"ამჟამად ვარ The Terrace Boutique Hotel and Restaurant-ის და ტურისტული სააგენტო Protravel Georgia-ს მმართველი პარტნიორი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძრვანელი".

საქართველოს ზამთრის კურორტები

საქართველოს ზამთრის კურორტები

მიუხედავად სიცივისა, ყველას გვეუფლება ზამთრის განწყობა და გვინდება დასვენება კომფორტულ, თბილ გარემოში, ცხელი ჩაის სმა და თოვლიანი მთების ხედებით დატკბობა. სხვადასხვა ინტერესის მქონე დამსვენებლებსა და მოგზაურებს შეუძლიათ დაიკმაყოფილონ საკუთარი სურვილები და ყველამ თავისი ზამთარი აღმოაჩინოს საქართველოში, რომლის მთიან მხარეებში უხვადაა თოვლი, შესაძლებელია თხილამურებით სრიალი, ექსტრემალური სპორტით დაკავება და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება, რასაც შემდეგ რომანტიკულ გარემოში დასვენება მოსდევს. ქვეყნის სტუმრებისთვის საინტერესო იქნება საქართველოს ავთენტური კულტურის გაცნობა, გასტრონომიული თავგადასავლები, რასაც, სურვილის შემთხვევაში, მთელ ოჯახთან ერთად შეძლებთ. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ეს ზამთარი თქვენი თავისუფალი დროისა და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით.

ჩემი პროფესიული სფერო ტურიზმია და ამავდროულად თვითონ წარმოვადგენ ტურისტს, რომელიც სიახლის, ეგზოტიკის, უნიკალური ადგილებისა და დასამახსოვრებელი შთაბეჭდილებების მუდმივ ძიებაშია. ხშირ შემთხვევაში კი საკუთარ ინტერესებსა და სურვილებს ვიკმაყოფილებ საქართველოში.

მაშ ასე, კარგად დაგეგმეთ, არ დაგავიწყდეთ თბილი ტანსაცმლის წამოღება და მოემზადეთ დაუვიწყარი ზამთრის თავგადასავლებისთვის!

Weekend Escape

თუ თქვენი სამუშაო გრაფიკი გადატვირთულია და ხანგრძლივი შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, მაშინ მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად შაბათ-კვირას ბუნების წიაღში გასვლა და გარემოს გამოცვლა იდეალური ალტერნატივაა. მთავარია, მგზავრობაში დიდი დრო არ დახარჯოთ და ისეთი ადგილი აარჩიოთ, სადაც მაქსიმალურად განიტვირთებით ორი დღის განმავლობაში. ზამთარში ჩემთვის საუკეთესო უიკენდ-მიმართულება ყაზბეგია, რომელიც ლამაზი ბუნებისა და პანორამული ხედების გარდა, იდეალური ადგილია დასვენებისთვის და გარემოს გამოსაცვლელად. გერგეთის სამება, დათოვლილი მთები და მკაცრი ბუნება – ესაა ყაზბეგი, სადაც ადამიანი ყოველდღიურ რუტინას სწყდება და თავის თავს უბრუნდება. საუკეთესო მთიულური ხინკლის დაგემოვნებას კი რესტორან „წანარეთში“ გირჩევთ – დამერწმუნეთ, ნამდვილად კმაყოფილები დარჩებით.

ყაზბეგი – სტეფანწმინდა (თბილისიდან 154 კმ., 2 სთ. და 40 წთ.)

  • Rooms Hotel Kazbegi- 480 ლ. საშუალო ფასი
  • Alpenhaus B&B- 80 ლ. საშუალო ფასი
  • ადგილობრივი საოჯახო სასტუმროები – 40 ლარიდან

City Break

ბუნებაში პასიურ დასვენებასა და განტვირთვას თუ უფრო ინტენსიურ დროის ტარებასა და სანახაობებით დატვირთულ გრაფიკს ამჯობინებთ, მაშინ ქალაქური ვოიაჟი თქვენთვისაა განკუთვნილი. სად, თუ არა ბათუმში? ქალაქში, სადაც ფეხით სიარული ზამთარშიც კი არასოდეს მოგბეზრდებათ. ამ ზღვისპირა ქალაქში, აღმოსავლეთისგან განსხვავებით, შედარებით უფრო თბილა და მზიანი ამინდებია. ველოსიპედით სეირნობა ზღვის გასწვრივ ბულვარზე, ძველი ბათუმის ქუჩებში სეირნობა და ჩოგბურთის თამაში ბათუმის კორტებზე ჩემი საყვარელი აქტივობებია, როცა იქ ზამთარში ჩავდივარ. ვისაც ზამთარი თხილამურებზე სრიალის გარეშე ვერ წარმოუდგენია, გოდერძის კურორტი, რომელიც ბათუმიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, უკვე მზადაა დამსვენებლების მისაღებად.

ბათუმი (თბილისიდან374 კმ., 5 სთ. 20 წთ.)

  • საერთაშორისო ბრენდები: Hilton, Sheraton, Radisson – 250 ლარი საშუალო ფასი
  • Holland Hoek Hotel – 120 ლარი საშუალო ფასი

Food & Wine

გურმანებსა და გასტრონომიული თავგადასავლების მოყვარულებს საქართველოს ყველა კუთხე ქართული ქვევრის ღვინის თანხლებით გემრიელი კერძების დაგემოვნების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სიღნაღია, რომელიც მდიდარია ისტორიული და კულტურული სანახაობებით, აქ ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან ალაზნის ველის ულამაზესი ხედები იშლება. სიღნაღში ყოფნის დროს არასდროს მავიწყდება, შევიარო „ხოხბის ცრემლებში“, სადაც, უგემრიელესი კერძების გარდა, ქართული ნატურალური ქვევრის ღვინოების დიდი არჩევანია. სწორად ამ ადგილას იწყება ჩემთვის გასტრონომიული შთაბეჭდილებები. აუცილებლად გასინჯეთ „ხოხბის ცრემლების“ ქვევრის ნატურალური ღვინო რქაწითელი – ის ერთ-ერთი გამორჩეულია მათ ღვინოებში.

სიღნაღი (თბილისიდან 110 კმ., 1 სთ და 40 წთ.)

  • Kabadoni – 250 ლარი საშუალო ფასი
  • Solomoni – 120 ლარი საშუალო ფასი
  • Nana’s Guesthouse- 50 ლარი საშუალო ფასი

Ski & Adventure

ზამთრის გეგმების დაწყობის დროს პირველი, რაც გვახსენდება, თხილამურებზე სრიალი და სხვადასხვა სპორტული აქტივობაა. ვისაც ექსტრიმი და სპორტული თავგადასავლები უყვარს, მათთვის არჩევანიც ბევრია. თუმცა, საქართველოს დედაქალაქთან ყველაზე ახლომდებარე და პოპულარული კურორტი გუდაურია, რომელიც ყოველთვის ელის სპორტის მოყვარულებს.

გუდაური (თბილისიდან 122კმ., 2 სთ და 5 წთ.)

  • Marco Polo- 450 ლარი საშუალო ფასი
  • Monte Gudauri- 300 ლარი საშუალო ფასი

Spa & Wellness

დასვენების მთავარი მოტივაცია ზამთარში მხოლოდ თოვლი და მთები არაა. გაჯანსაღება და გალამაზებაც ხომ დასვენებისა და განტვირთვის ერთ-ერთი გზაა. დღეს უკვე საქართველოს კურორტებზეც არის იმის საშუალება, რომ ჯანსაღ კვებასთან ერთად დეტოქსიკაციისა და სილამაზის სხვა პროცედურები ჩავიტაროთ. ზამთარში ასეთი ადგილი ბორჯომია.

აქ რამდენიმე დღის გატარებაც კი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს – ჯერ მარტო ეროვნულ პარკში სუფთა ჰაერზე სეირნობას რა ჯობია! ქალებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ პროცედურებს Rixos-ბორჯომში შემოგთავაზებენ, სადაც დაბალანსებულ კვებისა და დეტოქს-პროცედურების შედეგად რამდენიმე კილოგრამის დაკლებაცაა შესაძლებელი.

ბორჯომი (თბილისიდან 161 კმ. 2 სთ და 10 წთ.)

  • საერთაშორისო ბრენდები: Rixos- 450 ლარი საშუალო ფასი, Crown Plaza- 420 ლ. საშუალო ფასი
  • Borjomi Palace Hotel & Spa- 150 ლარიდან

Culture and Authentic Experience

თუ გნებავთ საქართველოს რომელიმე კუთხის კულტურა აღმოაჩინოთ და უკეთ გაეცნოთ მას, დატკბეთ ბუნებით, ისრიალოთ თხილამურებზე და თავი შუა საუკუნეებში იგრძნოთ, მესტიაში გაემგზავრეთ. აქ მიღებული პირველი შთაბეჭდილება ბოლომდე გაგყვებათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ჩემთვის მესტია განსაკუთრებული ადგილია, სადაც უკან დაბრუნება ყოველთვის მინდება, რადგან ადგილობრივი სილამაზით დატკბობის გარდა, იქაური მეგობრების ნახვის სურვილიც არ მასვენებს. მესტიელები საოცრად სტუმართმოყვარენი არიან. მესტიაში ყოფნის დროს აუცილებლად ადით ჰაწვალზე და ესტუმრეთ ზემოთ, საბაგიროებთან თეზო ჯაფარიძის პანორამულ რესტორანს, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება და კარგი ამინდის დროს უშბისა და თეთნულდის დანახვაც კი შეიძლება.

მესტია (თბილისიდან 463 კმ., 6 სთ და 40 წთ.)

  • Hotel Tetnuldi – 200 ლარიდან
  • Cosy Corner Inn – 100 ლარიდან
  • Hotel Hatsvali – 60 ლარიდან
  • ადგილობრივი საოჯახო სასტუმროები – 60 ლარიდან

Family Holiday

ბაკურიანი ზამთარში საუკეთესო ადგილია საოჯახო დასვენების დასაგეგმად. გამაჯანსაღებელი გარემო ბავშვებისთვის, იდეალური ადგილი თხილამურებზე სასრიალოდ და საღამოს სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. ჩემთვის ბაკურიანი ერთ-ერთი აუცილებელი მიმართულებაა ზამთარში ბავშვის გასაყვანად და მისი იმუნიტეტის გასაძლიერებლად. იქაური ჰავა და გარემო უფროსებისთვისაც არანაკლებ სასარგებლოა. ბავშვებისთვის იდეალურ გარემოს კი გვთავაზობს გასართობი ცენტრი „ჯოილენდი“. იქვეა ე.წ. ამირანის ტყე, სადაც ზამთარ-ზაფხულ შესანიშნავი კლიმატური გარემოა სეირნობისთვის.

ბაკურიანი (თბილისიდან 184 კმ. 2 სთ. და 40 წთ.)

  • Hotel Mgzavrebi – 264 ლარიდან
  • Boutique Hotel Chalet- 120 ლარიდან
  • Mariski Family Guesthouse- 60 ლარიდან

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა