"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის მკვლევარი. ვიკვლევ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მსოფლიო პრაქტიკას ტურიზმში"

სოციალური მეწარმეობის ინდიკატორები

სოციალური მეწარმეობის ინდიკატორები

ბოლო დროს, საქართველოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს მეწარმეობის შედარებით ახალი მიმართულება – სოციალური მეწარმეობა. თუმცა, ჯერჯერობით მას არ შეუღწევია ბიზნეს სექტორში და აღნიშნულ ბიზნეს მოდელს პრაქტიკულად მხოლოდ არასამთავრობო სექტორი იყენებს.

სოციალურ მეწარმეობას, ისევე როგორც სხვა მრავალ მიმართულებას, საქართველოში თავისებური სახე მიეცა. ძირითადად იგი აღიქმება, როგორც შშმ პირების დასაქმების საშუალება და გამოიყენება, როგორც Fundraising ახალი ფორმა. არადა, სოციალური მეწარმეობის აქტივობის სპექტრი ძალიან ფართოა და იგი გულისხმობს ისეთი საწარმოს შექმნას, რომელიც იქნება ფინანსურად თვითმყოფადი/თვითკმარი.

საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს სოციალური მეწარმეობის განმსაზღვრელი ოფიციალური იურიდიული ტერმინი და მისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა ან  მექანიზმები. შესაბამისად, ნებისმიერ ორგანიზაციას თუ კომპანიას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს თვითმინიჭებული სტატუსი – „სოციალური  საწარმო“, ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ხოლო რეგულირების არარსებობის პირობებში ვერც დონორი ორგანიზაცია და ვერც ფიზიკური პირი, რომელთაც სურთ  სოციალური პროექტის განხორციელებაში წვლილის შეტანა,  გაუჭირდებათ,  დაადგინონ, წარმოადგენს თუ არა რეალურად სოციალურ საწარმოს ის. ამისათვის დონორებს დასჭირდებათ თავად შექმნან სტანდარტები და კრიტერიუმები ამგვარი საწარმოს ამოსაცნობად.

იმისათვის, რომ ამოვიცნოთ, რომელი სოციალური საწარმო არის რეალურად სოციალური, საჭიროა ჯერ შევთანხმდეთ თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი. 

რას ნიშნავს სოციალური მეწარმეობა?

სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, სადაც ბიზნეს იდეა წარმოადგენს გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარების გზას. მოდელი მოსახერხებელია ნებისმიერი იდეისთვის ფართო სოციალური პრობლემიდან მცირე თემის განვითარების პროექტამდე – სიღარიბის დაძლევა, სასიცოცხლო რესურსებზე წვდომა, ტრადიციული კულტურის გადარჩენა, გარემოსდაცვა, ჯანდაცვა, და სხვა. სოციალური მეწარმე ატარებს სამოქალაქო სექტორის ან სახელმწიფო პროგრამის მსგავს სოციალურ მისიას, მხოლოდ ის საქმიანობას აღასრულებს ბიზნესის პრინციპებით.

როგორც სხვა ბიზნეს მოდელის შემთხვევაში, შემოსავლის მიღება აქაც საკვანძო მომენტია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროექტის ფინანსური მდგრადობა. ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს  სოციალური ფოკუს-პრობლემის სტრუქტურულ გადაჭრას და მისი გამომწვევი კონტექსტის შეცვლას გრძელვადიან პერსპექტივაში.

სოციალური პრობლემა მრავალგვარია. ეს შესაძლოა იყოს: გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის ხარისხიან განათლებაზე, ხარისხიან პროდუქტებზე, სამედიცინო სერვისებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი; ასევე, გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფთან მიკუვნებულობის გამო დაბალი სოციალური ინკლუზია და მცირე დასაქმების შესაძებლობა, მარგინალიზაცია. ამდენად, სოციალური საწარმოს ბენეფიციარები არიან: შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები, იძულებით გადაადგილებული პირები, ემიგრანტები, პოლიტიკური დევნილები, პატიმრები, პრობაციონერები, ქუჩის ბავშვები, ეთნიკური/რელიგიური/სექსუალური უმცირესობები, მცირე ზომის ღარიბი თემები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმო ქმნის კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომლისთვისაც მომხმარებელი იხდის ფულს. ამდენად, საწარმოსთვის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა არ არის რთული. სოციალური საწარმოსთვის შემოსავლის უზრუნველყოფის სამი  სტანდარტული წყარო არსებობს:

  • დონაცია (გრანტი, სპონსორი, შემოწირულობა);
  • პროდუქტის/მომსახურების რეალიზაცია;
  • ბენეფიციარებიდან მიღებული შემოსავალი.

სოციალური მეწარმეობის შეფასების ინდიკატორები:

დასავლეთის ქვეყნებში სოციალურ მეწარმეობას აწესრიგებს საკანონმდებლო ბაზა. საწარმოებისთვის სტატუსის მინიჭება ხდება გარკვეული ინდიკატორებით. კანონმდებლობა  სტატუსის ჩამორთმევასაც ითვალისწინებს, დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში. იმისათვის, რომ სოციალური საწარმოს სტატუსი იქნას მოპოვებული და შენარჩუნებული, საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ინდიკატორებს:

ü  ჰქონდეს მკაფიო სოციალური მისია/მიზანი;

ü  ჰქონდეს ეკონომიკური აქტივობები: შემოსავლის მიღება, ანაზღაურებადი თანამშრომლები, სხვა;

ü  მართვა უნდა ხდებოდეს თანამშრომელთა და ბენეფიციართა ჩართულობით;

ü  შემოსავალი ორიენტირებული უნდა იყოს მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფარვაზე;

ü  წმინდა მოგების განაწილების სქემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ემსახურებოდეს საწარმოს სოციალური მისიის რეალიზაციას.

იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ თუ როგორ მუშაობს სოციალური საწარმოს მოდელი, განვიხილოთ რამდენიმე სტარტაპის მაგალითი:

ქეისი 1 – პროდუქტის წარმოება: კომპანია „Bangura Bags“

სოციალური საწარმო ევროპელმა ახალგაზრდამ დააფუძნა აფრიკაში, სიერა ლიონეში. ორგანიზაცია აწაროებს ხელნაკეთ ჩანთებს, ასაქმებს ადგილობრივ ღარიბ მოსახლეობას. გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებს ადგილობრივ საავადმყოფოს. საწარმოო პროდუქციის შესაქმნელ მასალად იყენებს მეორად მასალებს, რითაც ატარებს გარემოს დაცვის მისიასაც, გარდა სოციალურისა. აღნიშნული ჩანთები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში.

ქეისი 2 – სერვისის წარმოება: კომპანია „Specialisterne“

სოციალური საწარმო ახორციელებს ბიზნეს კონსულტაციებს, კომპიუტერული პროგრამირების განვითარებას და ტესტირებას, აგრეთვე მონაცემთა ბაზების შედგენას. იგი ასაქმებს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს. კვლევებმა დაადასტრა, რომ აუტიზმის სპექტრის პირებს აქვთ განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციის უნარი მცირე დეტალების მიმართ. ეს მათ ხელს უწყობს სხვბზე  უკეთ შეასრულონ რუტინული საქმე. კომპანიამ ეს ერთი შეხედვით ანტაგონისტური აქტივი გამოიყენა, როგორც მისი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. მოგება სრულად ხმარდება საერთაშორისო ქსელის განვითარებას. დღესდღეობით, კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1 მილიონზე მეტი აუტიზმის სპექტრის მქონე პირი მსოფლიოს 14 ქვეყანაში.

ქეისი 3 – სათემო სერვისის წარმოება: კომპანია „NextDrop

სოციალური საწარმო განთავსებულია ინდოეთში, ბანგალორეში. ინდოეთის ბევრ ქალაქს დღემდე აქვს სასმელი წყლის პრობლემა, მოსახლეობას წყალი დღეში 1 საათით მიეწოდება გაურკვეველი გრაფიკით. კომპანიამ  მოსახლეობას შესთავაზა შეტყობინებების სერვისი, რა დროს მოვა წყალი და რა ვადით. მისი შემოსავლის წყაროა წყლის გამანაწილებელი კომპანიის მიერ გადახდილი მომსახურების გადასახადი, მოსახლეობის კომუნალური გადასახადიდან. 

სოციალური მეწარმეობა და კორპორაციები:

საყურადღებო ფაქტია, რომ სოციალური მეწარმეობა ძალიან კარგად მუშაობს დიდ კორპორაციებში. მან გარკვეულწილად ჩაანაცვლა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები ბევრ მსხვილ კომპანიაში, რადგან სოციალური პროექტის განხორციელებით კომპანია არ ნახულობს ზარალს (მხოლოდ ნულოვან მოგებაზე მუშაობს) და ის ძალიან ეფექტური მარკეტინული ინსტრუმენტია. 

რა პრობლემის წინაშე დგას სოციალური მეწარმეობა საქართველოში:

საქართველოში სოციალური მეწარმეობის აქტუალიზაცია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ მოხდა. მათი საგრანტო პროგრამების საშუალებით დაფუძნდა 70-მდე სოციალური საწარმო (სოციალურ საწარმოთა ალიანსის მონაცემებით). თითქმის ყველა საწარმოს შემთხვევაში, მათი სოციალური მისია შშმ პირების დასაქმებაში მდგომარეობს (ალბათ არ არის გასაკვირი ისეთ ქვეყანაში, სადაც შშმ პირთა სოციალური ინტეგრაცია არის განსაკუთრებით დაბალი). საქართველოს კანონმდებლობით გრანტის მიღების უფლება არ აქვთ მოგებაზე ორიენტირებულ იურიდულ პირებს (სს, შპს) თუ ის საგანმანათებლო დაწესებულება არ არის; შედეგად, სოციალური მეწარმეობით დაკავებულნი არიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები (ააიპ-ები).

აღსანიშნავია, რომ საწარმოები ვერ ახერხებენ ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. მიზეზი ორგვარია:

1) სამოქალაქო სექტორში ნაკლებად მოიძებნება ადამიანური რესურსი კომერციულად მოაზროვნე გონით. მათ არ აქვთ (და არც მოეთხოვებათ) შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;

2) საქართველოში არ არსებობს სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწობს მის განვითარებასა და შენარჩუნებას. სოციალური მეწარმეობა არ არის ინტეგრირებული განათლებაში და ასევე  მწირია მათი ხელმისაწვდომობა ფინანსებზე.

ამიტომ, სოციალური საწარმოები საქართველოში დღემდე დონორ ორგანიზაციებსა და ფონდებზე არიან დამოკიდებულნი.

და ბოლოს:

დასავლურ ქვეყნებში სოციალური მეწარმეობა მიიჩნევა სოციალური ცვლილებების და პროგრესის მამოძრავებელ ძალად. ეს არის არის სოციალური პრობლემის იდენტიფიცირების და მისი მოგვარების მიზნით ბიზნეს ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა. ამდენად, მისი განვითარება და წახალისება განსაკუთრებით მომგებიანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან მრავალი სოციალური პრობლემის მოგვარება ხდება საზოგადოებრივ საწყისებზე.

ამდენად, სოციალური მეწარმე არის ცვლილებების აგენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას და ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, სოციალური მეწარმეობა არის ბიზნესმოდელი -„ორგანიზაცია ადამიანისთვის“.

იმისათვის, რომ სოციალური მეწარმეობა განვითარდეს საქართველოში საჭიროა:

  • მოწესრიგდეს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ბაზა: აუცილებელია შემუშავდეს სტატუსის მინიჭების, საქმიანობის მონიტორინგისა და სტატუსის ჩამორთმევის რეგულაციები. მართალია, ააიპ-ებს არ აქვთ მოგების განაწილების უფლება, მაგრამ არ შეიძლება საკითხი მიენდოს მეწარმის კეთილსინდისიერებას. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ხშირია თანხების არასოციალური მიმართულებით გახარჯვის ფაქტები, რაც გამოიხატება ახლობლების მასობრივ დასაქმებასა და ორგანიზაციის არამიზნობრივი უძრავი ქონების შეძენენში. ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია ორგანიზაცია „ASB საქართველო“-ს ინიციატივით, რომელიც აქტიურად მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე. მთავარია, გამოინახოს პოლიტიკური ნება და მხარდაჭერის რესურსი, რაც ბევრად ეფექტიანს გახდის ამ პროცესს.
  • წახალისდეს კერძო ბიზნეს-სექტორის ჩართულობა სოციალურ მეწარმეობაში: ბიზნეს კომპანიებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რაც ფინანსურად მდგრადი და თვითმყოფადი ბიზნეს პროექტების განხორციელებას ესაჭიროება. გრანტის მიღების უფლება იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი, რაც კომპანიებს გაუჩენს მსგავსი საქმიანობის სტიმულს.
  • ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება: საზოგადოებრივი ჩართულობისა და ინტერესის ზრდა, გამოიწვევს ახალი და ხარისხიანი იდეების გენერირებას. აგრეთვე, გაიზრდება შანსი მსგავს პროექტებში ჩაერთონ მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები, რაც მათთვის ეფექტური თვითდასაქმების საშუალებაც არის.

საბოლოო ჯამში,  ზემოაღნიშნული საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის განვითარებაში აქტიურ ჩართვას საწყის ეტაპზე. უნდა ღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ამგვარი  აქტივობა დახმარებისა და განვითარებისთვის გამოყოფილი ფულის ეფექტიანი ინვესტირების საშუალება იქნება.

გააზიარე