"დაბადებული 1961 წლის 7 იანვარს. დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების დამფუძნებელი, გამგეობის წევრი; ბელორუსის სახალხო ბანკის დამოუკიდებელი დირექტორი; კომპანია E-space-ის თანადამფუძნებელი".
საპენსიო რეფორმა და კორპორაციული მმართველობა
ბოლო ათწლეულების დემოგრაფიული ტენდენციის – სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და ასევე, მოსახლეობის დაბერების პარალელურად, ბევრმა ქვეყანამ გაატარა ან ახლა ატარებს საპენსიო რეფორმას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დემოგრაფიული პრობლების გადაწყვეტას არ ემსახურება და ქვეყნის შიგნით კაპიტალის ბაზრის განვითარების კატალიზატორადაც გვევლინება.
კერძო საპენსიო სისტემაზე გარდამავალი პერიოდი ითვალისწინებს საპენსიო ფონდების წარმოქმნას, რომელთა საშუალებითაც კერძო დანაზოგების ინვესტირება ხდება ფინანსურ აქტივებში, მათ შორის ქვეყნის შიგნით ფასიან ქაღალდებში. ამასთანავე, საპენსიო ფონდებს, რომლებიც დროთა განმავლობაში, ბირჟებზე კოტირებადი კომპანიების წილების საკმაოდ მსხვილ მფლობელებად გვევლინებიან, აქვთ სტიმული განახორციელონ კონტროლი, მოაწესრიგონ აქციონერთა ინტერესებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმები, საზედამხედველო საბჭოს არჩევის პროცესი, მენეჯმენტის ფორმირების ეტაპები და სხვა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა კორპორაციული მართვის პოლიტიკაზე. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ საპენსიო რეფორმის პროცესი თავისთავად მოიცავს კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას ქვეყანაში.
საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი
საქართველოს საპენსიო სისტემა ორ არათანაბარ ნაწილად არის წარმოდგენილი. ძირითადია გადანაწილების პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო საპენსიო სისტემა. პენსიები ბიუჯეტის სოციალური ხარჯების უმსხვილესი კატეგორიაა და მთლიანი სოციალური დაცვის ხარჯების უდიდეს ნაწილს შეადგენს. არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას ბაზრის უმნიშვნელო ნაწილი უკავია და კვლავაც განვითარების ჩანასახოვან სტადიაზე რჩება. ფაქტია, რომ საპენსიო ხარჯები სულ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს, მანამ სანამ ქვეყნის საპენსიო ასაკის მოსახლეობა ძირითადად დამოკიდებული იქნება საბაზისო სახელმწიფო პენსიაზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის შემოღების შემდეგ, საპენსიო დანაზოგები პარლამენტის მიერ დაარსებულ არაკომერციულ საპენსიო ფონდში იქნება მიმართული. იგივე მოდელი ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, სახელმწიფო დასაქმების დანაზოგების ფონდის სახით. ფონდს ეყოლება პროფესიული ნიშნით არჩეული დირექტორთა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საინვესტიციო სტრატეგიის განსაზღვრასა და დამტკიცებაზე. საპენსიო ფონდის აქტივების აქტიური მართვის პროცესში ფონდის ხელმძღვანელობა არ იქნება ჩართული. აქტივების მართვა ტენდერის საფუძველზე გადაეცემა აქტივების მმართველ კომპანიებს. ფონდის ხელმძღვანელობა, რომელიც პასუხისმგებელია მის ფუნქციონირებასა და სტრატეგიის შემუშავებაზე, მონიტორინგს გაუწევს კომპანიების მიერ აქტივების განთავსებას და საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებას. ფონდში აკუმულირებული თანხების სამართავად აქტივების მართვის კომპანიისათვის გადაცემის მიზანია გაიზარდოს აქტივების მართვის ეფექტიანობა და ამავდროულად შემცირდეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის ხარჯები.
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, იმისათვის რომ საპენსიო რეფორმას დადებითი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე, აუცილებელია ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავება. საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმის გეგმის მიხედვით, არაკომერციული ფონდი იფუნქციონირებს როგორც პროფესიული ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ამავდროულად, ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. საპენსიო აქტივების განთავსების პარამეტრებს და რეგულაციებს განსაზღვრავს მარეგულირებელი ორგანო. რეგულატორი განსაზღვრავს საინვესტიციო ინსტრუმენტების ნუსხას და ასევე დაადგენს, თუ მთლიანი აქტივების რამდენი პროცენტია შესაძლებელი განთავსდეს თითოეულ ინსტრუმენტში. მარეგულირებელი ორგანოს მიზანი იქნება საინვესტიციო დანაზოგების გადამეტებული საინვესტიციო რისკებისგან დაცვა. თუმცა უმნიშვნელოვანესი მომენტია ის, რომ საინვესტიციო პარამეტრები სათანადო მოგების შესაძლებლობას იძლეოდეს იმისათვის, რომ მიღწეული იქნას დასახული ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსიის ოდენობის შეფარდება საშუალო ხელფასთან).
აქტივების მმართველებს ინვესტირების განხორციელების პრინციპების დაცვა მოეთხოვებათ. თუმცა, ამავდროულად, ექნებათ თავისუფლება, რომ საინვესტიციო სტრატეგია და გადაწყვეტილებები საკუთარ საინვესტიციო ფილოსოფიაზე დაყრდნობით მიიღონ. საპენსიო ფონდის მიერ აკუმულირებული თანხების ინვესტირება მოხდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. საინვესტიციო ინსტრუმენტები და განთავსების პარამეტრები განისაზღვრება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებისთვის. მნიშვნელოვანია აკუმულირებული კაპიტალის დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით შეზღუდული და არალიკვიდური ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის პირობებში. საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირება კი დაიცავს ფონდში აკუმულირებულ თანხებს სავალუტო რისკისგან.
საინვესტიციო სტრატეგია დაეფუძნება ასაკობრივი ალოკაციის მართვის მიდგომას. საინვესტიციო რეგულაციასა და დივერსიფიკაციასთან ერთად, მსგავსი მიდგომა თამაშობს მნიშვნელოვან როლს საპენსიო ფონდის მონაწილის საინვესტიციო რისკის დაცვის კუთხით და, ასევე, ხელს უწყობს საინვესტიციო პორტფელის გრძელვადიან მომგებიანობას. ასაკობრივი ალოკაცია მდგომარეობს შემდეგში: ასაკიდან გამომდინარე ავტომატურად ხდება საინვესტიციო პორთფელის შერჩევა მოქალაქისთვის. სისტემის ახალგაზრდა მონაწილეები განთავსდებიან მეტი ზრდის შესაძლებლობის მქონე პორთტფოლიოში, რაც გულისხმობს პროპორციულად მეტი სახსრების ალოკაციას აქციებში. ასაკობრივი ჯგუფის ცვლილებასთან ერთად, დანაზოგები გადაინაცვლებს დაბალანსებულ პორთტფოლიოში, სადაც თანაბრად გადანაწილდება აქციები და ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები. ასაკობრივი ალოკაციის მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი ფინანსური განათლებისა და დანაზოგების მქონე ქვეყნებში, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები აკეთებენ არასწორ არჩევანს გრძელვადიან დაბანდებასთან დაკავშირებით.
საპენსიო რეფორმა და კორპორაციული მართვის სტანდარტები
საპენსიო რეფორმას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ეკონომიკის სტიმულირების კუთხით. კერძო დაგროვებითმა სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას კაპიტალის ბაზრის განვითარების მეშვეობით. დანაზოგების ზრდა ნიშნავს ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გაჩენას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. საპენსიო ფონდებში აკუმულირებული თანხების ეკონომიკაში ინვესტირება კაპიტალის ბაზრის მეშვეობით უნდა მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების, კორპორაციული ობლიგაციების და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას. გარდა ამისა, გაიზრდება მოთხოვნა ფინანსური აქტივების პროფესიულად მართვის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აქტივების მართვის ინდუსტრიის განვითარებას და შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებას. ეს გარემოებაც ასევე საჭიროებს ქვეყანაში კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების დანერგვას.
კერძო ფონდების ეფექტიანი მუშაობისათვის, რომელსაც საქართველოს მომავალი საპენსიო სისტემა უნდა დაეფუძნოს, რამდენიმე პირობის არსებობაა საჭირო, მათ შორის, ფონდების მმართველი კომპანიების სიმრავლე, მაღალი კონკურენცია და მათი საქმიანობის გამჭვირვალობა.
ბოლო წლების ტენდენციებით ნათელია, რომ სამუშაო ძალისა და საპენსიო სისტემის მექანიზმებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ კორპორაციული მმართველობის საკითხებში. მაგალითისათვის, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში, საპენსიო სისტემა კაპიტალის ბაზრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. კონტინენტური ევროპის ქვეყნებში კი (სადაც საპენსიო სისტემა უფრო მეტად სოციალისტური ხასიათისაა), მაგალითად გერმანიასა და ავსტრიაში, საპენსიო კაპიტალის ნაკლებობა განაპირობებს კაპიტალის ბაზრის ნაკლებობას. მაშინ როდესაც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში საპენსიო აქტივები აჭარბებს ქვეყნის მშპ-ს, ავსტრიასა და გერმანიაში საპენსიო აქტივები ქვეყნების მშპ-ს მეოთხედზე ნაკლებს შეადგენს.
კომპანიების კორპორაციული მმართველობა შესაბამის სტანდარტებს მოითხოვს, ეს არის პრაქტიკისა და პროცედურების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს და არეგულირებს კომპანიის მმართველობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს. კორპორაციული მმართველობის სტანდარტები განსაზღვრავს უფლებებსა და პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც ჩართულია კომპანიის ფუნქციონირებაში, მაგალითად დირექტორთა საბჭო, ადმინისტრაციული გუნდი და აქციონერები. კომპანიას, რომელსაც აქვს ჯანსაღი კორპორაციული მმართველობა, ამისაგან სარგებელს იღებს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მათ შორის მაღალი რეპუტაცია ბაზარზე, რაც თავის მხრივ იწვევს კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამასთანავე, კარგ კორპორაციულ მმართველობას მივყავართ მენეჯმენტის უფრო ეფექტიან და ხარისხიან სისტემამდე. იმ შემთხვევაში თუ კარგი კორპორაციული პრაქტიკა არის ეკონომიკის სტანდარტი და არა რომელიმე ცალკეული კომპანიებისათვის დამახასიათებელი გამონაკლისი, ეს საერთო ჯამში იწვევს კაპიტალის ბაზრების განვითარებას, კომპანიებითვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და შესაბამისად, ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას.
იმისათვის რომ საპენსიო ფონდების ფუნქციონირება წარმატებული იყოს, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კორპორაციული მართვის საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი სტანდარტები.
შესაბამისად, ეროვნულმა რეგულატორმა აქტივების მმართველ კომპანიებს და ბირჟის ლისტინგში დაშვებულ კომპანიებს (სადაც რეალურად უნდა განთავსდეს საპენსიო ფონდის თანხები) მაღალი კორპორაციული მართვის სტანდარტები უნდა დაუწესოს, რადგან სულერთი ვერ იქნება როგორი გამჭვირვალობის კომპანიებს ვანდოთ ქვეყნის მთელი მოსახლეობის საპენსიო დანაზოგები.
საპენსიო რეფორმის შესაძლო შედეგები
იმ ქვეყნების მაგალითზე სადაც საპენსიო რეფორმა ათწლეულების წინ განხორციელდა შეიძლება ვისაუბროთ შედეგებზე. ჩილეში, რომელიც წარმატებული საპენსიო რეფორმის ნათელი მაგალითია, საპენსიო რეფორმამ გამოიწვია ფინანსური ბაზრების განვითარება – გაიზარდა როგორც აქციების, ასევე ობლიგაციების ბაზარი – რასაც შედეგად, სხვა რეფორმებთან ერთად, მოჰყვა ადგილობრივი კორპორაციული მმართველობის სტანდარტების გაუმჯობესება.
ჩილეს საბაზრო სტრუქტურაზე დიდი გავლენა მოახდინა საპენსიო რეფორმამ, რომლის შემოღებიდან (1981 წელი) საპენსიო ფონდებმა მოახდინეს დიდი თანხების აკუმულირება, 2009 წლისთვის მშპ-ს 60%-ზე მეტი, საიდანაც 56% ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე იყო დაბანდებული.
თუმცა,არის საპირისპირო მაგალითებიც, როდესაც საპენსიო რეფორმას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე მსგავსი შედეგი არ ჰქონია – მაგალითად არგენტინასა და ბოლივიაში. ბევრ ქვეყანაში საპენსიო რეფორმას კაპიტალის ბაზრების განვითარება არ მოჰყოლია იმ არასწორი რეგულაციების გამო, რაც აფერხებდა საპენსიო ფონდების საინვესტიციო აქტივობას და ვიწრო ჩარჩოში აქცევდა მას.
ამის გათვალისწინებით, პოლიტიკის შემმუშავებლებს, როდესაც ქვეყანაში იწყება საპენსიო რეფორმის განხორციელება, მოეთხოვებათ შეიმუშაონ საუკეთესო რეგულაციები ადგილობრივი ვითარების გათვალისწინებით და ოპტიმალური მარეგულირებელი ნორმები საპენსიო ფონდების ინდუსტრიისთვის. საჭიროა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მისიის, მიზნების, მექანიზმებისა და კოდექსების შემუშავება საპენსიო ფონდების ადმინისტრირების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. უნდა შემუშავდეს სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მხარის უფლება-მოვალეობების გამიჯვნას, საუბარია საპენსიო სისტემის წევრებზე (საპენსიო შენატანების განმახორციელებლები), სპონსორებსა (იგულისხმება დამსაქმებლები) და ადმინისტრაციაზე (კერძო კომპანიები, რომლებიც მართავენ საპენსიო ფონდებს). ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კორპორაციული მართვის სტანდარტების უმაღლეს დონეზე დანერგვა და სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის დამოუკიდებელ დირექტორთა როლის წინ წამოწევა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.
თუ კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელ დირექტორთა ძირითადი მოვალეობა აქციონერთა ინტერესების დაცვაა, საპენსიო ფონდების შემთხვევაში პირველ რიგში გასათვალისწინებელი და დასაცავია საპენსიო ანარიცხების განმახორციელებელი პირების ინტერესები.
ვინაიდან სახელმწიფო საპენსიო ფონდების მართვის დელეგირებას კერძო სექტორზე ახდენს, კორპორაციული მართვის სტანდარტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რადგან საპენსიო რეფორმის შემდეგ საპენსიო ფონდები უმსხვილესი ინსტიტუციონალური ინვესტორები ხდებიან. საპენსიო ფონდების ადმინისტრირებას ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმისათვის, რომ დანაზოგების ინვესტირება და კონცენტრაცია არ მოხდეს ეკონომიკის მხოლოდ ერთეულ სექტორებში. ასევე უმნიშვნელოვანესია იმ კომპანიების მდგომარეობა, სადაც ხდება ამ ფონდების ინვესტირება და მათი კორპორაციული მართვის ხარისხი. ქვეყანა მაქსიმალურად უნდა შეეცადოს მოახდინოს ადგილობრივი ბაზრის განვითარება საპენსიო ფონდების ინვესტირებისთვის, რათა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ძალიან მგრძნობიარე, კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე.
ავტორი: ტარიელ გვალია, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 25, 2017
- on მაისი 22, 2017