ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველოს იმპორტი 2016 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობით
საქართველო იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკების გავლენაც დიდია. 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის წილი 79%-ს შეადგენს. 2014 წლის ბოლოს დაწყებულმა ლარის კურსის გაუფასურების პროცესმა იმპორტული საქონლის ფასების ზრდა გამოიწვია, რასაც იმპორტზე მოთხოვნის შემცირება მოყვა. შედეგად 2015 წელს საქართველოში განხორციელებულიმა იმპორტის მოცულობა 10%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ლარის დასტაბილურების პროცესთან ერთად იმპორტის მოცულობის კლების ტემპი შემცირდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით საქართველოში განხორციელებულმა იმპორტის მოცულობამ 1 703 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით.
2016 წლის იანვარ-მარტში იმპორტმა ევროკავშირის ქვეყნებიდან 601 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 28%-ით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. დსთ-ს ქვეყნებიდან იმპოტი კი 11%-ით შემცირდა და 445 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან, კერძოდ ჩინეთიდან იმპორტის მოცულობის კლებამ 49.5 მლნ. აშშ დოლარი (29%), უკრაინიდან 43.8 მლნ. აშშ დოლარი (38%), გერმანიიდან 34.1 მლნ. აშშ დოლარი (28%), ამერიკის შეერთებული შტატებიდან 29.3 მლნ. აშშ დოლარი (43%), თურქეთიდან 28.9 მლნ. აშშ დოლარი (9%) და აზერბაიჯანიდან 7.6 მლნ. აშშ დოლარი (5%) შეადგინა.
2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით საქართველოს საიმპორტო ათეულის ლიდერი სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი იყო 260 მლნ. აშშ დოლარით (პროცენტული წილი 15%), რომელსაც მოსდევს ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 124 მლნ. აშშ დოლარით (7%) და მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 99 მლნ. აშშ დოლარით (6%).
საქართველოს საიმპორტო ათეულში შედის ისეთი სასაქონლო ჯგუფები, რომლთა ადგილობრივი წარმოება არ არის განვითარებული და შესაბამისად მათი ადგილობრივით ჩანაცვლებაც ვერ ხერხდება. აქედან გამომდინარე, ქართველი მომხმარებელი იძულებულია გაძვირებული იმპორტული საქონელი შეიძინოს ან შეამციროს უცხოურ პროდუქტზე მოთხოვნა მის შესყიდვაზე უარის თქმით და არა მისი ადგილობრივად წარმოებულით ჩანაცვლებით. საქართველოში ადგილობრივი წარმოება განვითარებული რომ იყოს იმპორტის მოცულობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით შემცირდებოდა, რადგან იმპორტირებულ საქონელზე მოთხოვნა ადგილობრივით ჩანაცვლდებოდა.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 11, 2021
- on სექტემბერი 5, 2020
- on ივლისი 8, 2020
- on ივნისი 9, 2020
- on მაისი 5, 2020
- on მარტი 27, 2020
- on თებერვალი 26, 2020
- on იანვარი 30, 2020