ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

საუზმე

საუზმე

ანუ რამდენიმე ეპიზოდი არტისტის ცხოვრებიდამ

“ჯგირ-ხარაშო,” თქვა ამასობაში გვარიანად გაშინაურებულმა მოსამართლემ და ჩაქუჩი მაგიდას დაჰკრა. “სხდომა გაგრძელდება ხვალ, 12 საათზე.”

კარგად არ მახსოვს, გაგვახარა თუ დაგვამწუხრა ამ სიტყვების გაგონებამ, მაგრამ, რომ დავფიქრდით, ისევ დარჩენა და პროცესის მეორე დღეს დასრულება ჯობდა თბილისიდან აბაშაში ხელახლა ჩამოსვლას.

2001 წელი დგას. 25-26 წლის ბიჭები ვართ. ის დროა, როცა ფარცხალაძე ჯერ გერმანიაში მოღვაწეობს საცალო ვაჭრობის ობიექტებში სამართლიანობის აღდგენის ხაზით, ბატონ ბიძინას უკვე დასრულებული აქვს რუსეთში “სამეცნიერო ნაშრომზე“ რუდუნება (როგორც ამის შესახებ მრავალი წლის შემდეგ გვამცნობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მისი აღმატებულება დ. უსუფაშვილი, ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ, მთავრობის კანცელარიის მიერ გახერხებულ, 75 ათას დოლარიან საიმიჯო სტატიაში), გოგა ხაინდრავა, პაატა ზაქარეიშვილი და ქეთი დოლიძე, პრინციპში, იმასვე შვრებიან, რასაც დღეს რაღაცები ხომ არასდროს იცვლება…

ერთი სიტყვით, ჯერ ასფალტის ჭამაზე ღლიცინი მოდაში არ არის შემოსული და თბილისიდან აბაშამდე ჩასვლაც ერთობ გრძელ და დამღლელ თავგადასავალს უკავშირდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლემ, რომელიც დედაქალაქიდან ჩამოსულ ადვოკატებს გამოსასვლელ შარვალ-კოსტუმში საგანგებოდ გამოწკეპილი დაგვხვდა და ჩვენთან ურთიერთობა ხაზგასმულად საქმიანი ეტიკეტით დაიწყო (ნიშნად იმისა, რომ აბაშა არავიზე ნაკლები თფილისი არაა), დაგვინდო.

მისი ამგვარი ლოიალობა, ალბათ, მოსალოდნელიც იყო მას შემდეგ, რაც შესვენებიდან დაბრუნებულებს, დანაყრებულმა და მოდუნებულმა, საპაექრო სიტყვა გაგვაწყვეტინა – გეყოთ ეს “ბატონო მოსამართლევ – ბატონო მოსამართლევ“, გენო დამიძახეთო (მაგრამ “გენო“ როგორ?! ალბათ უფრო “ჩემო გენო“? ან “გენო-ბატონო“?).

ფამილიარობა და დანდობა ყოველთვის კარგის ნიშანი არ იყო. ღირსების დაკარგვამდელი მოსამართლე ტყუილად არაფერს აკეთებდა. ამ შემთხვევაშიც, ეს კეთილგანწყობა, მაღალი ალბათობით, საქმეზე მოსალოდნელი შედეგის წინასწარი კომპენსაცია იყო. უეჭველი სარჩელის დაკმაყოფილება ჰქონდა გადაწყვეტილი, ჩვენთან კი კაი ტიპად უნდოდა დარჩენა, რომ გულში ხინჯი არ ჩაგვედო. ამასობაში უკვე საკმაოდ გაცვეთილიყო ეს ხრიკი, მაგრამ ჩვენც რა გვექნა?

სასამართლოს მხოლოდ ერთი თხელი კედელი ჰყოფდა პოლიციის რაიონულ განყოფილებასთან. სინამდვილეში, ამ ორ უწყებას ერთი შენობის ორ ფლიგელში დაედო ბინა. ფლიგელსაც ვერ დაარქმევდი – უბრალოდ, სხვადასხვა მხრიდან ჰქონდათ შესასვლელი, თორემ, სხვა მხრივ, ერთ სულ და ერთ ხორც იყვნენ, როგორც არაერთი რაიონული სასამართლო და პოლიცია იმ ტკბილად მოსაგონარ ხანაში. ეს თხელი კედელი, არარსებული თერმო- და ხმის იზოლაციის გამო, ხშირად ვერ აკავებდა პოლიციის განყოფილებიდან თემიდის სამფლობელოში გამომავალ მოზეიმე ღირსებისა და გამეფებული სამართლიანობის მიმართ აღვლენილ გმინვას.

შენობიდან რომ გამოვედით, შვიდი იყო დაწყებული. გვშიოდა, მაგრამ ჯერ ღამის გასათევი ადგილი უნდა გვეშოვნა. 2001 წელს აბაშაში სასტუმროს სად ნახავდი – საკუთარ სახლებში ძლივს ცხოვრობდა ხალხი – ამიტომ, ვიფიქრეთ, ბევრი რომ არ ვიბოდიალოთ, პირდაპირ ქუთაისში ჩავიდეთ – მეტროპოლისია მაინც, იქ რამეს როგორ ვერ ვიპოვნით თქო.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, საიდანაც ბავშობიდან სულ ბაგრატის თეთრი ნანგრევებისკენ გამირბოდა თვალი, სასტუმროს ამბავი ვიკითხეთ.

აგერ, ძამია, დააწექი ახლა ამ ქუჩით მაღლა და იქვეა ლიას სასტუმროო, მიგვასწავლა ბირჟაზე მდგომმა კაი ბიჭმა, რომელმაც, გზის ახსნისას, მანქანაში თავი შემოყო კი არა და, ნახევარი ტანით შემოიხედა.

სასტუმროს სახელმა მოულოდნელად გაგვამხნევა – თბილისში მაშინ ჯერ კიდევ ქუხდა “ბეტსის სასტუმრო“. მერიოტი და შერატონიც არსებობდა, მაგრამ ბეტსის თავისი უცვლელი თამასა ეჭირა. ხოდა, ვიფიქრეთ, Lia’s სასტუმრო მაგის ქუთაისური ანალოგია თქო.

სასტუმრო ადვილად ვიპოვნეთ, მაგრამ შესვლამდე ცოტა უხერხულად კი ვიგრძენი თავი: ამერიკიდან შედარებით ახალი დაბრუნებული ვიყავი და ასე უცერემონიოდ, ქუჩიდან მიდგომა რაღაც ვერ იყო მთლად ლამაზი საქციელი, მაგრამ ნუ სხვა რა გზა იყო და შევედით.

მისაღებში ფაშფაშა ქალბატონი დაგხვდა. დიახ – ქალბატონი და არა ქალი. ხო, დედი, აბა რა გნებავთო. როგორც მალევე გავიგეთ, ეგ ყოფილა ქალბატონი ლია, სასტუმროს მეპატრონე.

დიდი ბოდიშის მოხდით… ადვოკატები ვართ თბილისიდან, აბაშაში პროცესი გვქონდა, უკან დაბრუნებას ვაპირებდით, მაგრამ პროცესი გადაგვიდო მოსამართლემ ხვალისთვის და აქ დარჩენა გვიწევს მეთქი.

ქალბატონმა ლიამ ტუჩებთან დაგროვილი მზესუმზირის ჩენჩოები ერთად გადმოაფურთხა, თურქული ყავით ნახევრად სავსე ფინჯანი მაჯით გვერდზე გაწია, მაგიდას დეკოლტე ჩამოაბჯინა და ისე მოგვაშტერდა, გეგონება რაღაც გაუგონარს ვუყვებოდით.

მოკლედ, არც ჯავშანი გვაქვს, არც წინასწარ დაგვირეკავს, ვაცნობიერებთ ამგვარი ქმედების უმსგავსობას, მაგრამ რაღაც უნდა გვიშველოთ – 3 ნომერი გვინდა და ეგებ გქონდეთ თავისუფალი მეთქი, ჩავარაკრაკე ერთი ამოსუნთქვით.

კი, როგორ არა, დედუნა, რამდენი ხნითო.

აი, ხვალ ჩვენი გადადებული პროცესია და მეტი, ალბათ, აღარ მოგვიწევს დარჩენა. ანუ, თუ თქვენთვის პრობლემა არაა, ხვალ დილას გავეწერებით მეთქი.

მოიცა, ანუ მთელი ღამით გინდათო? ჩაგვეკითხა და სათვალის ზემოდან ამოგვხედა.

ახლა ჩვენ მივაშტერდით. ეს იყო პირველი სიგნალი, რომ რაღაც მთლად ისე ვერ იყო იმერეთის სამეფოში. მთელი დღის ნამგზავრმა და პროცესზე ბოლომდე დახარჯულებმა, გარეთ ახლაღა გავიხედეთ და განთქმული სასტუმროს ეზოში კეთილშობილ დიაცთა ინტენსიური მოძრაობა შევნიშნეთ. როგორც აღმოჩნდა, ლიას მაინც ოდნავ სხვა პროფილი ჰქონდა, ვიდრე ბეტსის.

ასე იყო თუ ისე, მის იქით გზა არ გვქონდა. ამიტომ, სამი ნომერი ავიღეთ – სამივე მთელი ღამით – და საჭმელად ქალაქს გავეფინეთ. სად წავსულიყავით, არც ეგ ვიცოდით, მაგრამ გამოსვლამდე ქალბატონი ლიადან ლია დეიდად მალევე ქცეულმა დიასახლისმა მიგვასწავლა, ყველაზე კაი რესტორანი „ტირიფებია“ – ხიდს რომ გადახვალთ ქვიტირისკენ, ემანდვეო.

ტირიფებში რაღაცნაირი ძმობის სულისკვეთება სუფევდა: მეობა, ჩახუტება, სიამტკბილობა, სუფრებს შორის მისვლა-მოსვლა, გულ-ღვიძლის ამოღება და ჯიგარ-ყაურმის გაზიარება. სადაც ჩახვალ იქაური ქუდი დაიხურეო. ან, როგორც ამერიკაში მასწავლეს, when in Rome, do as the Romans do-ო… ხოდა, არავის არაფერში ჩამოვრჩით. მაინცდამაინც საინტერესო არაფერი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მას მერე გომის არაყი აღარ დამილევია.

ჩვენს ტრაპეზს პეწსა და გაქანებას ერთი რუსქართველა მიმტანი ჰმატებდა, რომლის მთავარი ხიბლი ქერად შეღებილი თმა და არც ისე სექსუალური რუსული აქცენტი იყო. ტანია – ასე ერქვა იმ საღამოს რესტორანში ყველაზე ლამაზ (და, მგონი, ერთადერთ) ქალს, რომელთანაც ჩვენმა მძღოლმა ლადომ – ყველა გაჩერებისას, საბუთების მიწოდების პარალელურად, ადვოკატები ვართ, პროცესზე მივდივართო, რომ ეუბნებოდა ძაღლობას – ფოტოგრაფს ბევრი პოლაროიდის ფოტო გადააღებინა.

ასე ჩაღორებულ-ატროყებულები მივბრძანდით უკან, ლია’ს სასტუმროში. ამ დროისათვის, ობიექტზე უკვე სერიოზული მოძრაობა იყო გაჩაღებული. ეზოში ოჯახიშვილი ლამაზმანები მიდი-მოდიოდნენ. ზოგი ნამეტანი სახლურად გამოიყურებოდა – იფიქრებდი, ქმარს დაუბარა, ლობიოს ამოურიე, არ მიმეწვას, ნელისთან გადავალ ხმელ სუნელზე და მოვბრუნდებიო.

ჭიშკრის გარეთ ინტერესიანი, უფულო თინეიჯერი ბიჭების ვითომ სახელდახელო, სტრატეგიული ბირჟა პოზიციონირებდა.

ახლა რომ ვთქვა, მეტისმეტად მთვრალი ვიყავი, თავი ძლივს მეჭირა და დასაძინებლად წავედი მეთქი, მაინც არავინ დამიჯერებს და ბარემ გამოვტყდები, რომ… მართლა ასე იყო. ლადოს და გოგასაც სიქა ჰქონდათ გამძვრალი და ადვილად გატიალდნენ. გარდა ამისა, უწესო დიაცთა მონასტერში კელაპტრის დანთება არასდროს გვხიბლავდა, ყოველ შემთხვევაში, მე და გოგას.

ხოდა, იმას ვამბობდი, მე კი მეძინებოდა, მაგრამ ეშმაკს აშკარად არ ეძინა, რამეთუ(!) ჩემი დროებითი ნავსაყუდელისკენ ბარბაცით მიმავალს, რომელიღაც ოთახიდან გამოსული დრუ ბერიმორი დამანახა. დიახ, არ მოგესმათ – დრუ ბერიმორი. უფრო სწორად, მისი ქუთაისელი რეინკარნაცია, ზუსტად ისეთივე უმანკო სახით, გამომწვევი მზერით, წითელი ტუჩებით, ვიწრო წელით, შთამბეჭდავი მკერდითა და მსუყე ტან-ფეხით.

მას მერე, როცა ეს ამბავი მომიყოლია, ქალები ძირითადად დრუ ბერიმორის გარეგონას იწუნებენ („ნუ აი რა მოგწონს მაგ გოგოში?!“). მაგრამ ნუ შევყვებით გემოვნებაზე დავას. გავიხსენოთ, რომ 26 წლის ბიჭს ამ დროს უკვე ერთი ბოთლი გომის საწამლავი აქვს მიღებული, რაც სრულიად გასაგებს ხდის იმას, რომ მას შეიძლება ძალიანაც მონდომებოდა ცოცხალი დრუ ბერიმორის გაცნობა. მაგრამ განგებამ თუ იმ ღამეს ვარსკვლავების სასიკეთო განლაგებამ გასაკიცხი ერთობა არ დაუშვა და ყველაფერი ამაყი ურთიერთ-შეთვალიერებით შემოფარგლა.

ოთახის კარი ძლივს გავაღე, ლოგინზე ტანსაცმლის გაუხდელად დავეხეთქე, დამძიმებული სხეულის ქვეშიდან საბანი ძლივს გამოვაძრე, რომ გადამეფარებინა, გრილ ბალიშზე ტკბილად მივესვენე და შევეცადე, გამეხსენებინა, რომელ ფილმებში მყავდა დრუ ბერიმორი ნანახი. შუქის ჩაქრობა არც გამხსენებია. თუმცა, დილამდე ვერც ის შევნიშნე, რომ ენთო.

ნეტავ, გოგამ და ლადომ რა ქნეს? – მგონი ეს იყო ბოლო აზრი, რომელმაც ჩაძინებამდე გამიელვა.

პახმელიაზე სისხამ დილით გაგვეღვიძა. როგორც ყოველთვის, მეტისმეტად ადრე – როცა ფორებიდან ალკოჰოლმა დაიწყო გამოსვლა. კეფა მისკდებოდა. ეზოში სამივენი თითქმის ერთდროულად გამოვლაგდით. გვშიოდა, მაგრამ ლია დეიდასთვის საუზმის თხოვნა არ გვინდოდა. ჯერ ერთი, ნამეტანი ადრე იყო. მერე მეორე, არა მგონია, მაგას საუზმის სერვისი ჰქონოდა. მესამე და მთავარი – რა თვალით უნდა შეგვეხედა მისთვის ახლა, როცა ამ დაწესებულების საქმიანობას გავეცანით?!

სამივემ მოვიმიზეზეთ, რომ წუხანდელი აღვირახსნილობის შემდეგ, დილას მსუბუქად კვება გვინდოდა. ფული საქმეზე ადრიანად გამოსულ დამლაგებელს დავუტოვეთ და გავედით. ვაგლახ – ქუთაისის მასშტაბით, საუზმე რასაც ჰქვია – პური, კარაქი, იოგურტი სად იყო მაშინ და ხაჭო და არაჟანი, ან ჯემი და მურაბა არსად იღებოდა. ბორჯომით გაჭყეპილები, ისევ აბაშისკენ გავეშურეთ.

მანქანაში პახმელიის მძაფრი ოხშივარი ტრიალებდა. რაღაც გვკარნახობდა, რომ აბაშაში უფალი აუცილებლად გადმოგვხედავდა. არც შევმცდარვართ: პირველივე სასადილოში, რომელშიც თეთრ, დენიდან გამორთულ დახლ-მაცივარში ინსტალაციად ქცეული ცოცხალი და მწნილი იყო დალაგებული პრიალა თეფშებზე, დახლიდარს უიმედოდ ვკითხეთ, საუზმე ხომ არ გაქვთ რამე თქო. გეკადრებათ? საუზმე როგორ არ მაქვს, დაბრძანდით, მოისვენეთ და ყველაფერს მოგართმევთო.

დავსხედით, თან ცოტა არ გვჯერა, რომ ასე გაგვიმართლა. გოგამ, როგორც ჰოროსკოპით სკეპტიკოსმა, ეგებ მაინც ვკითხოთ, კონკრეტულად რა აქვსო. ამგვარი უმადურობა, რა თქმა უნდა, არ იყო საამაყო საქციელი, მაგრამ რაღას დავუშლიდით. დახლიდარმაც, რა ვიცი, გენაცვალე, ყველაფერი მაქვს, რაც საუზმეზე იჭმევა – ოსტრი, ჩაშუშული, მჟავე, ჩიხირთმა. სოკოც შემიძლია შეგიწვათ, თუ არ გეჩქარებათ. არაყი მაქვს საუკეთესო, ხილისო.

არყის ხსენებაზე ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ ძიებისა და აღმოჩენების დრო აღარ იყო. რაც იყო, იმას გეახელით და გავეშურეთ პროცესზე. მაგრამ მანამდე გოგა გამოტყდა, შენ რო კისერი მოგტყდა ყურებით, ის გოგო არსად წასულა, ვიღაც კდემამოსილ ქართველ დედას მიუჯდა და ერთად კისკისებდნენო. მე და ლადო მოსაწევად დავრჩით, ცოტა გამოვფხიზლდით კიდეც, გავიცანით, პროფესიაზე, კარიერასა და გეგმებზე ვისაუბრეთ, ცოტა გეოპოლიტიკაც ჩავურთეთო. იმ ორივეს საბერძნეთში უნდოდა წასვლა სამუშაოდ. რაღაც ეტაპზე, ლადო რეზკად გაუშინაურდა და აჯახა, არატრადიციულ სექსზე რა აზრის ხართო. ქართველი დედა ერთხანს თურმე დაბნეული უყურებდა. მერე ჯერ თვალები მოუჭუტა, მერე გაუფართოვდა… უიმე, ბოშო, მინეტიო?! – აღმოხდენია ბოლოს, ევრიკასავით და აუტეხია ხორხოცი.

ამის შემდეგ რა მოხდა, მემატიანემ არ შემოგვინახა. ლადო, რომელიც გოგას მონათხრობს საეჭვოდ ჩუმად უსმენდა, დღემდე დუმილის უფლებას იყენებს.

…როგორც მოსალოდნელი იყო, ის პროცესი წავაგეთ. მაგრამ სააპელაციოში მოვიგეთ. უზენაესში იმათ აღარ გაუსაჩივრებიათ. მოკლედ, მთლიანობაში, საჩვენოდ დამთავრდა.

ეს იყო ქუთაისში. ცოტაც – აბაშაში. 2001 წელს. სანამ ღირსებას დავკარგავდით.

გააზიარე