საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

საკონტროლო გასროლა - სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ლიკვიდაცია

საკონტროლო გასროლა - სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ლიკვიდაცია

მოულოდნელად თავსდატეხილმა პანდემიამ ცხოვრების წესი და გეგმები მთელ მსოფლიოს აურია. გამონაკლისი, სამწუხაროდ, არც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. გამონაკლისი არ აღმოჩნდა არც ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფერო.

გასული წლის 17 მარტს საქართველოში გამოცხადებულმა ლოქდაუნმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს, არაერთი სხვა სფეროს მსგავსად, მტკივნეული დარტყმა მიაყენა. ბიზნესი გაჩერდა. დარტყმა მტკივნეულთან ერთად, სრულიად მოულოდნელიც იყო. მზა რეცეპტი  არავის აღმოაჩნდა იმისთვის, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინა საკუთარ თანამშრომლებთან საქმიანი ურთიერთობა; რა მოეხერხებინა თუნდაც პროდუქტებისთვის, რომელსაც რესტორნები წინასწარ დიდი რაოდენობით იმარაგებენ ხოლმე. სფეროს წარმომადგენლები სრულიად გაუგებარ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მათთვისაც და პირადად ჩემთვისაც ამ ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო აბსურდულად გამოიყურება ის რადიკალური შეზღუდვები, რომლებიც სახელწიფომ მარტში დააწესა. შეზღუდვების პირველი და მეორე ეტაპი ერთმანეთს რომ შევადაროთ, დაუჯერებელიც კი მოგვეჩვენება, რომ გაზაფხულზე ქვეყანაში თითოოროლა ინფიცირებული გვყავდა, ჩვენ კი, სრულიად დაზაფრულები, სახლებში ვიყავით გამოკეტილები.

გაზაფხულის ლოქდაუნის დროს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს უკვე უდიდესი ზიანი მიადგა, თუმცა ვითარება დიდად არც შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოსწორებულა,  რადგან ზაფხულში დამსვენებლებით სავსე ბათუმმა კიდევ უფრო მეტად გაართულა ისედაც მძიმე სიტუაცია. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები არ იყო კარგად გააზრებული და მეორე: მოსახლეობის პასუსმგებლობის ხარისხი გასულ ზაფხულს აჭარაში იყო უკიდურესად დაბალი. დამსვენებელთა დიდმა ნაწილმა რატომღაც ბოლომდე ვერ აღიქვა, რომ რეალურად ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვქონდა საქმე. ამას კი ინფიცირების მაჩვენებლის სავალალო ნიშნულამდე ზრდა მოჰყვა.

გაზაფხულის ლოქდაუნის შემდეგ საქართველოში კვების დაწესებულებების დაახლოებით 30 პროცენტი გაკოტრდა და ვეღარ გაიხსნა. გადარჩენილი რესტორნების მეპატრონეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა   დიდი ვალები აიღო იმისთვის, რომ ობიექტი რამენაირად გაეცოცხლებინა და აემუშავებინა.

ლოქდაუნის შემდეგ ხელახლა გახსნილი კვების ობიექტების დიდ ნაწილს უკვე სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. კომუნალური გადასახადები, იჯარები, ხელფასები ნებისმიერ რესტორანს მძიმე ტვირთად აწვება, მაშინაც კი,  როცა ობიექტი თუნდაც ორი დღით წყვეტს მუშაობას. დაუგროვდათ დისტრიბუტორების ვალებიც, მაგრამ რამენაირად უნდა გახსნილიყვნენ და ბიზნესი ამუშავებულიყო. იმისთვის, რომ ფუნქციონირება ახლიდან დაეწყოთ, რესტორნებისა და კვების სხვა დაწესებულებების მეპატრონეებმა დახმარებისთვის ბანკს მიმართეს. ნაწილს არც ბანკმა მისცა თანხა და გადარჩენისთვის აუცილებელი სახსრების მოძიება კერძო ორგანიზაციებისგან მოუწია, სადაც პროცენტი უზარმაზარია. თუმცა სხვა გზა არ არსებობდა.

მომხმარებელმა კი ისევ დაიწყო საყვარელ კვების ობიექტებში სიარული. ვფიქრობ, სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა კეთილსინდისიერების უმაღლეს ნიშნულს მიაღწია უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისას. და თუ, გამონაკლისის სახით სადმე წესები სათანადოდ არ იყო დაცული, სახელწიფოს მათთვის სანქციების დაწესებაზე უნდა ეზრუნა და არ მიეღო მთლიანად სფეროს კიდევ ერთხელ დაკეტვის გადაწყვეტილება.

გაზაფხულის ლოქდაუნის დროს ბევრმა პასუხისმგებლიანმა კომპანიამ ჩვენს სფეროში, გაჭირვებით შეძლო და შეინარჩუნა საკუთარი თანამშრომლები. საამისოდ მათ თავიანთი დანაზოგი, სესხი თუ სხვა საშუალებები გამოიყენეს, მაგრამ ნოემბერში  ხელმეორედ დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები უკვე გადამწყვეტი დარტყმა აღმოჩნდა სფეროსთვის. ნოემბერში კვების ობიექტებს უკვე იმხელა ვალები და პრობლემები ჰქონდათ, რომ ახალი შეზღუდვების დაწესებისთანავე სტუმარ-მასპიძლობის სფეროში უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ახალი წლის წინ აურაცხელი ადამიანი ულუკმაპუროდ დარჩა.

ამ ეტაპზე სიტუაცია ასეთია: კვების ობიექტების ნაწილი, რომელიც გადარჩენა-დახურვის ზღვარზეა, სასოწარკვეთილი იბრძვის, რომ სფეროს დახურვის მიუხედავად, თანამშრომლებს რამენაირად გადაუხადოს ხელფასი და შეინარჩუნოს საკუთარი კადრები. ასე გრძელდება ორი თვეა და ეს რესურსიც იწურება. ველოდით, რომ 1 თებერვლიდან უნდა გახსნილიყო სტუმარ-მასპინძლობის სფერო და ამაზე ვამყარებდით ყველა იმედს, მაგრამ, როგორც ირკვევა, შეზღუდვები კვლავ გახანგრძლივდება. ეს კი სფეროს უპირობო ლიკვიდაციას ნიშნავს და რეალურად საკონტროლო გასროლაა ხელისუფლების მხრიდან.

ბოლო წლების განმავლობაში სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი მნიშვნელოვნად განვითარდა და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ამ სფეროში დიდი რესურსია ჩადებული როგორც სახელწიფო სტრუქტურების, ისე დონორი ორგანიზაციების მხრიდან. ეს უკავშირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დიდწილად გასტრონომიულ ტურიზმზე დგას. სფერო ძალიან მზარდი იყო. მხოლოდ სარესტორნო ბიზნესს წელიწადში დაახლოებით მილიარდი ლარი შემოჰქონდა ქვეყანაში. ამ სფეროს განადგურებით გამოწვეული ზარალი სულ უფრო თვალსაჩინო გახდება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფო მესვეურების მხრიდან იმის გააზრებაა, რომ ჩვენს რომ სფეროს ახლა მართლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგას. ყველაზე მსხვილ ობიექტებსაც კი გაკოტრების საფრთხე ემუქრებათ. ამიტომ 1 თებერვალს კვების ობიექტების გახსნა ახლა გადარჩენის ერთადერთი შანსია. სექტორმა რამენაირად უნდა შეძლოს, რომ ამუშავდეს. თუ ასე არ მოხდება, სფერო მთლიანად ჩამოიშლება. რესტორნების ადგილზე უკვე იხსნება მაღაზიები, აფთიაქები და სხვა დაწესებულებები, თუმცა თუ ამ პროცესს ბიზნესის თვალით, რაციონალურად შევხედავთ, სრულიად თვალსაჩინოა რამდენად დიდია განსხვავება რესტორნისა და თუნდაც აფთიაქის მიერ გადახდილ გადასახადებს შორის.  სარესტორნო ბიზნესი რეალურად ძალიან სერიოზული ბიზნესია და მხარდაჭერას უდავოდ იმსახურებს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე სეზონზე სამთო ტურიზმიც შეჩერებულია, ეს სამთო კურორტებზე მოქმედი რესტორნების გაჩერებასაც გულისხმობს. როცა ამ მოცემულობის ფონზე თბილისის შემოგარენში მოქალაქეები უზარმაზარ სახლებს ქირაობენ და ხალხმრავალ წვეულებებს აწყობენ, ქვეყანაში დაწესებული აკრალვები, სამწუხაროდ, არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. გარწმუნებთ, სახლში, 20 ადამიანს შორის, რეგულაციების დაცვა გაცილებით რთულია, ვიდრე რესტორანში, სადაც ამას გაფაციცებიაკონტროლებენ. ესაა შერჩევით სამართალი. ზუსტად ანალოგიურად გაუგებარია, რატომ უნდა ფუნქციონირებდეს, მაგალითად, კახეთში ან იმერეთში სასტუმროებში გახსნილი  რესტორნები, მაშინ, როცა, მაგალითად, გუდაურში ყველაფერი  დაკეტილია.  

ცხადია, გასაგებია ის, რომ ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, სახელმწიფო რთულ ვითარებაშია, მაგრამ თუ მას არ აქვს რესურსი, დაეხმაროს სექტორს, მაშინ იმის საშუალება მაინც უნდა მისცეს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს, რომ ის თავად გადარჩეს. როცა გემი იძირება, კაპიტანი, თუ ის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს, ეკიპაჟის წევრებს მოუწოდებს, თავს უშველონ. ვისაც ძალა ეყოფა, შორს გაცურავს და ნაპირს მიაღწევს, ის გადარჩება. ჩვენ კი ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ გემი იძირება, ვიხრჩობით და გაცურვის უფლებასაც არავინ გვაძლევს. 

ჩვენი ხელისუფლება სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით სპეციალისტების სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, ამიტომ გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ სფერო რამენაირად გადარჩება, საფუძველს მოკლებულია. თუ ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ ჩვენი სფერო გადაარჩნოს, მაშინ მოგვცეს საშუალება, რომ გავიხსნათ და გონივრული რეგულაციების დაცვით, თავად ვცადოთ გადარჩენა.

გასაგებია, რომ ჩვენი ქვეყანა ღარიბია, რომ მას დიდი რესურსი არ აქვს, მაგრამ ჩვენსავით ღარიბმა ქვეყნებმა ადეკვატურად გაიაზრეს მოცემულობა და პანდემიასთან თანაცხოვრება დაიწყეს.

ჩვენი ყველა რესურსი ახლა იმისკენ უნდა მივმართოთ, რომ კვების ობიექტები გაიხსნას და რეგულაციების საფუძველზე საქმიანობა ისე გავაგრძელოთ, ვირუსის გავრცელების საფრთხე არ გაიზარდოს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა