ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.
საახალწლო ბაგატელი
“ამაზე უარესად ვეღარ ვიქნებით, წარმოუდგენელია!“ – ამოიოხრა პესიმისტმა, მაგრამ სევდა არ დასცალდა: “ვიქნებით, როგორ ვერ! უარესობა ყოველთვის შესაძლებელია,“ – უპასუხა ოპტიმისტმა იმედიანად და თვალი აარიდა.
ზოგი იტყვის, ჩვენი ბოლო რვა წლის ამბავიაო, მაგრამ მე სულ სხვა მიზეზმა გამახსენა ეს დიალოგი. ბევრის აზრით, როგორიც არ უნდა გამოდგეს 2021 წელი, რთული იქნება 2020-ზე უკეთესი არ იყოს. ალბათ ასეცაა. მაგრამ ჩვენ ხომ ოპტიმისტები ვართ? თან, ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ლარი ყოველ ახალ წელს უფასურდება, მერე გვეუბნებიან, ეს დროებითი რყევააო და მართლებიც აღმოჩნდებიან ხოლმე, რამეთუ(!) ლარი მალე ისევ უფასურდება. ჩვენ კი, უკვე რვა წელია, არა და არ გვყოფნის იმის ჭკუა, რომ ეკონომიკური რყევების უარყოფითი ეფექტებისგან თავის დასაცავად ბანკირები და ფინანსური კონსულტანტები დავიქირავოთ, როგორც ეს ადრევე გვირჩია იმ ბრძენმა კაცმა.
საერთაშორისო ვითარება იქით იყოს და, როცა ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამღვდელოებას და სხვა პროფესიულ გილდიებს უყურებ (ფეხბურთელები, მოჭიდავეები, კულტურის მუშაკები) – პრინციპში, მედიასაც, რომელიც ხშირად ყველაზე ცუდსა და უარყოფითს გმირებად გვიხატავს, თითქოს საღი აზრისა და კანონმორჩილი მოქალაქის ჯინაზე – ერთი სიტყვით, როცა ჩვენს “ბომონდს“ უყურებ, შეუძლებელია ოპტიმიზმმა არ აგიტანოს და არ ივარაუდო, რომ ესენი კარგად იყვნენ და, ამათ ხელში, შესაძლოა, წინ უფრო დიდი განსაცდელიც გველოდეს.
…მაგრამ დავუბრუნდეთ ახალ წელს.
უხსოვარი დროიდან ადამიანები იგონებდნენ სხვადასხვა პირობითობას, რათა გაეზომათ და, ამ გზით, შეეცნოთ სამყარო მათ ირგვლივ. რასაც ვერ ვზომავ, ის არ არსებობს – უთქვამს ადამიანს და რადგან არსებობაც უნდოდა და შემეცნებაც, ყველაფერს ზომავდა. ზომავდა მისივე მოგონილი პირობითი ერთეულებით.
პირობითობა არის ყველგან და ყველაფერში. პირობითია ყველა სიტყვა და ყველა ენა. პირობითია ყველა ციფრი და ფორმულა. პირობითია ყველა ვალუტა – მყარიც, მცურავიც და ყალბიც. პირობითია, ზოგადად, ფული, რომლის გულისთვის ადამიანები თავიანთ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სხვისი და მოლოდინებით ცხოვრობენ. რომლის გულისთვისაც კლავენ ან თავს იკლავენ. პირობითია დრო და, შესაბამისად, კალენდარიც. ყველა კალენდარი – ჩინურიც, მუსლიმურიც, მაიასიც, იულიუსისაც და გრიგოლისაც. პირობითია, რადგან სიტყვებიც, ენებიც, ფულიც, ციფრებიცა და ფორმულებიც ჩვენი მოგონილია რაღაცების ასახსნელად, დასაფასოებლად და ჩვენი ტვინებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსათარგმნად.
პირობითობაა გრიგორიანული კალენდრით ახალი წელიც, რადგან სამყაროში 1 იანვარს არაფერი იცვლება. მეტიც, “1 იანვარი“ საერთოდ არ არსებობს. არც “პირველი“ და არც “იანვარი“. ორივე ჩვენ მოვიგონეთ დროის გასაზომად. დროც ჩვენ მოვიგონეთ, პრინციპში. პირველი იანვარი უნიკალური თარიღია – ერთერთი ყველაზე უნივერსალური ყველა პირობითობას შორის, რომელსაც მოაქვს განახლების განცდა და ხელახლა დაბადების ამბიცია მაშინ, როცა ობიექტურად არაფერი იცვლება.
მიუხედავად ამისა, წელიწადში ერთხელ ვერთიანდებით, ზიზღსა და აგრესიას დროებით ვაძინებთ და ვზეიმობთ. ვზეიმობთ იმას, რასაც ოდესღაც კონკრეტული, რიტუალური დატვირთვა ჰქონდა, დღეს კი ოდენ კეთილი ტრადიციაა, რომელსაც აუხსნელი სიხარული და მოლოდინები მოაქვს საჩუქრად. ვზეიმობთ და ვიმედოვნებთ, რომ პირობით კალენდარზე პირობითი ციფრების ცვლა რეალურ უკეთესობას მოგვიტანს მომავალ პირობით ციკლში.
პესიმისტი იტყვის, რომ შეუძლებელია მომავალი წელი წლევანდელზე უარესი იყოს. ოპტიმისტი კი ისევ უპასუხებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. დრო ხომ თავისით არაფერს ცვლის. დროს ჩვენ ვქმნით…
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გამოვტყდე, რომ ყველაზე ძალიან მაინც ახალი წელი მიყვარს. ახალი სტილით ახალი წელი. დღემდე ერთადერთია ყველა დღესასწაულს შორის, რომელმაც მძაფრი ემოციებით მფეთქავი გულის ოდნავ დაღლას გაუძლო და რომელსაც ბავშვური სიხარულის მოგვრის უნარი არ დაუკარგავს.
ახალი წელი ახალი გეგმებისა და ახალი იმედების საუფლოა. ვისურვებდი, ეს გეგმები და იმედები მაშინვე არ დავივიწყოთ, რა წამს საახალწლო ღრეობის სეზონი დამთავრდება და ძველი რუტინა დაისადგურებს.
ვისურვებდი, ყველაფერი ისე იყოს, როგორც იმ გლეხ კაცს გაუხარდება, რომლისთვისაც არასდროს არავინაა. მაგრამ ამისთვის, ცოტა თავადაც უნდა გაანძრიოს ხელი…
მოკლედ, გილოცავთ ახლით ახალ წელს!
გამარჯვებულ მშვიდობას გისურვებთ!
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ოქტომბერი 18, 2021
- on სექტემბერი 9, 2021
- on ივნისი 13, 2021
- on აპრილი 22, 2021
- on აპრილი 15, 2021
- on აპრილი 9, 2021
- on მარტი 24, 2021
- on მარტი 24, 2021