"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა პოლონეთი?

როგორ გამდიდრდა პოლონეთი?

პოლონეთის ეკონომიკა 600 მილიარდი აშშ დოლარია და სიდიდით მსოფლიოში მეოცეა. ერთი ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი პოლონეთში 34 ათას PPP დოლარამდეა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 41-ე ადგილზეა.

სტატიაში სოციალისტური ბლოკის შემდგომ პოლონეთს განვიხილავთ. მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთი უფრო მდიდარი იყო, ვიდრე ესპანეთი და საბერძნეთი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი სოციალისტურ ბლოკში მოექცა, მისი ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ გაცილებით ნელა, ვიდრე არასოციალისტური ევროპის ქვეყნების. 1970-იანი წლებიდან პოლონეთში სტაგნაცია იყო, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 5 ათას დოლარს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი აღარ იზრდებოდა. 1989-1991 წლებში, როგორც ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში, პოლონეთშიც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ეკონომიკა 15%-ით შემცირდა, წლიური ინფლაცია 50-60%-ს აღწევდა, უმუშევრობის დონე კი 15%-მდე იყო.

1989 წელს პოლონეთში ეკონომიკური რეფორმები დაიწყო, რომელიც ძირითადად ფინანსთა მინისტრთან და ამავე დროს პრემიერ მინისტრის მოადგილესთან ლეშეკ ბალცეროვიჩთან არის დაკავშირებული. მან კრიზისიდან გამოსასვლელად ე.წ. “შოკური თერაპიის“ მეთოდი აირჩია, რაც მტკივნეული რეფორმების სწრაფად გატარებას და სოცილისტური, დაგეგმვითი ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადაწყობას ნიშნავდა. “შოკური თერაპიის“ ფარგლებში მთავრობამ “გაყინა“ ინფლაციურად მზარდი ხელფასები, შეწყვიტა ფასების კონტროლი, გადავიდა შედარებით თავისუფალ საგარეო ვაჭრობაზე, შეუწყვიტა სუბსიდიები სახელმწიფო კომპანიებს და ბევრი მათგანის პრივატიზება მოახდინა. გამარტივდა კერძო კომპანიების დაარსება.

რეფორმებს შედეგი მყისიერად არ მოყოლია, ეკონომიკამ ზრდა 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე არ შეუწყვიტავს, 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი პოლონეთის ეკონომიკა გაიზარდა. 1992-2007 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იყო. შემდეგ შედარებით შემცირდა, 2008-2019 წლებში საშუალო ზრდის ტემპი 3.6% იყო. იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთის მოსახლეობის რიცხოვნობა არ იზრდება, ეკონომიკური ზრდა უკვე 28 წელია წლიდან წლამდე ზრდის პოლონელების შემოსავალს. ბოლო 20 წლის ინფლაციის საშუალო წლიური დონე 2.1%-ია.

1994 წელს პოლონეთმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. ამავე წლიდან, პოლონური პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდა. ამ პერიოდში უკვე პოლონეთის სოფლის მეურნეობა და მრეწველობა საკმაოდ სწრაფად იზრდება, რასაც ხელს იაფი მუშა ხელი და კარგი ბიზნეს გარემო უწყობს. პოლონეთის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა და თანდათანობით მისი საექსპორტო პროდუქციის 80%-ის მიმღები ევროკავშირი გახდა.

2004 წელს კი პოლონეთი ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდა. თუმცა, რუსეთის გავლენით მიდიოდა პროპაგანდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით დაკარგავდნენ დამოუკიდებლობას, ასევე, მოხდებოდა აბორტის და ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზება, პოლონურ ბაზარს მთლიანად დაიკავებდა ევროკავშირიდან შემოსული იაფი პროდუქტი, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდებოდა. თუმცა, ეს შიშები არ გამართლდა, პოლონეთი თავად წყვეტს თავის შიდა პოლიტიკას, ევროკავშირი კი მისთვის ძალიან ხელსაყრელია პროდუქციის რეალიზაციისთვის, განსაკუთერბით სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის.

დღეს პოლონეთს თითქმის დაბალანსებული სავაჭრო ბალანსი აქვს. მისი ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა: სურსათი, ტანსაცმელი, ავეჯი, კოსმეტიკა და მანქანა-მოწყობილობები. მთავარი სავაჭრო პარტნიორები კი გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და იტალია არიან.

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანებას მასიური ემიგრაციაც მოჰყვა, 2.3 მლნ-მა ადამიანმა დატოვა პოლონეთი უკეთესი სამსახურის გამო. ამან პოლონეთში უმუშევრობის დონე შეამცირა და დასაქმებულთა ხელფასი გაზარდა. დღეს უმუშევრობის დონე პოლონეთში 4%-ია და კიდევ შემცირდება, რადგან 2019 წელს პოლონეთმა 26 წლამდე დასაქმებულებს საშემოსავლო გადასახადი გაუუქმა.

დღეს პოლონეთში იწარმოება თვითმფრინავები, გემები, ავტობუსები, მატარებლები, საბრძოლო იარაღი და ა.შ. ბუნებრივი რესურსების მხრივ პოლონეთი მდიდარია: სპილენძით, ვერცხლით და ქვანახშირით.

პოლონეთს აქვს საკმაოდ განვითრებული საფონდო ბირჟა, სადაც ქვეყნის უმსხვილესი 30 კომპანიაა წარმოდგენილი. პოლონურ კომპანიებს საზღვარგარეთ 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა