I'm results-driven and detail-oriented IT Project Manager with a demonstrated history of working on international projects, higher education in business administration along
with geeky interest in computer science.

საცალო ვაჭრობის მომავლის სცენარს Amazon-ი წერს

საცალო ვაჭრობის მომავლის სცენარს Amazon-ი წერს

საცალო ვაჭრობა სულ მალე შესაძლოა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, ცვლილებების სათავეში კი გიგანტური Amazon-ი დგას.

 

დღევანდელი საცალო ვაჭრობის ობიექტების ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის დრო რომელსაც მომხმარებელი რიგში დგომისას ხარჯავს (რიგ შემთხვევებში პროდუქტის არჩევის დროზე მეტია), ამ პრობლემის მოგვარება ამაზონმა ინოვაციური პროდუქტით, Amazon Go-თი სცადა.

რას წარმოადგენს Amazon Go? – Amazon Go გახლავთ სუპერმარკეტის, სწრაფი კვების სტილის ობიექტი, რომელსაც ადგილზე არცერთი თანამშრომელი არ ჰყავს. დიახ, არც კონსულტანტები და არც მოლარეები, ადგილზე მისულს, თქვენ მხოლოდ სხვა მომხმარებლები თუ შეგხვდებიან.

როგორ ხდება Amazon Go-ში ვაჭრობა? – ვაჭრობის დასაწყებად საჭიროა მომხმარებელს ჰქონდეს ოფიციალური აპლიკაცია საკუთარ სმარტფონში, მისი მეშვეობით იგი შეძლებს ობიექტში შესვლას. მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაივლის სხვადასხვა დახლს და აარჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს, საჭიროა მხოლოდ ამ პროდუქტით ობიექტის დატოვება და შესაბამისი თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება Amazon Go-ს ანგარიშიდან.

ტექნოლოგია ინოვაციის მიღმა – თუ Amazon-ს დავუჯერებთ, ამ ერთი შეხედვით მარტივი პროცესის შესარულებად ის შემდეგ ტექნოლოგიებს იყენებს: კომპიუტერული ხედვა, deep learning ალგორითმები და სენსორები. ობიექტში შესვლისას მომხმარებელი ავტომატურად იდენტიფიცირდება მისი სმარტფონის მეშვეობით, რის შემდეგად მასზე მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს, სპეციალურად დამონტაჟებული კამერების მეშვეობით. პროდუქტის ხელში აღება ან ჩანთაში მოთავსება ავტომატურად გულისხმობს მის ვირტუალურ კალათაში პროდუქტის დამატებას, გამოსვლისას კი ჯამური თანხა ავტომატურად ჩამოჭრას. უამრავი კამერა და წონის სენსორები დახლებზე უზრუნველყოფს რომ მომხმარებელმა შემთხვევით სხვა პროდუქტის თანხა არ გადაიხადოს ან დახლებზე შემთხვევით გადაადგილებულმა პროდუქტმა პრობლემები არ გამოიწვიოს.

ასევე, სრულად ავტომატიზირებულია მიწოდების ჯაჭვის და მომარაგების პროცესები, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, საწყობში ინფორმაცია მომარაგებასთან დაკავშირებით მანამდე გადაეცემათ სანამ პროდუქტი რეალურად ამოიწურება. (ხელოვნური ინტელექტი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა: გაზრდილი მოთხოვნა, სხვადასხვა სეზონი, ფასის ცვლილება და ა.შ.)

                         

ზემოთ აღწერილი პროცესი ძალიან ცხადად შეგიძლიათ პრომო ვიდეოს საშუალებით ნახოთ.

Amazon Go-მ პირველი ობიექტი 2018 წლის 22 იანვარს გახსნა და მას შემდეგ ობიექტების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, რაც ბუნებრივია რომ ასეთი ინოვაციური პროდუქტისთვის და კომპანიისთვის შთამბეჭდავი ტემპი არ არის. მიზეზი ის გახლავთ, რომ პროდუქტი ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია და მისი მუდმივი განვითარება ხდება უამრავი მიმართულებით: რა უნდა მოხდეს თუ მაღაზიაში ბავშვმა პროდუქტები აურია? როგორ შეუძლია ადამიანს ობიექტით სარგებლობა თუ შესაბამისი აპლიკაცია არ აქვს და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ Amazon ამ ბაზარზე ყველაზე ცნობილი კომპანიაა, იგი ერთდადერთი არ არის. ტექნოლოგიური სტარტაპები როგორიცაა Grabango და AiFi უკვე ახორციელებენ მსგავსი სერვის იმპლემენტაციას არსებულ სუპერმარკეტებში. ბუნებრივია გიგანტური კომპანიები როგორიც Walmart და 7-Eleven-ია ასევე ცდილობენ არ ჩამორჩნენ ამ ტენდენციას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მსგავსი სუპერმარკეტების გახსნა სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს, კომპანიებს შორის თითქოს “დაუწერელი შეთანხმება” არსებობს, რომ სწორედ ასე გამოიყურება საცალო ვაჭრობის მომავალი.

გააზიარე