"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
როდესაც ველზე ვეფხვები იბრძვიან...
ჭკვიანი მაიმუნები ჩუმად სხედან და მათ შესცქერიან.
ეს არის ჩინური სიბრძნე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პასუხად გამოიყენა, როდესაც მას ჰკითხეს აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო-სატარიფო დაძაბულობების შესახებ. საინტერესო ანალოგიაა! როგორც წესი, რუსეთის პრეზიდენტი არც თავმდაბლობით გამოირჩევა და არც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ განსაკუთრებული თავშეკავებულობით (ისე კაცმა რომ თქვას, არც აქ შეუწუხებია მაინცდამაინც დიპლომატიურობაზე თავი – სულ რეიდერი ეძახა აშშ-ს “ჰუავეის” და “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მაგალითებზე აპელირებით)! თანაც განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სი ძინპინის მხრიდანაც განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვლადიმერი მისი “საუკეთესო მეგობარია” და რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ისეთ დონეზეა, რომელზეც აქამდე არ ყოფილა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინმა ეს შეფასება გააკეთა მის მშობლიურ კედლებში, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გამხსნელ პანელზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ჩინეთის პრეზიდენტი, გაერო-ს გენერალური მდივანი და რამდენიმე სხვა ქვეყნის პირველი პირი. პანელს კი მოდერირებას უწევდა… ქართველი სოფიკო შევარდნაძე.
მოკლედ, ჩვენებურ ხალხურ სიბრძნეს თუ მოვუხმობთ, მარტო ამ პასუხით რომ შემოფარგლულიყო ვ. პუტინი, ასე გამოუვიდოდა, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო! ძალიანაც კი არ უნდა შეიძლება გაცლა და მთლად ჩინეთის გავლენის ქვეშ მოქცევა, მაგრამ ფრანგულ ნორმანდიაში, მსოფლიო ომების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო დესანტის 75-ე იუბილეს აღსანიშნავად, უკრაინაში აგრესიის, სკრიპალების მოწამვლის და კიდევ ბევრი რამის გამო მას შეგნებულად არ დაუძახეს. საკუთარ თავს დააბრალოს და ქარაგმებით მერე ილაპარაკოს. სამაგიეროდ ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის ჯერ კიდევ პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი და, რა თქმა უნდა, მასპინძელი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრებს თავისი შინაური ამბები აწუხებთ. სანქციები ირანის წინააღმდეგ, ახალი ბირთვული შეთანხმების და ზოგადად აშშ-სა და ირანს შორის დიალოგის დაწყების შესაძლებლობა (საფრანგეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით დაინტერესებულია და შუამავლობისთვისაც კი მზად არის, ვინაიდან მსხვილ ფრანგულ კომპანიებს ასეთივე მსხვილი კონტრაქტები ჰაერში გამოეკიდათ ამერიკული სანქციების გამო), ტრანსატლანტიკური კავშირების სიმტკიცე, სავაჭრო-სატარიფო დისპუტები მოკავშირეებს შორის, ევროპაში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და აშშ-ს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები (დონალდ ტრამპმა, შემდეგი 4 წელიც მე ვიქნებიო) და კიდევ მრავალი სხვა თემა გარდუვალად იყო წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდაზე ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, ფორმალურ თუ არაფორმალურ საუბრებში.
მოსკოვსა და ლენინგრადში კი იყო ჩინეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 70 წლისთავის საიუბილეო აღნიშვნები, ხაზგასმები, რომ გასული 6 წლის მანძილზე ორი ქვეყნის ლიდერები 30-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს (ისე ციფრი ნამდვილად შთამბეჭდავია), ჩინური ბიზნესის 1000-კაციანი!!! დესანტი რუსეთში და უკვე ტრადიციულ არსენალში მყოფი “პანდა დიფლომასი”. ჩინეთმა ორი პანდა 15 წლის ვადით “დააბინავა” მოსკოვის ზოოპარკში, რომელთა მონახულების დროსაც ორი ქვეყნის ლიდერები აშკარად ვერ მალავდნენ კმაყოფილებას და პოზიტიურ ფლუიდებს სტყორცნიდნენ ერთურთს და გარშემომყოფთ.
ჩინელები კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებით დარჩნენ უაღრესად კმაყოფილნი. ვიზიტის დროს რუსეთმა ხელი მოაწერა “ჰუავეისთან” 5-განზომილებიანი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებათა პაკეტს; ნამდვილად უმნიშნვნელოვანესს 2 გარემოების გათვალისწინებით: 1. ამერიკის შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში აწარმოებს კამპანიას, რომ არ დაუშვას “ჰუავეის” 5G ტექნოლოგიების დანერგვით ჩინეთის მხრიდან სადაზვერვო აქტივობებში უპირატესობის მოპოვება და 2. ინტერნეტ სამყაროში ჩინეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ერთგვარი პარალელური სამყაროს შექმნასაც კი ნიშნავს, შეიძლება ითქვას, “ინტერნეტ რკინის ფარდის” ჩამოშვებას.
ჩინური ანდაზის ანალოგიის რა მოგახსენოთ, და საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი მაიმუნობით რომ გამოირჩევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ამის შემსწრე პრაქტიკულად ყოველდღე ვხდებით. აბა, რუსები თუ პატიოსანი და წესიერი საერთაშორისო მოთამაშეები არიან, რა უნდოდა რუსულ საბრძოლო საზღვაო ხომალდ “უდალოი”-ს (იგივე, “მოხერხებულას”) ფილიპინების ზღვაში და თანაც სულ რაღაც რამდენიმე ათეულ მეტრში პარალელური კურსით მცურავს ამერიკულ საბრძოლო გემ “ჩენსელორვილთან”. ხან ზღვაში გამოედევნებიან ამერიკულ გემებს, ხან ჰაერში ნატო-ს საბრძოლო თვითმფრინავებს. ეეეჰ, ესეც ბრძნული ნათქვამია, კუზიანს სამარე გაასწორებსო!
ისე კუზიანი იქნება, ამერიკულ-თურქულ სამხედრო თანამშრომლობას მართლა რომ დაასამარებს. სულ ცოტა ხნის აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პეტ შენენჰანმა ამცნო თავის თურქ კოლეგას, რომ 31 ივლისამდე თუ თურქეთი არ შეაჩერებს რუსული “ს-400”-ების შეძენის გადაწყვეტილებას, ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს “ფ-35”-თვის თურქი პილოტების მომზადების პროგრამას და გამოთიშავს თურქეთის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების წარმოების ჯაჭვიდან. თურქეთის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას ეს ამბავი ნამდვილად კიდევ უფრო მეტად დააზიანებს (ლარს მიხედეთ, ლარს!!), მაგრამ დიდ სურათში აშშ-თურქეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს და ნატო-ს თავდაცვის უზრუნველყოფას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს!
ასე რომ. რაც არ უნდა ზღაპრებს მოყვეს რუსეთის პრეზიდენტი ჭკვიანი მაიმუნის შესახებ, ის მაინც ერთგული რჩება თავისი 2007 წლის ავადსახსენებელ მიუნხენის გამოსვლაში გაკეთებული თეზისების მსოფლიოს გამრავალპოლარულების შესახებ.
ნეტა ვინმეს თუ ჯერავს, რომ მართლა შეიძლება გაიყურსო ჭკვიანი მაიმუნივით და დაელოდო, რომელი ვეფხვი მოიგებს ველზე ბრძოლაში?!!!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023