"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ფეთქებადსაშიში ხმელთაშუა

ფეთქებადსაშიში ხმელთაშუა

კიდევ კარგი არსებობს ნატო! კიდევ კარგი თურქეთი და საბერძნეთი ნატო-ს წევრები არიან, თორემ… 100 წლის წინანდელი თურქეთ-საბერძნეთის ომი მონაგონი იქნებოდა.

სამწუხაროდ, აღმოსავლეთ ხმეთაშუა ზღვა დღესდღეობით ყველაზე ფეთქებადსაშიშ საზღვაო სივრცეს წარმოადგენს. ნაცვლად ტურისტების მრავალმილიონიანი ნაკადებისა, 2020-ის ზაფხულის ბოლოს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვა სხვადასხვა  ქვეყნების სამხედრო გემებით, კატარღებითა და საძიებო-სადაზვერვო მცურავი საშუალებებით „გადაიჭედა“. 10 აგვისტოს თურქეთმა სადავო ტერიტორიულ წყლებში გაზის და ნავთობის მაძიებელი მცურავი საშუალება „ორუჯ რეის“-ის საქმიანობის დაწყების შესახებ ტელექსით აცნობა საერთაშორისო სანავიგაციო სტრუქტურებს. ამას, ბუნებრივია, უმწვავესი რეაქცია მოყვა კვიპროსისა და საბერძნეთის მხრიდან.  ამ შეტყობინების გავრცელებიდან სულ რაღაც 2 დღეში ეგვიპტესა და საბერძნეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც სწორედ ამ ტერიტორიული წყლების დემარკაციას ეხება. აგორდა სიტყვების (მადლობა ღმერთს, მხოლოდ სიტყვების) ომი მხარეებს შორის, რომელიც დღემდე გრძელდება. როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, მუქარანარევ გადაძახილებს სამხედრო საზღვაო წვრთნების ჩატრებაც დაემატა, რამაც კიდევ უფრო მეტი დრამატულობა შესძინა ვითარებას. საბერძნეთს და კვიპროსს ყველაზე აქტიურად მხარი ნატო-ს და ევროკავშირის კიდევ ერთმა წევრმა – საფრანგეთმა დაუჭირა. წვრთნებშიც ჩაერთო და უმაღლეს დონეზე ღია, საკმაოდ მკაცრი გაფრთხილებებიც გაუგზავნა თურქეთს. თავის მხრივ, არც თურქეთმა დაიხია უკან. პირიქით, კვლევითი გემების საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასევე გაგზავნა სამხედრო მცურავი საშუალებები და პრეზიდენტმა ერდოღანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ არცერთი საზღვაო მილით უკან დახევას არ აპირებდა. ჩაერია ევროკავშირი, გაერო, ნატო, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საემიროები… ვინ აღარ?!

და მაინც, რა არის მიზეზი/ები? რისთვის მივიდა საქმე იქამდე, რომ დღეს მსოფლიო დიპლომატია, პოლიტიკოსები, საერთაშორისო ექსპერტები და წამყვანი მედია საშუალებები აღარ გამორიცხავენ სამხედრო დაპირისპირებას ერთი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის (მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის) ორ წევრს შორის? 

პირველი, რაც ახსენდება ადამიანს უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კონფლიქტების გამომწვევ მთავარ მიზეზად, ბუნებრივია, არის ენერგომატარებლები – საუბარია დადასტურებული 4 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირისა და 2 მილიარდი ბარელი ნავთობის რეზერვების შესახებ. დამეთანხმებით, სერიოზული მარაგია იმისათვის, რომ მხარეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ენერგო რესურსებისთვის ბრძოლა, სამხედრო კამპანიები და დიპლომატიური ომები არახალია თანამედროვე მსოფლიოსთვის. შავი ოქრო და ცისფერი აირი მთელი რიგი ქვეყნების, რეგიონების, გნებავთ კონტინენტებისაც და მილიარდობით ადამიანის, რიტორიკულად რომ ვთქვათ, ყოფნა/არყოფნის განმსაზღვრელი იყო, არის და კიდევ რამდენიმე ათწლეული იქნება, მაგრამ ამ შეთხვევაში მთავარი პრობლემა იმაშია, რომ დღეს საქმე არა მხოლოდ გაზისა და ნავთობის მოპოვებას, არამედ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ალიანსის შიდა სტაბილურობას ეხება. არ უნდა მისულიყო საქმე აქამდე. L

ენერგომატარებლები, ცხადია არა მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მოიპოვება. 2011 წლიდან მოყოლებული, ნავთობის და გაზის მარაგებით აფრიკაში ყველაზე მდიდარი და მსოფლიოს ათეულში შემავალი ლიბია ხმელთაშუას ყველაზე ცხელ „წერტილად“  ითვლება. პოლკოვნიკი კადაფის რეჟიმის გადაგდების შემდეგ ლიბიაში პრაქტიკულად ერთი დღეც კი არ შეჩერებულა შიდა დაპირისპირება. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში გარე ძალების აქტიურმა ჩარევამ ვითარება კიდევ უფრო მეტად დაძაბა. სამხედრო უპირატესობის მოპოვებას მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰყოფნის. ჰოდა, სწორედ გამარჯვების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი აღჭურვილობას, ზუსტადაც რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გავლით აწვდიან ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს რუსეთი და როგორც ამას ცალკეული ქვეყნები ეჭვობენ, თურქეთი. აი მაგ იარაღების მიწოდება/არ მიწოდებამ იყო, ამ ზაფხულს ფრანგული და თურქული საბრძოლო ხომალდები ერთმანეთს რომ შეაჯახა. კიდევ კარგი, საქმე უფრო შორს არ წავიდა. კაცმა რომ თქვას, რაში ჭირდება კონტრაბანდული გზები იარაღის მისაწოდებლად, მას შემდეგ რაც წლის დასაწყისიდან თურქეთი, გაერო-ს მიერ აღიარებული ლიბიის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე პირდაპირ მონაწილეობს კონფლიქტში საკუთარი შეიარაღებული ძალებით.  

რა იქნებოდა, 2017 წელს დიდი ბრიტანეთის, თურქეთის და საბერძნეთის მედიატორობით და მონაწილეობით კვიპროსის პრობლემა გადაჭრილიყო?! არადა, რა ახლოს იყვნენ. მსოფლიო უკვე „ბრეიქინგ ნიუს“-ისთვის ემზადებოდა. რა იქნებოდა და სულ მცირე, კოვიდიან 2020-ში ზღვაში სამხედრო გემების მაგივრად, ისევ შვეიცარიაში დიპლომატები დაელაპარაკებოდნენ.

წესით, ახლაც უნდა ლაპარაკობდნენ; საგარეო საქმეთა მინისტრები თუ არა, სპეციალური წარმომადგენლები მაინც. როგორ გაუხარდა ალბათ ნატო-ს გენერალურ მდივანს, როდესაც გასულ პარასკევს გამოაცხადა, საბერძნეთი და თურქეთი ტექნიკურ დონეზე მოალაპრაკებებში ჩაერთვებიანო. იგულისხმებოდა სამხედროების შეხვედრა, რათა ზღვაში მოულოდნელი „ავარიები“ თავიდან აეცილებინათ. ჩვენც გავიხარეთ მასთან ერთად, მაგრამ სულ რამდენიმე საათით. საბერძნეთმა განაცხადა, რომ ვიდრე თურქეთი არ შეწყვეტს პროვოკაციულ ქმედებებს რეგიონში, საბერძნეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებენ. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მყისიერად განაცხადა, რომ საბერძნეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ის მზად არის მოპოვებული მარაგების გაყოფისთვის, თუკი ეს სამართლიანი იქნება და რომ თურქეთი ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად არის. ჩრდილოეთ კვიპროსში ფართომასშტაბიანი 5-დღიანი სამხედრო წვრთნების დაწყებაც სწორედ ამ მზაობის დემონსტრირებად უნდა აღვიქვათ.

თურქეთს, საბერძნეთს და კვიპროსს შორის დაპირისპირებას ყურადღებით ადევნებს თვალყურს რუსეთიც. ალიანსს შიგნით პოლიტიკური დაპირისპირება უკვე საუკეთესო სიზმარია კრემლისთვის, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ჟივილ-ხივილი იქნება კრემლში, თუკი ეს დაპირისპირება სამხედრო კონფლიქტში გადაიზრდება (იმედია, არ!!!). მაგრამ…. პუტინს ნამდვილად არ ახარებს, რომ რეგიონში მასზე კერკეტი კაკალი გამოჩნდა. არათუ არ ახარებს, სერიოზულადაც აშფოთებს. მან რამდენჯერმე კბილებიც მოუსინჯა ერდოღანს, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა თითქოს სასწორი რუსეთის სასარგებლოდაც გადახარა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ბოლოს ლიბიაში იყო, პოვარ პრიგოჟინის დაქირავებულ მეომრებს სულ კუდით ქვა რომ ასროლინეს ასქერებმა, რუსული „პანცირები“ კი თურქული დრონების ერთ-ერთი საყვარელი სამიზნე აღმოჩნდა ბოლო პერიოდში.  

საყურადღებოა ამ ყველაფრის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოზიცია. გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კვიპროსის რესპუბლიკისთვის იარაღის მიყიდვაზე 1987 წელს დაწესებული ემბარგოს ნაწილობრივი მოხსნის შესახებ განაცხადა (სხვათაშორის, მაშინაც ეს ემბარგო თურქეთსა და კვიპროსს შორის კონფლიქტის მოგვარების იძულებისკენ მიმართული ნაბიჯი იყო). კვიპროსში აშშ-ს ელჩის ჯუდით გარბერის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას არ აქვს კავშირი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ვითარების ესკალაციასთან. მისი თქმით, ეს ნაბიჯი უფრო მიმართულია რუსეთის კვიპროსში გავლენების შესამცირებლად და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონისძიებათა გატარების სტიმულირებისათვის. საბერძნეთი, რა თქმა უნდა მიესალმა აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მტკიცე პროტესტი გამოხატა და უფლება დაიტოვა ცალმხრივად განახორციელოს ქმედებები აშშ-ს მიმართ, თუკი ეს გადაწყვეტილება არ გაუქმდება. მე კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო რუსეთის გავლენების კვიპროსში და მთელს მსოფლიოში შესუსტების, მაგრამ მართლაც რთული დასაჯერებელია, რომ აშშ-ს მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს არაფერი აქვს საერთო ხმელთაშუა ზღვის რეგიონში არსებულ დაძაბულობასთან. მითუმეტეს, რომ გასულ წელს აშშ მიიღო „აღმოსავლეთ ხმელთაშუას უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული პარტნიორობის აქტი“. საბერძნეთსა და კვიპროსში ემბარგოს შემსუბუქებას სწორედ ამ პარტნიორობის აქტის ფარგლებში გატარებულ ზომად მიიჩნევენ და თურქეთისთვის პირდაპირ გზავნილად განიხილავენ.

ამ დროს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი არის თავიდან ბოლომდე გადართული საპრეზიდენტო კამპანიაში, ახლო აღმოსავლეთიდან ჯარების გაყვანაც ხომ მისი ერთ-ერთი მთავარი დანაპირები და პრიორიტეტია, მაგრამ…. მის ადმინისტრაცია, ცხადია აქვს თავისი გეგმები და ხედვები თურქეთის პრეზიდენტთან ურთიერთობების თვალსაზრისითა და რეგიონში მისთვის განკუთვნილი როლის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ს-400-ების თურქეთის მიერ შესყიდვის შეჩერება ვერ მოხდა, დონალდ ტრამპი მაინც ამჯობინებს მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნოს რეჯეფ ერდოღანთან. ამავე დროს, მას აქვს ბერკეტები (პირველ რიგში, ფინანსური და ეკონომიკური), რომ საჭიროების შემთხვევაში ერდოღანის ამბიციებს ფრთები შეუკვეცოს. ასე რომ, დონალდ ტრამპს არ აქვს განსაკუთრებული რეაქცია, როდესაც აია სოფია მეჩეთად კეთდება, არ აქვს პრობლემა, როდესაც თურქეთი ლიბიაში რუსეთის მხარდაჭერილი მარშალ ჰაფთარის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი ჯარებით ერთვება, მაგრამ ეკონომიკურ კოლაფსამდე შეუძლია მიიყვანოს ქვეყანა, თუკი საქმე ამერიკის მოქალაქე პასტორს ეხება. ემბარგოს შემსუბუქების გადაწყვეტილებასაც სხვა განზომილება ექნება და ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის არსებული ურთიერთობების დონეზე არ აისახება.

მოკლედ გავლენებისთვის, ნავთობისა და გაზის მარაგებზე კონტროლისა და საკუთარი ინტერესების განკტიცებისთვის ბრძოლა გრძელდება, ხოლო ეს ჩვენი საყვარელი და კოვიდის გადამკიდე საოცნებო ხმელთაშუა კვლავაც ყველაზე ფეთქებადსაშიშ საზღვაო სივრცედ რჩება.

მშვიდობა თქვენდა!

გააზიარე