"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
როცა ჩაქრება ვირუსიი....
ადრე თუ გვიან, სჯობს ადრე, ეს ვირუსი აუცილებლად ჩაქრება, მაგრამ მისი კვალი დედამიწაზე, ქვეყნებსა და მათ შორის ურთიერთობებზე, თითოეულ ჩვენთაგანზე, უბრალო მოკვდავებზე და მსოფლიო ლიდერებზე, მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე დიდხანს არ გაქრება.
არათუ არ გაქრება, ძალიან მაგრადაც დააჩნდება. ეპიდემია ჯერ კიდევ უტევს მილიონობით ადამიანს. 300 ათასს გასცდა დავირუსებულთა რაოდენობა და საუბედუროდ, მეორე ათეულის შუაშია უკვე გარდაცვლილთა რიცხვი. ერთობლივად თუ ცალ-ცალკე, ყველა ებრძვის ვირუსს, როგორც შეუძლია თუ არ შეუძლია.
მაგალითად, სკანდინავებმა ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავების სტრატეგიაზე შეაჩერეს არჩევანი. ბრიტანელებმაც იმავე გზით დაიწყეს, მაგრამ მალევე სტრატეგია რადიკალურად შეცვალეს და ზომების გამკაცრების მაქსიმალურ ხარისხზე გადავიდნენ. ცოდვის ტირილია ჩემს საყვარელ იტალიასა და ესპანეთში, იზრდება მასშტაბები გერმანიასა და საფრანგეთში, ერთი მეორეს მიყოლებით ცარიელდება ამერიკული შტატების ქალაქების ქუჩები. კი გვეხამუშებოდა ყურში, მაგრამ გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერების მიერ გაკეთებული შეფასება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათი ქვეყნები პირველად დადგნენ ასეთი გამოწვევის წინაშე, რაც დრო გადის, სულ უფრო რელევანტური ხდება.
შედარებით უკეთესი ამბებია აზიიდან, კერძოდ იაპონიიდან, სამხრეთ კორეიდან და ჩინეთიდან. მართალია, ექსპერტები ჩინეთში მეორე ტალღას ელოდებიან, მაგრამ ჯერჯერობით ჩინეთის კომუნისტური პარტია და მისი პროპაგანდისტული მანქანა მთელი ძალით აზიარებს ჩინეთის წარმატების ამბავს და…. ვირუსის წარმოშობის ამერიკული წყაროს ვერსიას. ურთიერთბრალდებებზე ნაწილობრივ ჩვენს წინა ბლოგშიც ვწერდით, მაგრამ ახლა ცოტა უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ სულ უფრო მზარდ პროპაგანდისტულ, და არა მხოლოდ, ბრძოლას, რომლის ცალ მხარეს ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორე მხარეს კი ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის ჩეკისტურ-კრიმინალური ხელისუფლება და ირანის უმაღლესი სასულიერო იერარქები არიან.
აკი გითხარით კიდეც, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია, მოქმედი და ახლო წარსულში უაღრესად გავლენიანი ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები სულ უფრო მეტად აქტიურად საუბრობენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კორონავირუსის გავრცელების ფაქტების დანაშაულებრივ გადამალვაზე (“ჩინეთის ჩერნობილი“) და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად აუცილებელი მონაცემების განადგურებაზე (მათ საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორია გაანადგურეს და მეცნიერები დაადუმეს. ექიმი, რომელიც მსოფლიომ მონათლა, როგორც “კაცი ტანკის ქვეშ, ტიანანმენის მოედნიდან“, ეჭვმიტანილად გარდაიცვალა. მართალია, მერე მოუხსნეს ბრალდება, მაგრამ რომ არ გარდაცვლილიყო, არ ვარ დარწმუნებული, რომ ციხეში არ ამოყოფდა თავს). საბედნიეროდ, ნაწილი ამ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციისა მაინც მოხვდა ამერიკელი ექსპერტების ხელში და ახლა მიმდინარეობს გამალებული მუშაობა ვაქცინის შესაქმნელად, რაზეც ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები უტიფრად ამტკიცებენ, რომ ამერიკელების მიერ ვაქცინის სწრაფად შემუშავება იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ვირუსი სწორედ მათი შეშვებულია ჩინეთში. რკინის ლოგიკაა!!!
რაც შეეხება დანარჩენებს, გახსოვთ ალბათ, ევროკავშირმაც გააკეთა ცოტა ხნის წინ საგანგაშო განცხადება, რუსეთის მიერ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული აქტივობების თაობაზე (რაც მათთვის ნამდვილად არახალია. მითუმეტეს, რომ საკუთარი ამბავი უნდა დამალონ და სულ უფრო მეტად უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტი ჩაახშონ). ამ დღეებში ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა და ქვეყნის ფაქტიურმა მმართველმა საკუთარ ტვიტ ანგარიშზე დაწერა, რომ უარს ამბობს ამერიკული დახმარების მიღებაზე, რამეთუ თავად ამერიკელებს არ აქვთ ნიღბების, მედიკამენტებისა და აღჭურვილობების საკმარისი მარაგები. მომდევნო ტვიტში კი ის, მართალია არა მტკიცებით ფორმაში, მაგრამ აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი შენიღბვით საუბრობს ვირუსის გავრცელებასთან აშშ-ს შესაძლო კავშირზე. ჩვეულებრივი “ტრიადაა“ (((.
პრობლემა მხოლოდ პროპაგანდაში რომ იყოს, ნაკლებად იღელვებდა კაცი ამ გაგანია პანდემიაში. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ჩინეთი, გამოუთავისუფლდა რა ხელები ვირუსის (ამ ეტაპზე მაინც) დამარცხების შედეგად, სრულად არის გადართული მსოფლიო მასშტაბით “მფარველ ანგელოზად“ მოვლინებაზე. ასეულ ათასობით პირბადე, ათეულ ათასობით სწრაფი ტესტი, ათასობით ვენტილატორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიეწოდება იტალიას, ესპანეთს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და სრულად აფრიკის კონტინენტს. სამწუხაროდ, ასეთი რესურსი არ გააჩნია არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ამჟამად საკუთარ ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლაზეა სრულად გადართული და არც ევროკავშირს (მართალია, ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება 700 მლრდ ევროს გამოყოფის თაობაზე, მაგრამ როდესაც ყველაზე მძიმე დღეებში იტალიამ მიმართა თხოვნით დახმარებაზე, ევროკავშირმა მას უარი უთხრა). ამდენად, ჩინეთს დღეს ნამდვილად აქვს უპირატესობა ვირუსთან ბრძოლაში გლობალური ლიდერის სტატუსისთვის სრბოლაში. ამით შეიძლება აიხსნას აშშ-ს ადმინისტრაციის გაგანია პანდემიის დროს სერიოზული გადართვა ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ სერიოზული საბრალდებო ნარატივის შემუშავებაში.
რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ ლიდერის სტატუსს და დაფნის გვირგვინს არ ეხება. როგორც დამანგრეველ მიწისძვრას მოყვება გამანადგურებელი ცუნამი, ისე მიებმება ვირუსს გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომლის პიკიც, საყოველთაო აღიარებით, ივნის-ივლისზე მოვა. ამ დროისთვის აშშ-მ და სხვა წამყვანმა ეკონომიკებმა უნდა მოასწრონ ვირუსის დამარცხება და ახალ ეკონომიკურ რეალობაში გადაუდებელი ზომების მიღება. შეიძლება პირველივე თვეებში როგორც ამერიკელებს, ისე ევროპელებს (განსაკუთრებით ევროპელებს) გაუჭირდეთ, მაგრამ მათ მოუწევთ ჩინეთის ალტერნატივის მოძიება, იქნება ეს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების შექმნა თუ იმავე აზიაში, ოკეანეთსა და ამერიკებში ახალი მოწოდების ჯაჭვის აწყობა (ასობით ქარხანა გაჩერდა, როდესაც ჩინეთმა ვერ მიაწოდა ზოგს მიკროჩიპი, ზოგს პროცესორი, ზოგს ავტონაწილი და ა.შ.). ვირუსმა, შეიძლება ითქვას, დამაჩქარებელის, ზოგ შემთხვევაში კი შემაფხიზლებელის როლი შეასრულა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ვირუსის გავრცელებაში ჩინეთის როლი, შესაძლოა, სერიოზულ არგუმენტად გამოდგეს ნატოელ მოკავშირეებთან ჩინურ 5-განზომილებიან საკომუნიკაციო სისტემაზე უარის თქმაზე დასარწმუნებლად. უშუალოდ დონალდ ტრამპისთვის, მისი სტრატეგიული “ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პროექტის ფარგლებში აშშ-ში ქარხნების დაბრუნების და აშენების არგუმენტები ასევე მნიშვნელოვნად გამყარდება (უშუალოდ ფარმაცევტული და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების აშშ-ში დაბრუნების აუცილებლობაზე უკვე საუბრობენ გავლენიანი სენატორები და ეკონომისტები).
გლობალური ურთიერთკავშირები კორონავიურუსამდეც არ იყო საუკეთესო ფორმაში, მაგრამ საყოველთაო აღიარებით, ახალ პოსტკორონულ რეალობაში კიდევ უფრო განსხვავებული, შეიძლება ითქვას დაჭიმული იქნება, თუმცა ცალკეული თანამემამულე “გენიოსების“ მიერ საჯაროდ დაფრქვეული სიბრძნეები გლობალიზაციის დასასრულის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია.
ასეა თუ ისე, პანდემიასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის და ეკონომიკური შოკის მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობის პროცესშიც კი, იკვეთება, რომ:
როცა ჩაქვრება ვირუსი, გლობალური მსოფლიო წესრიგი განიცდის სახეცვლილებას.
რამდენად სერიოზულს, ამას დრო გვიჩვენებს.
გფარავდეთ ღმერთი!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023