"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

რუსული ს-400-ები ნატოში: პარადოქსია, მაგრამ ფაქტი!

რუსული ს-400-ები ნატოში: პარადოქსია

მინდა გულწრფელად მჯეროდეს რასაც თურქეთის ხელისუფლება ამბობს: რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ს-400, ფუნქციონირებადი და საღსალამათი, არავითარ კავშირშია ნატო-ს ერთიან თავდაცვის სისტემასთან და საერთოდ არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩრიდლოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებას და სტაბილურობას! თურქეთის ხელისუფლების რომც დავიჯერო, რუსეთის ბელადებისას – ვერ.

მოკლედ, ძალიან ეცადა დონალდ ტრამპი. წლების წინ გართულებულ ორმხრივ ურთიერთობებში მან თავისებურად სცადა, რომ გარდატეხა შეეტანა. დონალდ ტრამპმა, მისთვის დამახასიათებელი ურთიერთობების დამყარების სტილით, მცდელობა არ დააკლო რეჯებ ტაეპ ერდოღანთან პარტნიორული და მეგობრული კავშირების გაბმისთვის. მისი წარმოდგენით, გამოუვიდა კიდეც. ოღონდ..

პრობლემა პრობლემად დარჩა. როგორც არ უნდა ვთქვათ, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ს-400 ნატო-ს წევრი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ჩართულია. თურქეთის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები ცდილობენ დაარწმუნონ დასავლელი პარტნიორები, რომ რუსულ თავდაცვის სისტემას არავითარი კავშირი არ აქვს ნატო-ს ერთიანი უსაფრთხოების მექანიზმებთან. მგონი, ნატო-ში მაინცდამაინც არ სჯერათ. სიმართლე გითხრათ, არც მე.

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება ურეაქციოდ არ დაეტოვებინა. თურქეთის სამხედრო შესყიდვების ხლმძღვანელი პირები მოხვდნენ ამერიკული სანქციების სიაში. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ოფიციალურმა ანკარამ ძალიან მძაფრი რეაგირება მოახდინა მასზე.

რუსული საჰაერო თავდაცვის სისტმების განთავსების მსგავსად, თურქეთის პოზიციონირება ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და ბოლოს უკვე სამხრეთ კავკასიაში, ცხადია, გულგრილს ვერავის ტოვებს. ევროკავშირის ლიდერებს შორის სერიოზული სჯაბაასიც კი გამოიწვია ამ საკითხმა. საბერძნეთი და კვიპროსი რამდენჯერმე შეეცადნენ, რომ სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიებათ თურქეთისთვის სანქციების დაწესება. საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის უცხო ასეთი მიდგომა: თითქოს, რა კავშირი აქვს ბელარუსის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან, მაგრამ ასე არ თვლიან ბერძნები და კვიპროსელები. ევროკავშირშიც იმსჯელეს, იმსჯელეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ სანქციები შემოიღონ. ოღონდ, ვის მიმართ და როდის, ამას დროთა განმავლობაში სამუშაო ჯგუფები განსაზღვრავენ. არის ჯერ კიდევ ფანჯარა შეთანხმებისთვის.

თავის მხრივ, თურქეთი ძალიან მძაფრად რეაგირებს როგორც აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გადაწყვეტილებაზე, ისე ევროკავშირის მხრიდან სანქციების შემოღების განზრახვაზე.

დიდი იშვიათობა იყო თურქეთის ბოლო წლების ისტორიაში, რომ მეჯლისში (თურქეთის პარლამენტი) წარმოდგენილი პარტიების უმრავლესობამ, ყველაზე რადიკალური ოპოზიციის ჩათვლით (მხოლოდ პრო-ქურთულმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი), დაამტკიცა რეზოლუცია აშშ-ს მიერ სანქციების შემოღების გადაწყვეტილებაზე. თურქეთის პრეზიდენტისა და სხვა ხელმძღვანელი პირების კრიტიკული განცხადებები კი პრაქტიკულად “ცივი ომის“ ქრონიკების კლასიკიდან არის.

თურქეთს არცთუ მარტივი ეკონომიკური ვითარება აქვს; ლირაც ისტორიულ ანტირეკორდებს ამყარებს, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტი იხტიბარს არ იტეხს. ნაწილობრივ ძალაუფლების შესანარჩუნებლად; შეიძლება სწორადაც… ასეა თუ ისე, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან სერიოზულად პოზიციონირებას ახდენს როგორც აშშ-თან, ისე ნატოელ პარტნიორებთან მიმართებაში. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არაა. პრეზიდენტი ერდოღანი, ნატო-ს წევრობის პარალელურად, ისლამურ სამყაროშიც ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას, პრეზიდენტი მაკრონი კი ლიბერალური ღირებულებების დაცვის კონტექსტში, ფუნდამენტალიზმის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ გარკვეულწილად ორაზროვანი განცხადებებითა და ინიციატივებით გამოდის. საფრანგეთისადმი ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ძალიან გააზრებულად შეარჩია მოპაექრე. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ არის გაერო-ს უშიშროების მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი ბირთვული ქვეყანა. თუ დავაკვირდებით, ყველგან, სადაც თურქეთი აქტიურობს – სირია, ლიბია, სამხრეთ კავკასია და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა, საფრანგეთი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას იკავებს. ერთხელ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ხომალდებითაც კი “გადაეკვეთენ“ ერთმანეთს. მე მგონი, არავინ დავობს იმის თაობაზე, რომ ყარაბაღის ომში თურქეთმა არა მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი ე.წ. მინსკის ჯგუფი ძალიან ხისტად დააიგნორა და აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანეს წარმატებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ლიბიაში თურქეთის ჯარების შეყვანამ ასევე გარდატეხა შეიტანა დაპირისპირებულ მხარეებს შორის წლების მანძილზე არსებულ დაპირისპირებაში. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის მარაგების დასაზვერად გაგზავნილმა საძიებო გემმა, რომლის უსაფრთხოებას თურქეთის სამხედრო-საზღვაო გემები უზრუნველყოფდნენ, განსაკუთრებულად მძაფრი რეაქცია გამოიწვია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც საფრანგეთის ხმა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი იყო. რომ არა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ტემპერატურა დღეს ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. ჯერჯერობით, თურქული საძიებო გემი, თანმხლები სამხედრო მცურავი საშუალებებთან ერთად, გაწვეულია საერთაშორისოდ აღიარებული კვიპროსის ტერიტორიული წყლებიდან. არ გაგიკვირდებათ ალბათ, რომ ეს უკუსვლა  ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე ხდება ხოლმე. ალბათ, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ძალიანაც ნანობს თურქეთში სირიელი დევნილების განთავსების მხარდასაჭერად ფინანსური ვალდებულების გადაწყვეტილებაზე ევროპის პოზიციისთვის, მაგრამ დევნილების ნაკადმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ იმდენად სერიოზული პრობლემები მოუტანა ევროპულ სახელმწიფოებს, რომ ევროპა იძულებულია თურქეთის ხელში ასეთ მნიშვნელოვან ბერკეტს შეეგუოს და დროდადრო მისი პრტენზიებიც აიტანოს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა სულაც არ იყო განსაკუთრებული თემა აშშ-სთვის, მაგრამ რუსული ს-400-ების სატესტო რეჟიმში ამუშავება მართლაც წითელი ხაზი იყო ვაშინგტონისთვის.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ფაქტი შემდგარია: რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ს-400 თურქეთშია, აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის მიერ კი სანქციებია დაწესებული. ცხადია, ეს რეალობა სერიოზული გამოწვევაა ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანს კი იცნობს, თანაც საკმაოდ კარგად, მაგრამ ჯო ბაიდენის ვიცე პრეზიდენტობის მერე ბევრი რამ შეიცვალა: შეიცვალა ერდოღანიც; თურქეთიც; აშშ-ც და თავად ბაიდენის დამოკიდებულება ერდოღანის მიმართ. ასე რომ, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის შიგნით ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით თურქეთი იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა.

 არ იქნება მარტივი გასატეხად თურქული “კერკეტი კაკალი“!

გააზიარე