ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

სტოიციზმი და მენეჯმენტი - ნაწილი 1

stoicism

   იყავი როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით

  აწყდებიან ტალღები, ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო

   თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება.

                                                                          მარკუს ავრელიუსი


რა კავშირია რომის უდიდეს იმპერატორს, მარკუს ავრელიუსს და Condé Nast-ის გენერალურ დირექტორს, ჯონათან ნიუჰაუს შორის? (Condé Nast გლობალური მედია კორპორაციაა, რომლის პორტფელში ისეთი საკულტო ბრენდებია, როგორებიცაა Vogue, Vanity Fair, The New Yorker, GQ, Architectural Design, Conde Nast Traveler და La Cucina Italiana). ან რა აქვთ საერთო ძველბერძენ ფილოსოფოსს, ეპიქტეტეს და აშშ-ს ყოფილ თავდაცვის მდივანს, საზღვაო ქვეითების კორპუსის ხელმძღვანელს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯეიმს mad dog მეტისს? ერთი შეხედვით, არაფერი. მაგრამ არის კავშირი და ეს კავშირი ძლიერია და მას სტოიციზმი, გნებავთ სტოიკური ფილოსოფია ჰქვია (ბერძნულად „სტოა“ ნიშნავს კოლონადას, სადაც იკრიბებოდნენ ამ სწავლების მიმდევრები. აქედან წარმოიშვა ეს ტერმინი – „სტოიციზმი“).

ჰკითხეთ ნებისმიერ ბიზნესმენს თუ მენეჯერს, თუ რა პრობლემები აქვთ და სია ძალიან გრძელი იქნება: საოპერაციო კაპიტალის ნაკლებობა, გაყიდვების გაზრდა, ხარჯების შემცირება, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება, კადრების შერჩევა, სამომავლო პრიორიტეტების დასახვა და ა.შ. ჰკითხეთ იგივე ხალხს, თუ რა ჩარჩო აქვთ ამ პრობლემებთან საბრძოლველად და ძალიან დიდ უმრავლესობას მკაფიო პასუხის მონახვა ალბათ გაუჭირდება. წინამდებარე და შემდეგ ორ ბლოგში მოგახსენებთ ისეთი ფილოსოფიური სკოლის შესახებ, რომელიც მოგცემთ ინსტრუმენტებს ამ ყოველდღიურ  პრობლემებთან შესაჭიდებლად და მეტიც, ის გაგიადვილებთ ბიზნესის მართვას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტოიციზმის სკოლაში, რომლის მიმდევარიც დღეს ბევრი მოაზროვნე თუ ბიზნესმენია: ჯეკ დორსი (Jack Dorsey), ტიმოტი ფერისი (Timothy Ferris), რაიან ჰოლიდეი (Ryan Holiday) , არიანნა ჰაფინგტონი (Arianna Huffington) და სხვები. ტიმ ფერისი ამბობს, რომ მისი ცხოვრება მას მერე შეიცვალა, რაც მან სტოიკოსები აღმოაჩინა: „სტოიციზმი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სტრესულ სიტუაციაში გადარჩენის საოპერაციო სისტემა.“ Twitter-ის ერთერთი დამფუძნებელი და მისი გენერალური დირექტორი, ჯეკ დორსი, მაგალითია იმისა თუ როგორი პოპულარული გახდა სტოიციზმის ელემენტები სილიკონის ველზე. ვამბობ ელემენტებს, რადგან სტოიციზმის აქვს მეტაფიზიკური კომპონენტი, რომლის მიღება დღევანდელი ადამიანების დიდ უმრავლესობას გაუჭირდება (მაგალითად, რწმენა მუდმივმოქმედი ღვთიური ჩარევის შესახებ ანუ ის, რომ არაფერი არ ხდება შემთხვევით). შესაბამისად, ბევრი თანამედროვე ბიზნესლიდერობის და მენეჯმენტის ტრეინინგის და ქოუჩინგის შინაარსი დგას რა სტოიკურ ფილოსოფიაზე, იმავდროულად მსმენელებს სტოიკურ მეთოდიკას გამოხშირვით მიაწოდებს და უმეტეს შემთხვევაში სტოიციზმს საერთოდ არ ახსენებს.

მიუხედავად (უფრო ზუსტი იქნებოდა, რომ სწორედაც) მეტაფიზიკური შემადგენელისა, სტოიციზმი პრაქტიკული ფილოსოფიაა, ძალიან კარგი ნავიგატორია ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის გზა წარმატებისკენ. რატომ?

რისკი და შიში. ბიზნესი და კარგი მენეჯმენტი რისკებთანაა დაკავშირებული და რისკის აღება დაკავშირებულია შიშთან. სტოიციზმი გვეუბნება, რომ გარემო სავსეა რისკებით და შეუძლებელია ის სხვანაირი იყოს. არ არსებობს საქმე რისკების და მისი თანმხლები შიშების გარეშე. რისკებს ვერ გააქრობ, მაშინ უბრალოდ არაფერი არ უნდა აკეთო (და ეს ცალკე რისკია) – შენ უნდა ისწავლო შიშის მართვა. ამისთვის სტოიკოსებს აქვთ ეფექტური ტექნიკა: premeditatio malorum (ლათინურად: ბოროტების მოლოდინი ან გნებავთ ბოროტებისთვის თვალის გასწორება). ეს არის ჩვენივე მკაფიო და მაქსიმალურად დეტალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ახალი საქმის ან პროექტის წამოწყებისას რა შეიძლება მოხდეს ცუდი ან რომ შეიძლება სულაც დავკარგოთ ის, რაც ახლა გვაქვს და გვგონია, რომ სულ ასე იქნება და ამის ფლობა უბრალოდ გვეკუთვნის. რაც უფრო მოულოდნელია დარტყმა, იგი მით უფრო რთული გადასატანია და ეს ტექნიკა გვამზადებს ცხოვრების გარდაუვალი დარტყმებისთვის. ეს არ არის პესიმიზმი. პირიქით, შესაძლო უარყოფითი მოვლენის მოლოდინი და მისი ვიზუალიზაცია მენეჯერს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ წინასწარ იქონიოს გამოსავალის გეგმა (ან მისი მონახაზი მაინც), არამედ პირველ რიგში, შეიმციროს ის ფსიქოლოგიური ზიანი, რაც წარუმატებლობას თითქმის გარდაუვლად მოჰყვება. სტოიციზმი გვასწავლის, რომ ადამიანი ისე უნდა შეხვდეს ყოველ დღეს, როგორც უკანასკნელს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიგოთ, როგორც ფატალიზმი და დანებება. პირიქით, ამით სტოიციზმი გვახსენებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ყოველ დღეს, რომ ის ძალიან ძვირფასია და იგი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად პროდუქტიულად. Premeditatio malorum არის არსებულის დაფასების, ამის გამო მადლიერების გამოხატვის და მომავლისათვის მამაცურად თვალის გასწორების მეთოდოლოგიაც.

პირადი გამოცდილებით გეტყვოთ, რომ ეს ტექნიკა მეც გამომიყენებია მართვისას, ხშირად არ გამომდის, მაგრამ როცა გამომდის, ნამდვილად ეფექტურია. ასე რომ, სტოიციზმი არის პრაქტიკული ფილოსოფია, რომლის ცხოვრებაში გატარება შესაძლებელიცაა და სარგებლიანიცაა. დანარჩენს სტოიკური ფილოსოფიის და მენეჯმენტის შესახებ შემდეგ ბლოგში მოგახსენებთ. მანამდე კი სტოიციზმზე წარმოდგენის შესაქმნელად და გასაღრმავებლად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ საიტს: www.dailystoic.com ან შეიძინოთ მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ – კაცობრიობის ერთერთი უდიდესი და უნატიფესი წიგნი.

გააზიარე