"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი

ბოლო წლებში ავტო-საგზაო შემთხვევების რიცხვმა, ისევე როგორც ამ შემთხვევების დროს დაზარალებულთა რაოდენობამ, საგრძნობლად იმატა. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ავტო-საგზაო შემთხვევათა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებდა.

განსაკუთრებით დიდი იყო მატება (19%) 2011-2012 წლებში. მსგავსი სურათი გვაქვს დაშავებულთა ოდენობის მიხედვითაც. რაც შეეხება ავტო-საგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილთა რაოდენობას, ამ მიმართულებით ზრდა ფიქსირდება 2011-2012 წლებში, ხოლო 2012 წლიდან მოყოლებული მცირედით, მაგრამ ყოველწლიურად იკლებს. მეორე მხრივ კი, ქვეყანაში აღინიშნება ავტომიბილთა რაოდენობის ყოველწლიური მატება, რაც განსაკუთრებით ართულებს დედაქალაქში გადაადგილებას, რომ არაფერი ვთქვათ გარემოს დაბინძურებაზე.

ავტომობილის მართვა საკმაოდ რისკის შემცველი საქმიანობაა, ავტო-საგზაო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში ზარალდება არამხოლოდ მძღოლი ან მგზავრი, არამედ რიგითი ფეხით მოსიარულეც. რა იწვევს ავტო-საგზაო შემთხვევებს? მიზეზი მრავალია, განსაკუთრებით ყურადსაღები კი შემდეგი ფაქტორებია: გადაჭარბებული სიჩქარე, ალკოჰოლის გავლენის ქვეშ ყოფნა, ცუდი ამინდი (თოვლი, წვიმა, ნისლი), საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობა. ჩამოთვლილ ფაქტორებს არაერთი კამპანია თუ დამაჯარიმებელი ღონისძიება მიეძღვნა და არაერთი კვლევა ჩატარდა იმის გამოსავლენად თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენდა აღნიშნული ფაქტორები ავტო-საგზაო შემთხვევებზე. თუმცა, ნაკლები ყურადღება ექცევა კიდევ ერთ ფაქტორს, რომელიც არც თუ ისე უმნიშვნელოა. ეს არის მძღოლის ასაკი. ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა თინეიჯერ მძღოლთა რიცხოვნობა, ისევე როგორ ავტო-საგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილ ახალგაზრდათა რაოდენობა. 2008 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება მართვის მოწმობის გამოცდაზე გამსვლელ თინეიჯერთა რაოდენობა. 2012 წლისათვის გაცემული პირველადი მართვის მოწმობის 8% არასრულწლოვან (17 წლის) მოქალაქეებზე მოდიოდა, ხოლო 23% 18-20 წლის ასაკის მოქალაქეებზე.   

რატომ წარმოიქმნება ავტო-საგზაო შემთხვევის საფრთხე, როდესაც მძღოლი თინეიჯერია? გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თინეიჯერები მოზრდილი ასაკის მძღოლებთან შედარებით სათანადოდ ვერ აფასებენ ან არ ცნობენ სახიფათო სიტუაციებს, თინეიჯერები უფრო მიდრეკილნი არიან სიჩქარისკენ და სწრაფად ტარებისკენ, და უფრო იშვიათად ატარებენ უსაფრთხოების ღვედებს. მათ ასევე იტაცებთ ავტომობილის შესაძლებლობების გამოცდა და ნაკლებად ფიქრობენ საფრთხეზე. ყოველივე ზემოხსენებულს ემატება გამოცდილების ნაკლებობა, რაც კიდევ უფრო ზრდის არსებულ რისკს. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თინეიჯერის მიერ ავარიაში მოხვედრის ალბათობა 4-ჯერ მეტია, ვიდრე ზრდასრული მძღოლის. ამასთანავე,  თინეიჯერის მიერ ავტო-საგზაო შემთხვევის მოხდენის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება, თუ მისი მგზავრი 35 წელს გადაცილებულია, მაშინ როდესაც, ავტომობილში ახალგაზრდა მგზავრის არსებობა თინეიჯერის მიერ ავტო-საგზაო შემთხვევის მოხდენის შანსს 44%-ით ზრდის (ამის მიზეზი შესაძლოა იყოს თანატოლებთან თავის გამოჩენის სურვილი).

აღნიშნული რისკის აღმოსაფხვრელად, აშშ-ს ზოგიერთ შტატში მოქმედებს პროგრამა სახელწოდებით „კურსდამთავრებულ მძღოლთა ლიცენზირების პროგრამა“ (GDL), რომლიც საშუალებას აძლევს თინეიჯერ მძღოლებს მიიღონ საჭირო გამოცდილება, სანამ გახდებიან სრულიად ლიცენზირებული მძღოლები. GDL სისტემა აყოვნებს პირველადი მართვის მოწმობის გაცემას, გარკვეული გამოცდილების შეძენამდე. ანუ, ის საშუალებას აძლევს თინეიჯერ მძღოლებს გამოცდილება შეიძინონ დაბალი რისკის მატარებელ პირობებში მოძრაობით, რაც შეიძლება მცირე მგზავრების თანხლებით. აღნიშნულმა პროგრამამ 38%-ით შეამცირა ფატალური ავტოკატასტროფების შემთხვევები (ავტო-საგზაო შემთხვევები, რომელიც გარდაცვალებით მთავრდება) და 40%-ით შეამცირა დაშავებულთა რაოდენობა. როგორც ვხედავთ, აღნიშნული პროგრამა საკმაოდ ეფექტიანია აშშ-ში. ქართული სტატისტიკის გათვალისწინებით კი ნათელია, რომ ავტო-საგაზაო შემთხვევების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას ქართულ რეალობაში. შესაბამისად, საინტერესო იქნებოდა მსგავსი პრაქტიკის განხილვა ქართული რეალობისთვისაც.

გააზიარე