ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა კლებას განაგრძობს
საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებადი ქვეყნებისთვის უცხოური ვალუტის მიღების და იმპორტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა. ამ ქვეყნებში უცხოეთიდან განხორციელებულ ფულად ჩარიცხვებს დიდი გავლენა აქვს დაბალშემოსავლიანი მოქალაქეების კეთილდღეობასა და მსყიდველობითუნარიანობაზე, ბიზნეს სექტორისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2010-2013 წლებში, ფულადი გზავნილების მოცულობა მუდმივად იზრდებოდა, რასაც ვერ ვიტყვით 2014 წლის მაჩვენებელზე, რომელიც წინა წელთან შედარებით 2.5%-ით (36 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის კლება კიდევ უფრო გაძლიერდა 2015 წელს. მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით აღნიშნულმა მაჩვენებელმა 632 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 24%-ით (202.3 მლნ აშშ დოლარი) შემცირდა.
2015 წლის იანვარ-ივლისში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92% თორმეტ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. ამ პერიოდში რუსეთიდან განხორციელებული გადმორიცხვების მოცულობამ 247.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 172.2 მლნ აშშ დოლარით (41%-ით) ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. რუსეთის ხვედრითი წილი 2015 წლის იანვარ-ივლისის თვეში, საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაში 39.2%-ს შეადგენს და 11.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე (50.3%).
როგორც მოსალოდნელი იყო საბერძნეთში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახა ამ ქვეყნიდან საქართველოში ივლისის თვეში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობაზე. 2015 წლის ივლისში საბერძნეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსული ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2 მლნ აშშ დოლარით (76%) ნაკლებია 2014 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შესაბამისად საბერძნეთმა დაკარგა მეორე ადგილი, რომელიც წინა წლის ივლისის თვის ფულადი გადმორიცხვების მოცულობაში ეჭირა. რაც შეეხება 2015 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს, საბერძნეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 87.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა და 34 მლნ აშშ დოლარით (28%) შემცირდა 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით.
იგივე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა იტალიიდან 9 მლნ აშშ დოლარით (13%), ხოლო უკრაინიდან 7 მლნ აშშ დოლარით (38%) არის შემცირებული.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთში არსებული ეკონომიკური რყევები, საბერძნეთის კრიზისი და იტალიაზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენა არის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელებული ფულადი გზავნილების შემცირების მიზეზი. გზავნილების მოცულობის კლება მნიშვნელოვნად აზარალებს ქართულ ეკონომიკას. ეს განსაკუთრებით საგრძნობია გაზრდილი უარყოფითი საგადასახდელო ბალანსისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on თებერვალი 11, 2021
- on სექტემბერი 5, 2020
- on ივლისი 8, 2020
- on ივნისი 9, 2020
- on მაისი 5, 2020
- on მარტი 27, 2020
- on თებერვალი 26, 2020
- on იანვარი 30, 2020