"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა ფეისბუქი

როგორ გამდიდრდა ფეისბუქი

კომპანია “ფეისბუქი” 580 მილიარდი აშშ დოლარი ღირს.

2012 წლის დასაწყისში, როდესაც აქციები პირველად გამოიტანა გასაყიდად, კომპანიის ღირებულება 72 მილიარდი დოლარი იყო. ვინც “ფეისბუქის” აქციები თავიდანვე შეიძინა, დღეს 8-ჯერ მეტ სიმდიდრეს ფლობს და ამასთან ერთად წილს იღებს კომპანიის სოლიდური მოგებისგან. 2018 წელს “ფეისბუქმა” 56 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 22 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2003 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა მარკ ზაკერბერგმა ვებსაიტი “ფეისმეში” შექმნა, რომლის მეშვეობით ორი ადამინიას ფოტოების ერთმანეთთან შედარება და მოწონების მიხედვით არჩევანის გაკეთება იყო შესაძლებელი. საიტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა სტუდენტებში, მაგრამ რამდენიმე დღეში ჰარვარდის ადმინისტრაციამ საიტი დაბლოკა საავტორო უფლებების დარღვევის და სხვების პირად ცხოვრებაში ჩარევის გამო.

2004 წლის იანვარში მარკ ზაკერბერგმა ახალი ვებსაიტის კოდის წერა დაიწყო. ვებსაიტისი სახელი იყო “TheFacebook”. მარკმა და ჰარვარდის კიდევ ერთმა სტუდენტმა, ედვარდ სავერინმა, საიტის განვითარებაში 1000-1000 დოლარი ჩადეს. მათ ეხმარებოდა ასევე დასტინ მოსკოვიცი, რომელიც სტუდენტურ საცხოვრებელში ზაკერბერგთან ერთად ცხოვრობდა. 2014 წლის თებერვალში უკვე საიტი გაუშვეს, მისამართზე: thefacebook.com. პირველ დღესვე საიტზე 15 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა. დარეგისტრირება მხოლოდ ჰარვარდის სტუდენტებს შეეძლოთ. მომდევნო თვეებში რეგისტრაციის საშუალება ამერიკის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მიეცათ, შემდეგ კი სხვა ქვეყნების სტუდენტებსაც.

2004 წლის ზაფხულში “ფეისბუქში” პირველი ინვესტიცია გამოჩნდა. ბიზნესმენმა პიტერ ტილმა 500 ათასი დოლარით დააფინანსა კომპანიის 10.2%-იანი წილის სანაცვლოდ.

2005 წლის აპრილში Accel Partners-მა “ფეისბუქში” 12.7 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამავე წელს “ფეისბუქი” ახალ დომენზე facebook.com-ზე დარეგისტრირდა, ანუ “The” ჩამოშორდა. 2005 წლის დეკემბერში საიტს უკვე 6 მლნ მომხმარებელი ყავდა. 2006 წლის 26 სექტემბრიდან “ფეისბუქზე” დარეგისტრირების უფლება ყველა 13 წლის და მეტი ასაკის მქონე ადამიანს მიეცა. კომპანიის კაპიტალი ამ დროისთვის 28 მლნ დოლარამდე იყო. “იაჰუს” “ფეისბუქის” ყიდვა მილიარდ დოლარად სურდა, მაგრამ არ მიყიდეს.

2007 წელს საიტზე უკვე 100 ათასი კომპანიის გვერდი იყო გახსნილი, რომლებიც რეკლამებში ფულს იხდიდნენ. 2008 წელს კომპანიამ პირველი ოფისი გახსნა ქვეყნის გარეთ, კერძოდ, ირლანდიაში. 2007 წელს “ფეისბუქის” ყიდვას შეეცადნენ “მაიკროსოფტი” და “გუგლი”, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ “მაიკროსოფტმა” კომპანის 1.6% შეიძინა 240 მლნ დოლარად. აღნიშნული გარიგების შედეგად “ფეისბუქის” ფასი 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

2008 წლის ზაფხულში “ფეისბუქს” უკვე 100 მლნ მომხმარებელი ჰყავდა. 2009 წელს 300 მლნ, 2010 წელს 500 მლნ, 2012 წელს კი მილიარდ მომხმარებელს გადასცდა, კომპანიის მოგებამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია შემოსავლებს რეკლამებიდან იღებდა, რომლის 56% აშშ-ზე მოდიოდა. 2012 წელს “ფეისბუქმა” 1 მილიარდ დოლარად “Instagram” შეიძინა, ხოლო 2014 წელს “ WhatsApp” შეიძინა 19 მილიარდ დოლარად.

2012 წელს საფონდო ბირჟაზე გასვლის და აქციების გაყიდვის შედეგად კომპანიამ დაგეგმილი 5 მილიარდი დოლარის ნაცვლად 16 მილიარდი დოლარი მიიღო. მარკ ზაკერბეგის წილი 22%-მდე შემცირდა, თუმცა ხმების წილის 57% შეინარჩუნა.

2018 წლამდე კომპანია წარმატებულად იზრდებოდა და მდიდრდებოდა, მაგრამ 2018 წელს სკანდალში გაეხვა. ეს იყო კემბრიჯ-ანალიტიკთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის მიხედვით “ფეისბუქიდან” მილიონობით მომხმაებლის პერსნოლურმა ინფორმაციამ გაჟონა. კემბრიჯ-ანალიტიკი პოლიტიკის საკონსულტაციო ცენტრია და მილიონობით ადამიანის მონაცემებს მათი ნებართვის გარეშე იყენებდა. სკანდალის გამო “ფეისბუქის” აქციების ფასი 37%-ით დაეცა.

დღეს “ფეისბუქზე” 2 მილიარდი ადამინია დარეგისტრირებული. კომპანიის ერთი აქცია 206 დოლარი ღირს. 2012 წელს აქციებით ვაჭრობის პირველ დღეს აქციის ფასი მაქსიმუმ 38 დოლარი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ “ფეისბუქმა” ახალი სამყარო შექმნა სოციალური ქსელის სახით, უამრავი ადამიანი დააკავშირა ერთმანეთს, გაზარდა მოსახლეობის გავლენის დონე პოლიტიკაში და გააიოლა მარკეტინგი ბიზნესისთვის, მას უარყოფითად გამომყენებლებიც გამოუჩნდა. ყველაზე გახმაურებული საქმე იყო რუსეთის შესაძლო ჩარევა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.

საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მიმდინარე წლის 20 დეკემბრის ამბავმა, როდესაც “ფეისბუქმა” 400-მდე ქართული ყალბი გვერდი და ჯგუფი წაშალა, რომლებიც დეზინფორმაციით და პროპაგანდით თავს ესხმოდნენ ოპოზიციურ პარტიებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და საჯარო პირებს. “ფეისბუქის” გამოძიებით ყალბი გვერდები და პიროვნებები საქართველოს მთავრობასთან არიან დაკავშირებული.

არადემოკრატიული ქვეყნების მთავრობების მიერ “ფეისბუქის” დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ამომრჩეველზე არაკეთილსინდისიერი ზეგავლენისთვის გამოყენებამ კომპანია სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა, მათ შორის ფინანსურადაც მნიშვნელოვნად დააზარალა. ბოლო ერთ წელიწადში “ფეისბუქმა” ბევრი სიახლე განახორციელა და კვლავ აგრძელებს მუშაობას, რომ “ფეისბუქის” ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა მაქსიმალურად შეიზღუდოს, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც იყო 20 დეკემბერს წაშლილი, ქართული ოცნების მხარდამჭერი ანგარიშები.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა