"ვარ იურისტი, სპეციალიზებული დემოკრატიული მართვის საკითხებზე. მსურს ადამიანის უფლებების დაცვა ყველა სფეროში, მათ შორის, ბიზნესში გახდეს პრიორიტეტული. ვფიქრობ, ხშირად გვავიწყდება, რომ თავად ვართ ის ადამიანი, ვინც უნდა იმოქმედოს და მოქმედებას სხვისგან ველოდებით ხოლმე".

უფლებების დაცვა, როგორც ბიზნესი

უფლებების დაცვა

90-იან წლებში გლობალური ბრენდი Nike გაუთავებელი საზოგადოებრივი პროტესტის და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, რაც რანდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის საკუთარ ნაწარმს ინდონეზიაში, ბანგლადეშში, პაკისტანში თუ სხვა ქვეყნებში მდებარე ქარხნებში იაფად ამზადებინებდა, მუშების მძიმე შრომის და ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ. ასეთ ქარხნებში მუშებს ზეგანაკვეთურად, ანაზღაურების გარეშე, უწევდათ მუშაობა. ცნობილი გახდა, რომ ქარხნებში არასრულწლოვანთა შრომასაც იყენებდნენ. ამ ინფორმაციის გასაჯაროებით კომპანიის რეპუტაცია შეირყა, ხოლო მისი საფონდო ფასი ამ პერიოდში განახევრდა. Nike-ს მოუწია საკუთარ წარმოებაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ გამოყენებული მიდგომები მდგრადი და ინოვაციური მიდგომით ჩაენაცვლებინა – დაამკვიდრა კომპანიის სამუშაო პროცესების გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი, დაიწყო მომწოდებელთა ქსელში ღირსეული შრომითი პირობების კონტროლი და ზრუნვა წარმოებისას გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. ამ მიდგომებმა შემდგომ წლებში კომპანიის რეპუტაცია აამაღლა, ხოლო მოგება მნიშვნელოვნად გაზარდა.

საქართველოში მოქმედ კომპანიებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების და მძიმე შრომითი პირობების შესახებ ხშირად გვესმის. ეს დასაქმების არაერთ სფეროს ეხება, იქნება ეს მრეწველობა, მომსახურება თუ სხვა.

დასაქმებულთა მიმართ კომპანიის დამოკიდებულებით უკმაყოფილება ხშირად საქართველოშიც აღწევს ფართო მასშტაბებს და გამოიხატება გაფიცვაში, თუ დასაქმებულთა მიერ კომპანიების წინააღმდეგ საჯარო გამოსვლებში.

სამშენებლო თუ წიაღისეულის მომპოვებელ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები, რაც ხშირად ფატალურად დასრულებულა, მაღაროელთა თუ მინის ტარის მწარმოებელი კომპანიის მუშების ხანგრძლივვადიანი და სრულმასშტაბიანი გაფიცვები, მეტროს მემანქანეების გაფიცვით გამოწვეული მეტროს ორდღიანი გაჩერება თბილისში, დასაქმებულთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები სუპერმარკეტების ქსელებში (ძალიან დაბალი შრომის ანაზღაურება, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი სამუშაო და სხვა), სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა დასაქმებულთა შრომის უსაფრთხო პირობების და მათი უფლებების დაცვის კონტროლის თვალსაზრისით და სხვა პრობლემები მძიმე ყოველდღიურობის ნაწილია.

სამართლიანობისა და განვითარების ინსტიტუტის მიერ 2018 წელს გამოცემული ანგარიში “2013-2017 წლებში სამუშაოდან განთავისუფლებულთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ანალიზი” მიუთითებს 2013 წლიდან სასამართლოებში შრომითი დავების არსებით მატებაზე.

კომპანიების მხრიდან უფლებების დაცვით უკმაყოფილება მომგებიანი არც პოლიტიკური ხელისუფლებისთვის არის და არც კომპანიებისთვის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა, მაღალია. თუმცა, ამ საკითხს მეორე ასპექტიც აქვს, რაც შესაძლოა სახელმწიფო რეაგირებაზე გაცილებით ეფექტური და მდგრადი მექანიზმი იყოს ბიზნესის კეთებისას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებების დაცვით ბიზნესის წარმოება, საბოლოო ჯამში უფრო მოგებიანი, უფრო ჭკვიანი და მდგრადი ბიზნესპროექტია იმიტომ, რომ:

– საწარმოო პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფს ბიზნესის მდგრად განვითარებას, ხოლო პასუხისმგებლიან და სტაბილურ კომპანიასთან თანამშრომლობა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველია.

– ციფრულ ეპოქაში კომპანიის მიერ რეკლამაზე დახარჯული დიდი თანხები შეიძლება წყალში ჩაყრილი აღმოჩნდეს თუ უკმაყოფილო მომხმარებელი ან დასაქმებული საჯაროდ, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და ამით გააჩენს ფართო საზოგადოებრივ უნდობლობას თუ პროტესტს კომპანიის მიმართ.

– გლობალიზაცია, ევროპული კურსი და სხვა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ მომხმარებელთა მოთხოვნა უფლებების დაცვაზე სულ უფრო იზრდება. მომხმარებლებს სულ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ კომპანიების შრომითი პოლიტიკის შესახებ, რომელთა პროდუქტსაც ყიდულობენ.

– თავისი ბედით უკმაყოფილო დასაქმებულს არ შესწევს უნარი მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს, რაც თავის მხრივ, დამაზიანებელია კომპანიის რეპუტაციისთვის.

– ცნობილია, რომ უკეთ ორგანიზებული და დაცული მუშახელი უფრო სტაბილური და პროდუქტიულია.

– ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ბიზნესს მინიმუმამდე დაჰყავს დავების წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები და გაფიცვის შედეგად გამოუყენებელი დღეებით გამოწვეული ზიანი.

მსოფლიოში არაერთი მაგალითი არსებობს წარმატებული კომპანიების მიერ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ბიზნესის წარმოებისა. 2019 წლის იანვარში გაეროს შრომის მსოფლიო ორგანიზაციამ ILO და გლობალურმა ბრენდმა H&M გააფართოვეს თავიანთი თანამშრომლობა დასაქმებულთა შრომითი პირობების და პროდუქტიულობის გაუმჯობესების საქმეში. თანამშრომლობა გულისხმობს გაეროს ღირსეული შრომის დღის წესრიგის (Decent Work Agenda) და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ხელშეწყობას.

გარემოს დაცვისა და მდგრადი ბიზნეს გეგმის განხორციელების მიზნით მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Adidas თანამშრომლობს ოკეანის ნარჩენებისაგან განთავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან Parley for the Oceans და ფეხსაცმლის წარმოებაში იყენებს ოკეანეებიდან ამოღებულ პლასტმასის ნარჩენებს. 2017 წელს კომპანიამ ასეთი ერთი მილიონი ფეხსაცმელი გაყიდა. 2020 წლისთვის Adidas გეგმავს ფეხსაცმლის წარმოებაში სრულად გადავიდეს პლასტმასის გადამუშავებული ნარჩენების გამოყენებაზე.

მსოფლიოში დიდი ხანია შეიცვალა წარმოდგენები იმის შესახებ, თითქოს ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ სახელმწიფოების მხრიდან მოითხოვს მოქმედებას. თანამედროვე გლობალურმა პროცესებმა – ბიზნეს პროცესების გლობალიზაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმი და სხვა – ბიზნეს კორპორაცია ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ცენტრალურ მოთამაშედ აქცია. მსოფლიოში სულ უფრო მეტად, ადამიანის უფლებების დაცვა ბიზნეს კომპანიების საქმიანობის პრინციპების, ქცევის კორპორაციული კოდექსების და კომპანიების თანამედროვე იმიჯის ნაწილი ხდება.

გაეროს გლობალური კომპაქტი მოუწოდებს ბიზნეს სუბიექტებს ადამიანის უფლებების დაცვისადმი ერთგულება გამოხატონ დოკუმენტში ჩამოთვლილი ცხრა პრინციპის დაცვით – თავად არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები, დაიცვან ადამიანის შრომითი უფლებები და იზრუნონ გარემოზე.

გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამინის უფლებების შესახებ უნიკალური დოკუმენტია, რომელიც ეფუძნება აღიარებას პრინციპისა, რომ ბიზნეს კორპორაციები, როგორც საზოგადოების სპეციალიზებული დანაყოფები, ვალდებულნი არიან დაიცვან კანონის მოთხოვნები და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს. დოკუმენტი ვრცელდება ყველა ბიზნეს კორპორაციაზე, არის ის ტრანსსასაზღვრო თუ ადგილობრივი, მიუხედავად მისი ზომისა, სექტორისა, ადგილმდებარეობისა, მესაკუთრისა თუ სტრუქტურისა.

გაეროს პრინციპების თანახმად, კორპორაციული პასუხისმგებლობა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, გულისხმობს რომ კომპანიამ თავისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეუწყოს ადამიანის უფლებების დარღვევას, ხოლო, ასეთი დარღვევის შემთხვევაში უნდა მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად. ამისთვის კომპანიებს მიღებული უნდა ჰქონდეთ პოლიტიკისა და პროცესების შესაბამისი ორგანიზაციული დოკუმენტები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულების გაცხადების პოლიტიკის დოკუმენტი. კომპანიებმა უნდა შექმნან ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისა და ასეთი დარღვევით გამოწვეული არასასურველი შედეგების აღმოფხვრის ორგანიზაციული სისტემა.

Nike ის მაგალითი გვაჩვენებს, რომ პასუხისმგებლიანი ბიზნეს ორგანიზაცია ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც არა მხოლოდ თავად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ ბიზნეს პარტნიორებს შეარჩევს და მათთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს იმ პირობით, რომ პარტნიორიც ადამიანის უფლებების დაცვით ჩაატარებს საწარმოო პროცესებს. H&M-ის და Adidas-ის შემთხვევები ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბიზნეს კორპორაციის და უფლებადაცვითი ორგანიზაციის თანამშრომლობის მაგალითებია, რაც საქართველოში ჯერ კიდევ დასამკვიდრებელი პრაქტიკაა.

ქართველი დასაქმებულის მდგომარეობა ხშირად გავს ინდონეზიელი, ბალნგლადეშელი თუ პაკისტანელი მუშის მდგომარეობას, სადაც მათ უწევთ ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება, რთულ და მავნე სამუშაო პირობებში; სადაც სახელმწიფო არ არის მათი ღირსეული შრომითი პირობების ეფექტიანი დამცველი. და რატომ უნდა თქვას ბიზნესმა უარი თავად უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა, მით უფრო, თუ დადგენილია, რომ უფლებებზე ორიენტირებული ბიზნესი მდგრადი და უფრო მომგებიანია, ხოლო, ინფორმაციის მიმოცვლის გაზრდილი მასშტაბების პირობებში, ბიზნეს ორგანიზაციის იმიჯი – მისი წარმატების განმსაზღვრელი?!

გააზიარე