"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

რომელი სექტორია საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი?

რომელი სექტორია საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი?

ხელფასი, წარმოადგენს თანხას, რომელსაც მშრომელები საკუთარი შრომის სანაცვლოდ იღებენ, ხოლო დამსაქმებლები ამ შრომის მიღების სანაცვლოდ გასცემენ. ისევე როგორც სხვა კონკურენტულ ბაზარზე, შრომის ბაზარზეც  ხელფასები შრომის მიწოდებითა და შრომაზე მოთხოვნით რეგულირდება. სხვა თანაბარ პირობებში, ხელფასი დაბალია იმ ბაზრებზე, სადაც შრომის მიწოდება, შრომაზე მოთხოვნას აღემატება, ანუ იმ ბაზრებზე, სადაც სამუშაო ძალის სიჭარბე აღინიშნება, ხოლო მაღალია იმ ბაზრებზე, სადაც შრომის მიწოდება შრომაზე მოთხოვნას ჩამოუვარდება, ანუ იმ ბაზრებზე, რომლებიც კადრების დეფიციტს განიცდიან. შესაბამისად, დასაქმებულთა ხელფასები განსხვავებულია დასაქმების სფეროებისა და პროფესიების მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე რომელიმე კონკრეტული პროფესიის კადრის არსებობა დიდ როლს თამაშობს წონასწორული ხელფასის ჩამოყალიბებაში, არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომაზე მოთხოვნა. ვინაიდან, სწორედ მოთხოვნის არარსებობა განაპირობებს უმუშევრობის ერთ-ერთ ტიპს, სტრუქტურულ უმუშევრობას. ანუ უმუშევრობას, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სამუშაო ძალის ზოგიერთ ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობა საკმარისი არ არის სამუშაოს ყველა მსურველის დასაკმაყოფილებლად. გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, ეკონომიკის გარკვეული დარგები კარგავენ აქტუალობას და ზრდის დაბალი ტემპებით გამოირჩევიან, მაშინ როდესაც სხვა დარგები უფრო და უფრო საჭირო ხდებიან    და სწრაფად იზრდებიან. შესაბამისად, იმ სექტორებში მომუშავენი, რომელიც აქტუალობას კარგავს, უმუშევარნი რჩებიან, ხოლო იმ სექტორში, რომელიც სწრაფი ზრდითა და აღორძინებით ხასიათდება სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება. თუმცა, ადამიანებს უჭირთ ერთი სფეროდან მეორეში მარტივად გადანაცვლება, ან ერთი პროფესიის ნაცვლად მეორე პროფესიის დაუფლება, რაც ხშირად უმუშევრობის ან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობის მიზეზი ხდება.

როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ  საქართველოში? რომელია ყველაზე სწრაფად მზარდი დარგები? რომელ დარგებიშია ყველაზე მაღალი ანაზღაურება და რომელ დარგებში გამოირჩევა დასაქმებულთა ხელფასები ცვალებადობით? საქსტატის თანახმად, 2015 წლის მეორე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობის სფეროში (1954.9 ლარი), მშენებლობის სფეროში (1337.0 ლარი), სახელმწიფო მმართველობაში (1330.6 ლარი), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროსა (1239.8 ლარი) და სამთომოპოვებით მრეწველობაში (1161.6 ლარი).

                წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

როგორც აღვნიშნეთ, საფინანსო სფეროში საქმიანობა დღეისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადია დაქირავებით დასაქმებულთა შორის. მაგრამ, თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 1998 წლისათვის საფინანსო საქმიანობა ისეთივე ანაზღაურებადი იყო, როგორც ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება ან მშენებლობა. თუმცა, საფინანსო საქმიანობა წლიდან წლამდე ყველა სფეროზე სწრაფად იზრდებოდა და დაქირავებით დასაქმებულთა ანაზღაურება აღნიშნულ სექტორში დღეისათვის სხვა სექტორებზე გაცილებით მაღალია. მსგავსი სურათი გვაქვს დამამუშავებელი მრეწველობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებშიც. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება ორივე სექტორში ერთიდაიგივე იყო, ვინაიდან წლების განმავლობაში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგი უფრო მაღალი  რეალური ზრდით გამოირჩეოდა, ვიდრე დამამუშავებელი მრეწველობის, დღეისათვის სამთომოპოვებით მრეწველობაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი აღემატება დამამუშავებელი მრეწველობის დარგში დასაქმებულთა ანაზრაურებას. ასევე, საინტერესოა თუ შევადარებთ განათლების დარგსა და ოპერაციებს უძრავი ქონებით, იჯარასა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევას. თუ 1998 წლისათვის განათლების სფეროში დაქირავებით მომუშავეთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 37%–ით აღემატებოდა ოპერაციებს უძრავი ქონებით, იჯარასა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სფეროში დაქირავებით მომუშავეთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, დღეისათვის აღნიშნული სფეროს მაღალი ზრდის ტემპიდან გამომდინარე, მდგომარეობა შეიცვალა და უძრავი ქონებით ოპერაციებში, იჯარასა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის სფეროში დაქირავებით მომუშავეთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი თითქმის 2.4–ჯერ აღემატება განათლების სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასს.

გარდა სექტორის ზრდის ტემპისა, ამა თუ იმ ბაზარზე არსებული საშუალო ხელფასის განსაზღვრისათვის, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამდენად მდგრადობით გამოირჩევა ესა თუ ის ინდუსტრია. თუ ხელფასების სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ხელფასები წლიდან წლამდე სტაბილურობით ხასიათდება ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა და სახელმწიფო მმართველობა. საპირისპიროდ, ხელფასები წლიდან წლამდე ყველაზე მეტად მერყეობს შემდეგ სექტორებში: სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა და ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა.

გააზიარე