"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ტანკერული ქრონიკები 2019

ტანკერული ქრონიკები 2019

ისტორია იცნობს ტერმინს ტანკერული ომები, რომელიც სპარსეთის ყურეში მიმდინარეობდა 80-იანი წლების შუაში, რომელშიც ჩართული იყო ირანი და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მსოფლიოს ნავთობის მიწოდების კუთხით. მაშინ ეს იყო სისხლისმღვრელი ომი ირანსა და ერაყს შორის და ამერიკის შეერთებული შტატები, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ჩართული იყო რეგიონში მოკავშირეების უსაფრთხოებისა და საკუთარი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ განვითარდა მაშინ პროცესები ჯერ 90-იან წლებში და შემდეგ უკვე 2000-იანების დასაწყისში.

ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემს რომელიმე მომავალ ბლოგს უკვე ერქვას არა “ტანკერული ქრონიკების გაგრძელება”, არამედ “ისევ ტანკერების ომები” (სხვათა შორის, რომ არა ბრიტანული ტანკერების ირანელების მიერ დაკავება, ამ კვირის ბლოგი სრულიად სხვა რეგიონისთვის და მოვლენისთვის მინდოდა მიმეძღვნა).  არადა, ვითარება ძალიან სწრაფად იძაბება. მოქმედება ისევ ახლო აღმოსავლეთში ვითარდება და პირველი სამიზნედაც ისევ ნავთობის ტანკერები გვევლინება. ერთი დიდი განსხვავებით: აქ უკვე საქმე გვაქვს არა რეგიონის ქვეყნებს შორის დაძაბულობას თუ შეიარაღებულ კონფლიქტს, არამედ რეგიონის ერთ-ერთ ქვეყანას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მთავარ მოკავშირე დიდ ბრიტანეთს,  საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ტანკერებით არ დაწყებულა. ჯერ იყო აშშ-ს გასვლა ბირთვული შეთანხმებიდან, რასაც მოყვა ახალი ამერიკული სანქციები ირანის წინააღმდეგ. საპასუხოდ ირანის მხრიდან ჯერ გახმიანდა მუქარები ჰორმუზის სრუტეში მსოფლიო ნავთობის მარაგების 20%-ის ტანკერებით გადაზიდვისთვის შეფერხების შესახებ, შემდეგ კი მოხდა ნორვეგიული და არაბთა გაერთიანებული საემიროების დროშით მცურავი ტანკერების დაზიანება. ერთხელ ომის დაწყებასათანაც ძალიან ახლოს ვიყავით, როდესაც ირანელებმა ჩამოაგდეს ამერიკული სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავი და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯერ გასცა ბრძანება ავიადარტყმების განხორციელებაზე და შემდეგ თავადვე გააუქმა.

როდესაც გიბრალტარის სრუტეში, ამერიკული მხარის თხოვნით, ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერი “გრეის 1” ბრიტანულმა სპეციალური დანიშნულების ძალებმა, ადგილობრივი სამართალდამცავების თანხლებით დააპატიმრეს, ოფიციალურმა თეირანმა ძალიან მძაფრი რეაგირება მოახდინა და დაიმუქრა, რომ თუ მის ტანკერს არ გაათავისუფლებდნენ, ის საპასუხოდ აუცილებლად დააკავებდა ბრიტანულ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში. პირველი ასეთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ბრიტანული დროშით მცურავ ტანკერს ესკორტირებას  ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ხომალდი უკეთებდა. თუმცა, არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, გასული კვირის ბოლოს ირანმა მაინც დააკავა ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ორი ტანკერი “სტენა ბალკ” და “მეზდარ”, რომელთაგან უკანასკნელი ცოტა ხნის შემდეგ გათავისუფლა. რაც შეეხება “სტენა ბალკს”, ის ირანული რევოლუციის მცველთა კორპუსის წარმომადგენელთა მიერ გადაყვანილ იქნა ირანულ ბანდერაბასის პორტში. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბრიტანულმა ტანკერმა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 23 წევრი იმყოფება (მათ შორის არცერთი ბრიტანელი არ არის. არიან ინდოეთის, ფილიპინების, ლატვიისა და რუსეთის წარმომადგენლები), დაარღვია საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლის რეგულაციები, უგულებელყო ირანის ხმოვანი გაფრთხილებები, რის შემდეგაც ირანის რევოლუციის მცველთა კორპუსის წარმოადგენლებმა დააკავეს ბრიტანული ტანკერი (ვერტმფრენებისა და საზღვაო ხომალდების გამოყენებით განხორციელებული დაკავების ოპერაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში).

ბრიტანეთის მთავრობამ დაუყოვნებლივ მოიწვია უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრა ე.წ. “კობრა”-ს ფორმატში (ჩვენც კი გაგვიკეთეს ბრიტანელმა მეგობრებმა ეგეთივე “კობრა”-ს კონცეფციაც და ინფრასტრუქტურაც, მაგრამ რად გინდა, სო რექ უსაფრთხოების საბჭო?), რომლის დასრულების შემდეგაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ განიხილავს ამ ეტაპზე საომარ მოქმედებებს და უპირატესობას დიპლომატიური გზებით საკითხის მოგვარებას ანიჭებს. თუმცა, მისივე თქმით, თუ ბრიტანული ტანკერი არ იქნება გათავისუფლებული უახლოეს პერიოდში, შედეგები ირანისთვის იქნება ძალიან მძიმე.

აშშ-ს პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის დაუკავშირდება ბრიტანელ კოლეგებს და გააფრთხილა ასევე ირანი, რომ ამერიკული ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში აშშ-ს ექნება ძალიან მძაფრი რეაგირება.

ამის პარალელურად, აშშ-ს თავდაცვის უწყება ავრცელებს ვიდეოს მათივე განცხადებით ირანული დრონის ჩამოგდების შესახებ, რომელიც რეგიონში განლაგებულ საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ სამხედრო გემებს. ირანმა კატეგორიულად უარყო უპილოტო თვითმფრინავთან რაიმე კავშირი.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ერაყში ააფეთქეს ირანული საბრძოლო ტექნიკით დატვირთული საწყობი, რის შედეგადაც შეიარაღებული დაჯგუფება “ჰეზბოლას” რამდენიმე მებრძოლიც დაიღუპა.

ამავე დროს, რეგიონში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დაიწყო დამატებითი 500-კაციანი სამხედრო კონტიგენტის განთავსება. უახლოეს ხანებში მოსალოდნელია ამდენივე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მოვლინებაც.

რა გინდა რომ იფიქრო ადამიანმა ასეთ ვითარებაში, გარდა ცნობილი ლათინური გამოთქმისა “სი ვის პაცემ, პარა ბელუმ”?

ირანს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდეს გერმანიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. როგორც მოსალოდნელია, დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება უახლოესი დღეებისა და საათების განმავლობაში.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, გასული საუკუნის ტანკერების ომისგან განსხვავებით, ამჯერად საქმე გვაქვს გაცილებით უფრო რთულ და ფეთქებად საშიშ ვითარებასთან. საკითხი უკვე ცდება ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საკითხი ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით ომის საშიშროებასაც ცდება და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხესაც წარმოადგენს. ყველასთვის ნათელია, რომ ირანი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე იგივე ერაყი იდეოლოგიური თუ სამხედრო პოტენციალის კუთხით. არ უნდა დაგვავიწყდეს მისი მოკავშირე რუსეთიც, რომელიც აუცილებლად აქტიურად ჩაერევა ირანის მხარეს ყველა მის ხელთარსებული შესაძლებლობებით.

აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში დამოკიდებულება ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. კონგრესმა დადგენილებაც კი მიიღო, რომლის თანახმად აშშ-ს პრეზიდენტს მისი თანხმობის გარეშე არ ექნება უფლება, განახორციელოს შეტევა ირანზე. დონალდ ტრამპი თავადაც ათვითცნობიერებს, თუ რას წარმოადგენს ირანი და ღიად აცხადებს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის. გასულ პარასკევს მან ისიც კი დაადასტურა, რომ მასთან შეთანხმებით გავლენიანი სენატორი კენტუკიდან რენდ პოლი, რომელიც პრინციპული წინააღმდეგია აშშ-ს მიერ საზღვარგარეთ საბრძოლო მომქდებების წარმოების, გამართავს შეხვედრას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯავად ზარიფთან. ვნახოთ, რას მოუტანს ამერიკელი სენატორის მისია მის ქვეყანას, ჩვენს რეგიონს და მთელ მსოფლიოს. ერთი რამ კი ცხადია: თუ სამშვიდობო მისიებმა და გზავნილებმა შედეგი არ გამოიღეს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას არ მიუსხდებიან, ტანკერული ქრონიკები გადაიქცევა ტანკერულ ომებად, რაც ძალიან სწრაფად შეიძლება თავის მხრივ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში.

გააზიარე