ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმოხილვა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმოხილვა

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,121 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 14%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. კლება დაფიქსირდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებებით. ექსპორტის მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა და 1,832 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტის მოცულობამ 10%-ით დაიკლო და 6,289 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის ათი თვის მონაცემებით შეინიშნება სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,457 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.7%-ით (125  მლნ. აშშ დოლარი) ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

 

 

ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები, 2010-2015 წლებიიანვარ ოქტომბერი (მლნ. აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

მიმდინარე წელს, საქართველოს ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს ლიდერობს სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 11.3% უჭირავს (207.2 მლნ. აშშ დოლარი), მეორე ადგილზეა ფეროშენადნობების ექსპორტი – მთლიანი ექსპორტის 9.1% (167.1 მლნ. აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი კი 8.4%-იანი წილით არის წარმოდგენილი (154.4 მლნ. აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საიმპორტო სასაქონლო ათეულში პირველ სამ ადგილზე არიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – მთლიანი იმპორტის 8.9% (558.2 მლნ. აშშ დოლარი), სამკურნალო საშუალებები, მთლიანი იმპორტის 8.9% (558.0 მლნ. აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომობილები – 6.1% (380.8 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (* წინასწარი მონაცემები)

პირველი სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია თურქეთი (1,246.3 მლნ. აშშდოლარი), აზერბაიჯანი (663.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (596.1 მლნ. აშშ დოლარი). ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ასევე არიან: რუსეთი (594.0 მლნ. აშშ დოლარი), უკრაინა (414.5 მლნ. აშშ დოლარი), გერმანია (411.2 მლნ. აშშ დოლარი), ირლანდია (326.7 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (317.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (300.6 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (296.9 მლნ. აშშ დოლარი).

მკვეთრად შემცირდა დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რაც განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობაზე, რომელიც 2015 წლის ათი თვის მონაცემებით 703 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა და 44%-ით შემცირდა წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემთან შედარებით.

მიუხედავად ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვის (განსაკუთრებით ექსპორტის) მნიშვნელოვანი შემცირებისა დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის მიმართულებით. 2015 წლის ათი თვის მონაცემებით წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობა 4%-ით გაიზარდა. ამ მიმართულებით ექსპორტის მოცულობა იგივე პერიოდში 2%-ით არის გაზრდილი და 537 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. სავაჭრო დეფციტის გაუმჯობესების ტენდენცია შეამცირებს ქვეყნიდან სავალუტო ნაკადების გადინებას და დადებითად წაადგება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურების პროცესს.

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა, 2014-2015 წლები იანვარი-ოქტომბერი (მლნ. აშშ დოლარი)

 

 

გააზიარე