საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.

ტურისტული თბილისი ქართული გემოს გარეშე

ტურისტული თბილისი ქართული გემოს გარეშე

ისევე როგორც ბათუმს, თბილისსაც არ გააჩნია გასტრო კონცეფცია. უბრალოდ დედაქალაში შედარებით მეტი ხარისხის პოვნაა შესაძლებელი.

რა გვამახსოვრდება უცხო ქალაქში მოგზაურობის შემდეგ? ისტორიული უბნები, ადამიანები, გარემო, კონკრეტული მოგონება, თუ გემო. ყველას ინდივიდუალური მოგონება აქვს ალბათ, მაგრამ ადამიანების უმეტესობა, აუცილებლად მოყვება იმ ქვეყნის სამზარეულოს შესახებ, სადაც იმოგზაურა. მათ ამახსოვრდებათ გემოები, გარემო, სად და როგორ მიირთვეს კონკრეტული კერძები. არ ვამტკიცებ, რომ მოგზაურის მოგონებები მხოლოდ კუჭზე გადის. არა, უბრალოდ ვფიქრობ, განსხვავებული გემოს დავიწყება შეუძლებელია. და რა დაამახსოვრდებათ თბილისში ჩამოსულ ტურისტებს, ეს კითხვა ყველაზე მეტად მაწუხებს. თბილისში სეირნობისას უამრავ ტურისტს შევხდებით შარდენის ქუჩასა და ახალ აღმაშენებელზე გამოფენილ კვების ობიექტებში, მაგრამ მეეჭვება აღნიშნულ ზონებში სტუმარმა ქართული გემო იპოვოს. თავის მხრივ, საკამათოა რა არის ქართული გემო და ზოგადად გემოზე ყველაზე მეტი კამათი შეიძლება.

ყველა ქვეყნაში ტურისტულ ზონებში კვების ობიექტების უმეტესობა უხარისხოა, ეს თითქოს ნორმაა. მაგრამ, ჩვენნაირ პატარა ქვეყანას, არ აქვს იმის ფუფუნება, თუნდაც ერთ ტურისტს მოემსახუროს უხარისხოდ. მით უფრო, როდესაც ჩვენი სამზარეულო მრავალფეროვანია, ყველა ღირსშესანიშნაობასთან ერთად, ჩვენ ხომ უდიდესი პოტენციალი გვაქს, გასტრონომიის მოყვარული ტურისტები მოვიზიდოთ.

ვერ ვიტყვი, რომ თბილისი გასტრონომიული ქალაქია, მაგრამ რატომ არ შეიძლება ეს ასე იყოს? ჩვენ ხომ შევძელით გავმხდარვიყავით ღვინის ქვეყანა? დღეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არაერთი ცნობილი სომელიე და მეღვინე სტუმრობს თბილისს და მის შემოგარენს ღვინის დასაგემოვნებლად. კონკრეტულმა ადამიანებმა იშრომეს და შეძლეს ქართული ღვინო პოპულარული გაეხადათ. ვფიქრობ, ახლა დროა ღვინოს მოჰყვეს ქართული სამზარეულო და ჯამში შევქმნათ კულინარიული სამოთხე.

წარმოიდგინეთ, როგორი საინტერესო იქნება ქალაქში რეგიონალური სამზარეულოების განვითარება. მხოლოდ მწვადი, ხინკალი და ხაჭაპური არ არის ქართული სამზარეულო. ის ბევრად მრავალფეროვანია და ბევრ უცხო გემოს მოიცავს. დღეს კი რაც გასტრო ბაზარზე ხდება, ვერაფერს დავარქმევ გარდა მიმბაძველობისა. კი ნამდვილად და საბედნიეროდ თბილისში იპოვით კვების ობიექტებს, სადაც შეძლებთ კარგი ქართული კერძების დაგემოვნებას. მაგრამ, ბიზნესმენების უმეტესობას სიახლეების ეშინია და ამიტომ ვიღებთ ერთფეროვან, უგემოვნოდ მიმსგავსებულ კვების ობიექტებს. გასტრონომია ხელოვნებაა და მას ექსპერიმენტები და სიახლეები უყვარს, რომელსაც მეტი განვითარება მოჰყვება.

ყველფერი ორიგინალურის შექმნის საფუძველი გაუთავებელი ძიებაა. რეგიონალურ სამზარეულოებში კი ძალიან ბევრ უცხო და საინტერესო კერძს ვიპოვით. საჭიროა გაბედულება, ახლის შექმნა და სერვისის განვითარება. სანამ ტურისტებს შევაყვარებთ სხვადასხვა კერძებს, მანამდე ჩვენ უნდა ვაღიაროთ ისინი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პოპლულარიზაცია გაუწიოს სამზარეულოს, როდესაც ჩვენი უცხოელი მეგობარი გვკითხავს ქართული სამზარეულოს შესახებ, ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ცოდნა, რომ თითზე ჩამოსათვლელი კერძები არ დავუსახელოთ. აქაც მნიშვნელოვანია ბიზნესის როლი, ყველა მეპატრონემ უნდა იგრძნოს პერსონალური პასუხიმგებლობა და მოინდომოს განავითაროს თავისის კვების ობიექტი. ეს ქვეყნას წაადგება, მათ კი შემოსავალს გაუზრდის.

ისევე როგორც ბათუმს, თბილისსაც არ გააჩნია გასტრო კონცეფცია. უბრალოდ დედაქალაში შედარებით მეტი ხარისხის პოვნაა შესაძლებელი. არ ვიცი ვინ უნდა იტვირთოს ეს როლი, სახელმწიფომ, ბიზნესმა თუ ორივემ ერთად, მაგრამ ფაქტია, ჩვენ გვაქვს შანსი და შესაძლებლობა, გავხდეთ გასტრო ქვეყნა. და როდესაც ჩვენგან ტურისტი, ან უბრალოდ ჩვენი უცხოელი მეგობარი დაბრუნდება სამშობლოში, ისაუბროს ქართული გემოს შესახებ. მოგონებები და შთაბეჭდილებები გადამდებია და ის აუცილებლად გააღვივებს საქართველოში ჯერ არ ჩამოსულ ადამიანში ჩვენთან სტუმრობის სურვილს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა