"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

სახელმწიფო საგარეო ვალი - საფრთხე თუ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა?

სახელმწიფო საგარეო ვალი - საფრთხე თუ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა?

ეკონომიკაში შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის შედეგად დარჩენილ ნაშთს დანაზოგი ეწოდება. დანაზოგი შემდეგ ინვესტიციად გარდაიქმნება, მეტი ინვესტიცია კი მეტ კაპიტალს ქმნის. თუმცა, ეროვნული დანაზოგი, მით უმეტეს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის, სადაც დაზოგვისაკენ მიდრეკილება ისედაც მცირეა, ხშირ შემთხვევაში საკმარისი არაა საჭირო ინვესტიციის განსახორციელებლად. სწორედ ასეთ შემთხვევაში ქვეყანა მიმართავს საგარეო ვალს. უფრო მეტიც, საგარეო ვალი ხშირად საშინაო ვალზე უკეთესია, რადგან უფრო ხელმისაწვდომია, მასზე საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია და ის უცხოურ ვალუტაშია, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებას იწვევს. მართალია, საგარეო ვალი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკას კრიზისის რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა მისი არსებობა სავალდებულოც კია იმისთვის, რომ ქვეყანამ განვითარების მაღალ საფეხურებს მიაღწიოს.

საგარეო ვალის არარსებობა სულაც არ ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეს. ამის დასასაბუთებლად შევიძლია გადავხედოთ განვითარებული ქვეყნების, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით არსებულ, სამთავრობო ვალის შეფარდებას ნომინალურ მშპ-სთან. გრაფიკიდან ნათლად ჩანს რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის სამთავრობო ვალის ფარდობა ნომინალურ მშპ-სთან საკმაოდ მაღალია.

რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის თანახმად, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (11.0 მლრდ ლარი), საიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 251.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 829.3 მლნ აშშ დოლარი და 578.7 მლნ აშშ დოლარი. ფინანსთა სამინისტროს თანახმად კი 2015 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყნის სამთავრობო ვალის მოცულობა 4.0 მლრდ აშშ დოლარია, საიდანაც 1.2 მლრდ დოლარი განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ვალია, 0.5 მლრდ დოლარი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (EBRD), 0.5  მლრდ დოლარი აზიის განვითარების ბანკის (ADB), ხოლო 0.5 მლრდ დოლარი ევროობლიგაციებზე მოდის. რისთვის გამოიყენება აღნიშნული ფინანსები? 2014 წლის მე-4 კვრტალის მდგომარეობით, სესხების დანიშნულების მიხედვით პირველ ადგილზე საინვესტიციო პროექტებია (54.8%), მეორე ადგილზე ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები (27.2%), მესამე ადგილზე კი ევრობონდები (11.9%). როგორც დასაწყისში ვახსენეთ, საგარეო ვალი საჭიროა ინვესტიციების დასაფინანსებლად და საქათველოს შემთხვევაშიც ქვეყნის მთავრობის საგარეო ვალის ნახევარზე მეტი სწორედ საინვესტიციო პროექტებზე მოდის.

საგარეო ვალი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ ქვეყანა გადახდისუნარიანია. აქედან ჩნდება კითხვა: რამდენად გადახდისუნარიანია საქართველო? თუ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების ცვლილებას გადავხედავთ, დავინახავთ რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საგარეო ვალდებულებები გაიზარდა. 2013 წელს წმინდა საგარეო ვალდებულებები 134,144.8 ათასი ლარი იყო, 2014 წელს აღნიშნულმა მონაცემმა კი 493,415.9 ათასი ლარი შეადგინა. საგარეო ვალდებულებების ზრდა იგეგმება 2015 წელსაც. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოცემული ფინანსური ნაკადი გაზომილია ლარებში და წმინდა საგარეო ვალდებულებების ზრდა წლიდან წლამდე გარკვეულწილად გამოწვეულია სწორედ ლარის გაუფასურებით. მართალია საგარეო ვალდებულებები უფრო მეტად ზრდის ტენდენციით ხასიათდება ვიდრე კლების, მაგრამ ქვეყანა გეგმით გათვალისწინებული ვალების საშუალოდ 96-99%-ს ყოველწლიურად იხდის.

 

 

 

ათას ლარებში

დასახელება

2013 წლის ფაქტი

2014 წლის ფაქტი

2015 წლის პროექტი

წმინდა საგარეო ვალდებულებები

134,144.8

493,415.9

728,051.0

საგარეო ვალდებულებების ზრდა

588,360.5

996,864.9

1,124,080.0

სესხები

572,976.5

996,864.8

1,124,080.0

აქციები და სხვა კაპიტალი (მხოლოდ    სახელმწიფო საწარმოები და ორგანიზაციები)

15,384.0

0.1

0.0

საგარეო ვალდებულებების კლება

454,215.7

503,449.0

396,029.0

ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა

106,824.6

0.0

0.0

სესხები

323,621.0

499,469.7

395,000.0

სხვა კრედიტორული დავალიანებები

23,770.2

3,979.3

1,029.0

და ბოლოს, რამდენი უნდა იყოს სახელმწიფო საგარეო ვალი, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას? საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, სახელმწიფო ვალის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 50-40%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რათა ქვეყანამ მდგრადობა შეინარჩუნოს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წელს სახელმწიფო ვალის ფარდობამ ნომინალურ მშპ-სთან 36.5% შეადგინა, 2012 წელს – 34.8%, 2013 წელს – 34.7%, 2014 წელს – 35.6%, ხოლო 2015 წლისთვის ვალის მოსალოდნელი ფარდობა მშპ-სთან 43.7% იგეგმება, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ საზღვრებში თავსდება და ჯერ საგანგაშო არაა. თუმცა, საკმაოდ ახლოსაა ზედა ზღვართან, და თუ კვლავ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, საგარეო ვალის მოცულობა საფრთხის შემცველი აღმოჩნდება ქვეყნის ეკონომიკისათვის.

გააზიარე