"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ანუ როგორ მივიდა საბერძნეთი ამ მდგომარეობამდე
ჯერ კიდევ 2011 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტი ოტმარ ისინგი (Otmar Issing) ამბობდა, რომ უკეთესი მონიტორინგის, დაკვირვებულობის და გარკვეული სანქციების გამოყენების შემთხვევაში, საბერძნეთის მოცემული ფინანსური კრიზისის არიდება ადვილი შესაძლებელი იქნებოდა.
პირველი ეჭვები საბერძნეთის ფისკალურ პასუხისმგებლობის შესახებ წამოიჭრა 2004 წელს, როდესაც კოსტას კარამანლის (Costas Karamanlis) მთავრობა იძულებული გახდა გამოეაშკარავებინა და ეღიარებინა მის წინამორბედ სოციალისტი მთავრობის მიერ 2000 წელს ევროზონაში შესასვლელი გამოცდის შედეგების გაყალბება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ შეძლო გამხდარიყო ევროზონის წევრი მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამალა ნამდვილი მონაცემები და განაცხადა, რომ ქვეყნის დეფიციტი მშპ-ს მხოლოდ 1% შეადგენდა, რაც სამჯერ ნაკლები იყო ევროზონაში შესასვლელ სავალდებულო მაჩვენებელზე. თუმცა საბერძნეთის გაწევრიანების პირველივე წლიდან, ევროკომისიის ანგარიშების მიხედვით, საბერძნეთის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში არასდროს ყოფილა 1% ტოლი, პირიქით, ის სისტემატურად აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს – 3%-ს. არსებული ქრონიკული დარღვევების ფონზე ევროკავშირი მხოლოდ არსებული პრობლემის მითითებით შემოიფარგლებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა.
2008-2009 ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა საბერძნეთის მდგომარეობა, მოცემულ წელს საბერძნეთის საგარეო ვალი 168 მილიარდი ევროდან 262 მილიარდამდე გაიზარდა და ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ს 12.7%-ს მიაღწია. 2010 წელს საბერძნეთის მთავრობამ წარმოადგინა სტაბილიზაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას 2.8%-მდე 2012 წლისთვის.
2010 წელს საბერძნეთისთვის დამტკიცდა და გამოიყო 30 მილიარდ ევროიანი ტრანში, რომელზეც ათენმა თავდაპირველად უარი განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღეში საბერძნეთის მთავრობამ აღიარა, რომ საჭიროებდა საერთაშორისო საფინანსო ფონდის მიერ გამოყოფილ დახმარებას, ოღონდ 30 მილიარდის ნაცვლად მოითხოვა 45 მილიარდი ევრო. გარკვეული მსჯელობის შემდეგ საბერძნეთმა მიიღო 110 მილიარდიანი დახმარება, რომელიც გაწერილი იყო სამწლიან პერიოდზე. საბერძნეთმა დაიწყო არსებული დავალიანების გადახდა, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზოგიერთი მითითების შესრულება, კერძოდ საპენსიო ასაკის გაზრდის, პრივატიზაციის პროცესის დაწყების და გარკვეული სოციალური ხარჯების შემცირება, თუმცა პროცესებში გარდატეხის შეტანა ვერ მოხერხდა. შედეგად, საბერძნეთის ეკონომიკა მეოთხედით შემცირდა და უმუშევრობამ 25%-ს გადააჭარბა.
დღეისთვის პრობლემებისადმი თვალის გასწორება ალბათ უკვე ძალიან დაგვიანებულია, რადგან ქვეყანას უკვე აღარ შეუძლია მოემსახუროს 417 მილიარდ ევროან საგარეო ვალს, რაც მთლიანი მშპ-ს 177%-ია. გამოსავალი, რომელსაც შეუძლია იხსნას საბერძნეთი დეფოლტისგან დამატებითი საგარეო ვალის აღებაა, თუმცა ევროზონის ქვეყნებს, კერძოდ გერმანიას და საფრანგეთს, დიდი ხანია რაც აღარ სჯერათ ბერძნული ილუზიების და დიდი ალბათობით დამატებით სახსრებს საბერძნეთი ვერ მიიღებს.
პარალელურად კრედიტორები აქტიურად ითხოვენ საბერძნეთის მთავრობისგან გარკვეული რეფორმების გატარებას, რასაც ათენი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ივლისის დასაწყისისთვის რეფერენდუმიც კი იქნა დანიშნული, რამაც ცხადია მოვლენების კიდევ უფრო მეტად დაძაბვა გამოიწვია. დეფოლტამდე საბერძნეთს ერთი ნაბიჯი აშორებს. უკვე ხმამაღლა მიდის საუბარი ევროზონის დატოვების შესახებაც, რაც ალბათ უკიდურესი ნაბიჯი იქნება და კატასტროფული შედეგებით დასრულდება თავად საბერძნეთისთვის.
გამოიწვევს თუ არა ევრო ზონის რღვევას საბერძნეთში მიმდინარე მოვლენები, ან მისი გასვლა კავშირიდან რთული სათქმელია, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილების მოლოდინი აუცილებლად უნდა გვქონდეს. ევროკავშირს მოუწევს გადახედოს და შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რადგანაც საბერძნეთი არაა ერთადერთი ქრონიკულად კრიზისული ფონის მატარებელი ქვეყანა ევროზონის ფარგლებში. შესაბამისად არსებული რისკების რეალისტურ შეფასებას და მისი აღმოფხვრის გზების ძიებას უდიდესი პრიორიტეტი ენიჭება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 23, 2018
- on აგვისტო 17, 2017
- on დეკემბერი 7, 2016
- on ნოემბერი 2, 2016
- on ოქტომბერი 11, 2016
- on სექტემბერი 22, 2016
- on სექტემბერი 20, 2016
- on სექტემბერი 13, 2016