"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს: ბრძოლ’ა ბოლ’ომდე!

სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს: ბრძოლ’ა ბოლ’ომდე!

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება “ჩრდილოეთის ნაკიადი 2“-ს მიმართ ყველასთვის ცნობილია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი იმაში, რომ დღეს რუსული “გაზპრომ“-ის 9.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი დაუსრულებელია და რუსეთის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შემოსავლები აკლდება. ჩემი აზრით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან სამართლიანია. რთულია არ გქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება, როდესაც გერმანია და დანარჩენი ევროპა თხოვს აშშ-ს დაიცვას ის რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან, რისთვისაც თავად აშშ-ს ყველაფერთან ერთად დამატებითი ხარჯების გაღებაც უწევს, ხოლო თავად გერმანია მილიარდებს უხდის იმავე ქვეყანას, ვისგანაც დაცვას სთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ცხადია, დონალდ ტრამპის სიხისტე მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორებით არ არის გამოწვეული. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ამერიკული თხევადი გაზის ექსპორტის ზრდა იყო და არის მთავარი მამოძრავებელი აშშ-ს პრეზიდენტის ქმედებებში. ამერიკის შეერთებული შტატები ყატარის და ავსტრალიის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა თხევადი გაზის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. წლიდან წლამდე სარეკორდოდ იზრდება მისი საექსპორტო მოცულობები. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით 56%-ით გაიზარდა, 2019 წელს კი კიდევ უფრო მეტი ამერიკული თხევადი გაზი მიეწოდა მსოფლიოს (47.5 მლრდ კუბური მეტრი). იზრდებოდა მოცულობები გერმანიაშიც.  მართალია, გერმანულ საექსპერტო წრეებში მიაჩნიათ, რომ ეს ორი წელი (2018-2019 წწ..) გამონაკლისი იყო და მომავალ დეკადაში ამერიკული თხევადი გაზის იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაგრამ გერმანიის ხელისუფლება  მზად არის ამერიკული თხევადი გაზის დამატებითი მოცულობების მისაღებად 2 ახალი ტერმინალების მშენებლობისთვის. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა ამ შეთავაზებით თავის ამერიკელ კოლეგას სტივენ მნუჩინს წერილობით 7 აგვისტოს მიმართა. ცხადია, გერმანული მხარე სანაცვლოდ “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის დასასრულებლად არსებული დაბრკოლებების  მოხსნას ითხოვდა.

როგორც ჩანს, გერმანული მხარის შეთავაზებები არ აღმოჩნდა საკმარისი არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისთვის. აშშ-ს თავდაცვის 2021 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში გათვალისწინებულია ახალი დამატებითი სანქციები, ამჯერად უკვე სადაზღვევო და სასერტიფიკაციო კომპანიებისთვის, რომლებიც არიან შეხებაში “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტთან. საერთო ჯამში საუბარია 12 ქვეყნის 120 კომპანიაზე. დამზღვევი, გადამზღვევი და სასერტიფიკაციო კომპანიები შეურთდებიან მილსადენის გაყვანის პროცესში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს. როგორი სიმბოლურია ისე: დარჩენილია 120 კილომეტრი. სანქციების ქვეშაც მოხვდება 120 კომპანია. თითო კილომეტრზე თითო კომპანია! J

ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე გავლენიანი კანონმდებლის მოთხოვნით დოკუმენტში ჩაიწერა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ გერმანიის და პროექტში მონაწილე სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობებთან წინასწარ უნდა განახორციელოს კომუნიკაცია. ამ ნაბიჯით ამერიკელ კონგრესმენებს სურთ, გამიჯნონ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით აშშ-ს დამოკიდებულებისგან. გერმანიაში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რობინ ქუინვილმა გერმანული გაზეთის “ჰანდელსბლატ“-ის მეშვეობით უკვე გააკეთა მოწოდება გერმანიისა და ევროკავშირის მისამართით. ამერიკელი დიპლომატი მიმართავს მასპინძელი ქვეყნის და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, დააწესონ მორატორიუმი 1230-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობაზე. ცხადია, უფრო მაღალ დონეზეც იქნება კონტაქტები აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა, რთული წარმოსადგენია, რომ ამ კომუნიკაციამ გადააფიქრებინოს გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს ამ პროექტის დასრულება.

ცხადია, უბრალო დამთხვევაა, რომ აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი კაპიტოლიუმზე დამტკიცდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც გერმანიის საპორტო ქალაქ სტრალსუნდის საზღვაო ადმინისტრაციამ გაუგზავნა შეტყობინება სანაოსნო კომპანიებს 5 დეკმებრიდან ბალტიის ზღვაში სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ. “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის კონსორციუმის ოპერატორმა კომპანიამ დაადასტურა ამ შეტყობინების მიღება, თუმცა არაფერი უთქვამს გადაჭრით სამუშაოების განახლებაზე. შეგახსენებთ, რომ 12 თვის წინ ამერიკელი სენატორების თედ კრუზისა და ჯინ შაჰინის ინიციატივით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებისთვის სანქციების დაწესებაზე. შვეიცარიულმა კომპანიამ, ისე რომ არც კი დალოდებია სანქციების ამოქმედების ვადას, დაუყოვნებლივ შეწყვიტა პროექტში მონაწილეობა. შემდგომ “გაზპრომმა“ განაცხადა, რომ დამოუკიდებლად შეძლებდა მილსადენის მშენებლობის დასრულებას და ამისათვის შორეული აღმოსავლეთიდან ამ პროექტისთვის მეტ-ნაკლებად შესაბამისი გემი “აკადემიკოსი ჩერსკი“ ბალტიის ზღვაში გადმოიყვანა. ამ გემის სათანადოდ აღჭურვას და მოზადებასაც დრო და დაჭირდა, ამასობაში ამერიკიდან ახალი სანქციების შეტყობინებაც მოვიდა. ეს ამბავი ნამდვილად არ გაახარებდა რუსეთის და გერმანიის ხელისუფლებებს, ისევე როგორც იტალიური, ავსტრიული და ჰოლანდიურ-ბრიტანული კომპანიების ხელმღვანელებს, რომლებიც არიან წარმოდგენილი “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის კონსორციუმში. სამაგიეროდ, სანქციების ამბავი ძალიან პოზიტიურად აღიქმება უკრაინაში, პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში. უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი გაიყინოს, რათა შენარჩუნდეს უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების მოცულობები. პოლონეთი და ბალტიური ქვეყნები ისედაც დიდი ხანია იბრძვიან ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებული წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამოკიდებულება მცირედით შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში, ევროპის 14 ქვეყანა ბუნებრივი აირის მოცულობების 50%-ზე მეტს რუსეთისგან იღებს. სხვათაშორის, საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად გერმანიაში მოქალაქეების 54% მიიჩნევს, რომ პროექტი უნდა დასრულდეს, თუმცა, ასევე ნახევარზე მიიჩნევს, რომ რუსეთისგან საფრთხე მომდინარეობს (თან გაყინვის ეშინიათ, თან რუსეთის! “მაინ გოტ“!!).

ცხადია, “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებისთვის არც კონსორციუმში შემავალი კომპანიები და, რაც მთავარია, არც ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები ძალისხმევას არ დაიშურებენ და აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან აუცილებლად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ამ თემაზე. მისასალმებელია, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის პოზიცია ასევე კატეგორიულია ამ პოლიტიკურ პროექტთან დაკავშირებით. იმედია, ინაუგურაციის მერე არაფერი შეიცვლება. ასე რომ, როგორც საქართველოში პოლიტიკოსები იტყვიან ხოლმე, გაზსადენის თაობაზე ნამდვილად გველის “ბრძო’ლა ბოლ’ომდე“!

გააზიარე