აქტივები 183 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 136 ათასზე მეტი ადამიანი.

“ნისანი“ იაპონურ ავტომწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე ძველია. ის 1911 წელს მექანიკის ინჟინერმა მასუჰიტო ჰაშიმორომ დაარსა ტოკიოში. კომპანიას თავიდან “Kaishinsha Motor Car Works“ ერქვა. პირველი ავტომობილი 1914 წელს გამოუშვა, რომელსაც “DAT“ ერქვა. ეს სახელი კომპანიის სამი ინვესტორის (Kenjiro Den, Rokuro Aoyama, Meitaro Takeuchi) გვარების წინა ასოებისგან იყო მიღებული.

1918 წელს კომპანიას “Kaishinsha Motorcar Co“ დაერქვა. ამ დროისთვის კომპანიის კაპიტალი უკვე 600 ათასი იენი იყო და 60 ადამიანს ასაქმებდა. ამავე წელს კომპანიამ 41 ერთეული “DAT“ გამოუშვა, რომლებსაც 4 ცილინდრიანი ძრავი ჰქონდათ და სიახლე იყო იაპონიაში. 1923 წელს მანქანების საწარმო ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. ქარხანა 1925 წელს უკვე “DAT Jidosha & Co“-ს სახელწოდებით აღდგა. კომპანიამ სატვირთო ავტომობილების წარმოება, იაპონიის არმიისთვის დაიწყო. ავტომობილების ასაწყობად დეტალების ნაწილი აშშ-დან შემოჰქონდა. 1932 წელს კომპანიას კიდევ გადაერქვა სახელი და “Datsun“ დაერქვა.

აღნიშნული მოვლენების პარალელურად, 1928 წელს იაპონიაში იოშისუკე აიკავამ დააფუძნა ზაიბაცუ (მსხვილი კონგლომერატი გარკვეული პრივილეგიებით ბაზარზე) “Nihon Sangyo“,  რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში ახორციელებდა ინვესტიციებს. სწორედ “Nihon Sangyo“-დან წამოვიდა სიტყვა “Nissan“, ორი სიტყვის საწყისი ასოების შეერთებით. დასახელება “Nissan“ პირველად 1933 წელს ტოკიოს საფონდო ბირჟაზე გამოჩნდა. კომპანია “Datsun“ “ნისანმა“ 1931 წელს შემოიერთა და ავტომობილების წარმოება განაგრძო.

1935 წრლს იოკოჰამაში ავტომობილების მწარმოებელი ახალი ქარხანა აშენდა და ამავე წელს “ნისანმა“ 44 ავტომობილი ექსპორტზე გაიტანა. 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამო კომპანიამ მუშაობა შეაჩერა და 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ განაგრძო. 1948 წლამდე მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს უშვებდა. 1951 წელს კი ჯიპი “პატროლი“ და სედანი “აუსტინი“ გამოუშვა.

1955 წლიდან “ნისანი“ იწყებს პოპულარული “პიკაპების“ გამოშვებას, რომელიც “ Datsun“-ის სერიით გამოდიოდა.

კომპანიის წარმატების გზაზე მნიშვნელოვანი იყო 1958 წელი, როდესაც აშშ-ში ავტომობილების ექსპორტი დაიწყო, ეს იყო ავტომობილები “Datsun“. ასევე მნიშვნელოვანი იყო 1961 წელი, როდესაც “ნისანმა“ პირველი საზღვარგარეთული ქარხანა გახსნა მექსიკაში. მექსიკას მოჰყვა ქარხანა ავსტრალიაში.

აშშ-ში “ნისანი“ იმპორტირებულ მანქანებში პირველ ადგილზე იყო და ზოგადად, ავტომობილების წარმოების რაოდენობით მხოლოდ “ტოიოტას“ ჩამორჩებოდა. 1969 წელს “ნისანს“ უკვე 1 მლნ ავტომობილი ჰქონდა ექსპორტზე გატანილი. 1972 წლისთვის კი დაარსებიდან 10 მლნ მანქანა ჰქონდა წარმოებული, 1977 წლისთვის კი 20 მლნ. 1972 წლიდან დაიწყო ცნობილი მოდელების “სქაილაინის“ და “გლორიას“ წარმოება. 1979 წლიდან ავტომობილების წარმოება აშშ-შიც დაიწყო. 1983 წელს აშშ-ში გახსნა ასევე ნისანის კვლევების და განვითარების ცენტრი (Nissan Research and Development).

1980 წელს ესპანური კომპანია “Motor Iberica“ შეისყიდა და 1980 წლისთვის კომპანიას უკვე 10 მლნ ავტომობილი ჰქონდა ექსპორტზე გატანილი. 1984 წელს სამხრეთ კორეაში შვილობილი კომპანია “Daewoo Motor“ დააარსა. 1989 წელს “ნისანმა“ “ინფინიტის“ ბრენდის ავტომობილების წარმოება დაიწყო.

1990-იან წლებში “ნისანმა“ რამდენიმე ქვეყანაში გახსნა ქარხანა, მათ შორის ჩინეთშიც. 1999 წელს “ნისანის“ აქციების“ 40% ფრანგულმა “რენომ“ შეიძინა. სანაცვლოდ, ნისანმაც მიიღო “რენოს“ აქციების 15%. შეიქმნა ნისანი-რენო-ს ალიანსი, რომელსაც მალე “მიცუბიშიც“ შეუერთდა და სამმა კომპანიამ ერთობლივი ძალებით სხვადასხვა პროექტები განახორციელეს.

2007 წელს “ნისანმა“ პირველი ჰიბრიდი გამოუშვა “ Altima“, 2010 წელს კი პირველი მასიური წარმოების სრულიად ელექტრო ავტომობილი “Leaf“. 2011 წელს “Leaf“ წლის ავტომობილად დასახელდა.

დღეს “ნისანს“ ქარხნები 18 ქვეყანაში აქვს და წელიწადში 5-6 მლნ ავტომობილს ყიდის. ბოლო წლებში კომპანიის შემოსავალი იზრდებოდა და წლიურად 100 მილიარდ დოლარს გადასცდა. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, 2020 წელს 90 მილიარდ დოლარამდე შემოსავლის მიღებას მოელის.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა